თუმცა სამხედრო ექსპერტები თუ პოლიტოლოგები თანხმდებიან, რომ, თუკი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს, რუსეთს აღარ რჩება რესურსი უკრაინელებზე გადამწყვეტი იერიშის ორგანიზებისთვის. მათთის წარმოუდგენელია, რომ ბელარუსისა თუ სირიის დახმარება, თუკი ეს მოხდება, გარდამტეხი გახდეს რუსეთის მიზნების მისაღწევად.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ბოლო დღეების შეფასებით, უკრაინაში რუსეთის ჯარები წინ ვეღარ მიიწევენ და სახმელეთო შეტევაზე ვეღარ გადადიან. ომის დაწყებიდან 26-ე დღეს, რუსეთის არმიას ჯერ ისევ არცერთი დიდი ქალაქი არ აუღია და ახლა მთელი ძალით მხოლოდ იმას ცდილობს, რომ ხელში ჩაიგდოს ალყაში მოქცეული ქალაქი მარიუპოლი, რომელსაც უკრაინელები გმირულად იცავენ.
- რა რესურსით და რომელი ქვეყნების იმედად რჩება რუსეთის არმია?
- როგორ შეიცვალა რუსეთის საომარი სტრატეგია და რა ტაქტიკური შესაძლებლობები რჩება მას?
- რა არის მისი მიზანი და როდემდე აპირებს რუსეთი ომის გაგრძელებას?
კიევის ინფორმაციით, რუსეთის არმია შეტევის მეორე ეტაპისთვის ემზადება და მებრძოლების შეგროვებას ყველა შესაძლო მიმართულებიდან ცდილობს.
21 მარტს ცნობილი გახდა, რომ ე.წ. დონეცკის რესპუბლიკაში პოტენციური მებრძოლების ასაკი 55-დან 65 წლამდე გაზარდეს; ხოლო ე.წ. ლუგანსკის რესპუბლიკის ტელევიზიით მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ იბრძოლონ უკრაინელების წინააღმდეგ, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს კი, რომლებსაც შეუსრულდათ 18 წელი, კომისარიატში გამოცხადებას სთხოვენ.
„ადამიანური რესურსების დიდი დეფიციტის გამო, მტერი იძულებულია უკრაინის საზღვრებთან მოახდინოს რეზერვის მობილიზება ცენტრალური და შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქებიდან. ასევე ცდილობს მოახდინოს ფარული მობილიზაცია და მხარდაჭერა მოსთხოვოს მოკავშირეების მცირე ჯგუფს. ასევე დამპყრობლები აგრძელებენ პირდაპირ ბრძოლებში უსაფრთხოების ნაწილების ჩართვას, რაც მიანიშნებს კრიტიკულ ვითარებაზე დამპყრობელთა საბრძოლო მოქმედებებში“, - იტყობინება 21 მარტს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო.
შესაძლებელია, რომ რუსეთმა გამოაცხადოს საყოველთაო მობილიზაცია?
სამხედრო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მძიმე ეკონომიკური პრობლემების წინაშე მდგარი რუსეთის მიერ ასეთი ნაბიჯის გადადგმა სრული უაზრობა იქნებოდა.
„ომამდე რუსეთის ხარჯი შეიარაღებულ ძალებზე ბიუჯეტის 5%-ს შეადგენდა, ახლა 10-15%-ია; მაგრამ თუ მობილიზაციას გამოაცხადებენ, ეს ბიუჯეტს სულ მცირე 40-50% დაუჯდება. როგორ გგონიათ, იმ პირობებში, როცა რუსეთს ეკონომიკა [სანქციების გამო] ინგრევა, რუსეთს შეუძლია, რომ ასეთი ხარჯის უფლება მისცეს საკუთარ თავს?! თუკი ისინი მაინც გამოაცხადებენ მობილიზაციას, მათ საბრძოლო მოქმედებებს უკრაინაში მაქსიმუმ 4 თვეს მივცემდი“, - ამბობს აზერბაიჯანელი სამხედრო ექსპერტი, აგილ რუსტამზადე.
ამ ეტაპზე არსებული ცნობებით, რუსეთს ჯარისკაცების მობილიზების იმედი აქვს ბელარუსიდან, სირიიდან და ლიბიიდან.
ბელარუსიდან
უკრაინის გენშტაბმა უკვე რამდენიმე დღეა შეამჩნია ნიშნები იმისა, რომ ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართვისთვის ემზადება. უკრაინიდან უკვე მოხდა ბელარუსის საელჩოს ევაკუაცია. მედიის ცნობით, ბელარუს ჯარისკაცებს უკვე შეაბეს წითელი სამკლავურები, რუსეთის ჯარისკაცების მსგავსად; ხოლო რეზერვისტებს აფრთხილებენ, რომ მობილიზაციის გამოცხადებისთვის იყვნენ მზად.
„თუკი თუნდაც ერთი ბელარუსი ჯარისკაცის ჩექმა გადმოკვეთს საზღვარს, აუცილებლად განადგურდება“, - აცხადებს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ალექსეი დანილოვი. მისი თქმით, შეუძლებელია ლუკაშენკას არ ესმოდეს, რომ ომში ჩართვა ბელარუსის სახელმწიფოს განადგურებამდე მიიყვანს.
სამხედრო ექსპერტების ინფორმაციით, ბელარუსს შეუძლია, რომ რუსეთს უკრაინაში მაქსიმუმ 20 ათასი ჯარისკაცი მიახმაროს, „რაც კრიტიკული არ იქნება უკრაინის არმიისთვის“. ამასთან, მათი აზრით, ლუკაშენკა ძალიან ბევრჯერ უნდა დაფიქრდეს, ვიდრე ასეთ ნაბიჯს გადადგამს.
რუს პოლიტიკურ მიმომხილველს, იუტუბარხის წამყვანს ივან იაკოვინას ბოლომდე არ სჯერა, რომ ლუკაშენკა „ასე გაგიჟდება“, რადგან ასეთი ნაბიჯის გადადგმა მას შეიძლება ხელისუფლების დაკარგვადაც დაუჯდეს.
„ვფიქრობ, რომ ბელარუსი ჯარისკაცები უკრაინელებს მასობრივად ჩაბარდებიან ტყვედ. მათ ომი არ სჭირდებათ უკრაინელებთან. ასევე, ნებისმიერი მამაცი ბელარუსი გენერალი შეძლებს, რომ ამ სიტუაციაში თავისი შენაერთები პირდაპირ ლუკაშენკასკენ მიმართოს. მთელი არმია დაუჭერს მხარს, რადგან ბელარუსის არმიას სძულს ლუკაშენკა. ვფიქრობ, ისინი ბედნიერები იქნებიან, ასეთი შესაძლებლობა თუ ჩაუვარდებათ ხელში“, - ამბობს იაკოვინა.
ბოლო დღეებში გამოჩნდა, რომ ბელარუსებში აშკარა მხარდამჭერები გამოუჩნდნენ არა რუსებს, არამედ უკრაინელებს.
ბელარუსები აქტიურად უშლიან ხელს სამხედრო ტვირთის გადაადგილებას უკრაინის მიმართულებით. მედიის ცნობით, ლუკაშენკას ხელისუფლება აქტიურად ეძებს დივერსიული აქტების მომწყობებს რკინიგზაზე.
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის, სვიატლანა ციხანოუსკაიას მრჩეველი, ფრანაკ ვიაჩორკა ამბობს, რომ „ბელარუსი პარტიზანები“ აქტიურად მოქმედებენ.
„ბელარუსი - პარტიზანების ქვეყანაა. ჩვენი გმირები აჩერებენ რუსულ მატარებლებს, აზიანებენ რუსეთის ტექნიკას, არიგებენ საინფორმაციო ფურცლებს, რათა არ დაუშვან ბელარუსის ჯარი უკრაინაში. უკრაინა გაიმარჯვებს. ბელარუსიც გათავისუფლდება“, - დაწერა ტვიტერზე ვიაჩორკამ. მან ასევე გამოაქვეყნა რუკა, სადაც მონიშნულია რკინიგზის დაზიანებული ადგილები.
უკრაინის რკინიგზის სამმართველოს ხელმძღვანელი ალექსანდრ კამიშინი ირწმუნება, რომ არიან „მართალი ადამიანები ბელარუს რკინიგზელებს შორის“, რომლებიც შეძლებენ „უკრაინისკენ დაძრული სამხედრო ეშელონების შეჩერებას“.
მანამდე, 17 მარტს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსი არესტოვიჩმა მიმართა კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ადამიანებს - დაიწყონ „სარკინიგზო ომი“ რუსეთის წინააღმდეგ და მწყობრიდან გამოიყვანონ ლიანდაგები.
იუტუბარხი „რეალნაია ბალარუსი“ იხსენებს, თუ რამდენჯერ შეცვალა ლუკაშენკამ თავისი საჯარო რიტორიკა უკრაინის მისამართით 2014 წლიდან დღემდე. პერიოდულად ბელარუსის ლიდერი ამბობდა, რომ არასოდეს გახდებოდა უკრაინა-ბელარუსის საზღვარი საომარი მოქმედებების ზონა. მაგრამ ის ახლა რუსეთის ბირთვული იარაღის განთავსების შესაძლებლობებსაც კი უშვებს.
„ჩვენ განვათავსებთ არა მხოლოდ ბირთვულ იარაღს, არამედ ზებირთვულ, პერსპექტიულს [იარაღს] იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ტერიტორია“, - უთხრა მან ჟურნალისტებს და დასძინა, რომ ეს უკრაინისა და მისი დასავლელი მფარველების ქცევაზე იქნება დამოკიდებული.
სირიიდან და ლიბიიდან
უკრაინის ხელისუფლება შეუძლებლად მიიჩნევს, რომ სირიის ლიდერი, ბაშარ ალ-ასადი შეასრულებს დაპირებას და რუსეთს 40 ათას ჯარისკაცს დაახმარს. როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ვადიმ დანისენკომ უთხრა ჟურნალისტებს 17 მარტს, სირიის არმია სულ 100-130 ათას ჯარისკაცს ითვლის და 40 ათასი ჯარისკაცის უკრაინაში გამოგზავნის შემთხვევაში, ასადი ძალაუფლებას დაკარგავს, რადგან „მისი ყველა შიდა მტერი წამოწევს თავს“.
სამხედრო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სირიამ რუსეთისთვის შესაძლოა, ყველაზე ბევრი, 20 ათასი ჯარისკაცის გამოგზავნა შეძლოს და ისიც „მსუბუქი ქვეითების“, რომლებიც პრაქტიკულად ვერაფერს გააკეთებენ უკრაინის არმიასთან ბრძოლაში.
სხვადასხვა წყაროს ცნობით, სირიამ მიიღო დავალება, რომ რუსეთს ყოველდღე 300 ჯარისკაცი გაუგზავნოს. ისინი არ არიან მოხალისეები და, კიევის ცნობით, უკრაინასთან ომს გასამრჯელოს სანაცვლოდ დათანხმდნენ. ჯერჯერობით არ არის ცნობები, ჩაებნენ თუ არა ისინი უკვე ბრძოლებში.
რაც შეეხება ლიბიას, ეს საკითხი ჯერჯერობით კვლავ ვარაუდის დონეზეა.
„ლიბიის ეროვნული არმიის ხელმძღვანელის მოსკოვში ვიზიტის დროს, შედგა შეთანხმება, ლიბიელი „მოხალისეების“ უკრაინაში გაგზავნის შესახებ, რუსეთის ფედერაციის მხარეს ბრძოლის მიზნით“, - „უნიანის“ ცნობით, ასეთი განცხადება უკრაინის არმიის გენერალურ შტაბში 20 მარტს გაკეთდა.
ამავე წყაროს ცნობით, ლიბიელი სამხედროების უკრაინაში გადაყვანას უზრუნველყოფს კერძო სამხედრო კომპანია „ლიგა“ (ყოფილი „ვაგნერი“).
უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთი ამაოდ ცდილობს უკრაინელების შეშინებას უცხოელი დაქირავებულებით. კიევის თქმით, ასეთივე ფუჭი იყო განცხადებები „კადიროველების“ უძლეველობის შესახებაც.
შეცვლილი სტრატეგია
„აგიხსნით, რატომ ვძულვართ ჩვენ [რუსები] ასე ძალიან - ჩვენ წმინდა საქმეს ვაკეთებთ... აგერ, [მაყურებელი] მწერს - ადამიანის მოკვლა წმინდა საქმეაო?! აგიხსნი, რომ ნაციზმთან ბრძოლაა წმინდა საქმე. გაიგე, შე ნაცისტო არაკაცო? ... ჩვენ [უკრაინაში] ხალხს და მიწას ნაციზმისგან ვათავისუფლებთ“, - რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტი, ვლადიმირ სოლოვიოვი თავის გადაცემებში ჯერ ისევ უკრაინის „დენაციფიკაციის“ იდეას უჭერს მხარს და უკრაინაში დაღვრილ სისხლსაც ამით ამართლებს. სოლოვიოვი პრინციპულად არ იმჩნევს, რომ სიტყვა „დენაციფიკაცია“ კრემლმა თავისი თავდაპირველი მიზნების ჩამონათვალიდან გააქრო.
კრემლისტი ექსპერტები და ანალიტიკოსები „დენაციფიკაციის“ მიღმა კიევის აღებასა და უკრაინის ხელისუფლების დამხობის გეგმას ვარაუდობდნენ.
ვლადიმირ სოლოვიოვი ხშირად იმეორებს, რომ რუსეთის არმიას კიევის დასრულება ერთ წამში შეეძლო ჰიპერბგერითი იარაღით, მაგრამ ამას არ აკეთებს იმიტომ, რომ „მშვიდობიან მოსახლეობას უფრთხილდება“. თუმცა უკვე თითქმის მთელი მსოფლიო, სწორედ მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივად დახოცვის გამო, რუსეთის ხელისუფლებას ომის დანაშაულებში სდებს ბრალს.
დღეს უკვე ყველასათვის, და მათ შორის - კრემლის მომხრეებისთვისაც, ნათელია, რომ, უკრაინის ტერიტორიაზე დაქსაქსული რუსული არმია, ამ ეტაპზე არსებული რესურსით, ვერაფრით შეძლებს კიევის აღებას. ოკუპანტები კიევს, ისევე როგორც სხვა დიდ ქალაქებს, ძირითადად დისტანციურად - ბომბებითა და რაკეტებით უტევენ.
„თუკი კიევის აღების იდეა არსებობდა, ალბათ, არსებობდა იმ წარმოდგენიდან გამომდინარე, რომ კიევი მზად იყო დანებებისთვის... საერთოდ არ მესმის, რისი იმედი ჰქონდათ [რუსეთს] კიევთან დაკავშირებით... რაღაც უცნაური, უტოპიური წარმოდგენებია... გაურკვეველია, რას ეფუძნებოდა ილუზიები, რომ უკრაინული ქალაქები და განსაკუთრებით კიევი, მწიფე ხილივით ჩაუცვივდებოდათ ხელში... კიევის აღება, სადაც ახლა 60 ათასი შეიარაღებული ადამიანია, შეუსრულებელი ამოცანაა ამჟამად მოქმედ ფორმატებში“, - ეუბნება „ГРЭМ“-ს ანტიდასავლელი რუსი ჟურნალისტი, ყოფილი პოლიტიკოსი მაქსიმ შევჩენკო.
შევჩენკოს შეფასებით, ამ ეტაპზე ბრძოლის ველზე შექმნილი ვითარების მიხედვით, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება წაგებიანი იქნება რუსეთისთვის და ვარაუდობს, რომ ახლა რუსეთი ცდილობს დააგროვოს რაღაც კაპიტალი მაინც - რათა უფრო მოგებიანად წარდგეს უკრაინასთან მოლაპარაკებებში.
„ისეთი მსხვერპლია უკვე გაღებული და უზარმაზარი დანაკარგებია - როგორც ადამიანური, ასევე პოლიტიკური... აუცილებელია, რომ რაღაც მიზნები იქნეს მიღწეული. მაგალითად, უნდა გავიდნენ ДНР-ისა და ЛНР-ის საზღვრებზე, როგორც რუსეთის მიერ აღიარებული ამ რესპუბლიკების კონსტიტუციაშია. აქამდე ჯერ ისევ შორია. უკრაინა არათუ მხოლოდ ეწინააღმდეგება, არამედ მნიშვნელოვნადაც უტევს. იქ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. გორლოვკასთან, დონეცკთან ახლოს, მარიუპოლთან, ავდეევკასთან ახლოს მძიმე ბრძოლებია... ამ დაჯგუფების ალყაში მოქცევა არ გამოვიდა, რადგან ამ გეგმისთვის გამოყოფილი რესურსი აშკარად არასაკმარისი აღმოჩნდა... რუსეთის მხრიდან საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდება ხილული შედეგების მიღწევამდე“, - ამბობს შევჩენკო.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსი არესტოვიჩი აცხადებს, რომ თავდასხმის მეორე ეტაპი, თუკი მან ეს მოახერხა, საბოლოო იქნება რუსეთისთვის და ამის შემდეგ ის საბოლოოდ გადავა თავდაცვის რეჟიმში, რასაც პოზიციური ბრძოლები მოჰყვება; ხოლო უკრაინელი მებრძოლები და "ტერიტორიული თავდაცვა" საკუთარ მიწაზე ბევრად უფრო მოგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდებიან და იოლად გაანადგურებენ მოწინააღმდეგეს.
დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტები დარწმუნებით აცხადებენ, რომ რუსეთს უკრაინის ქალაქებზე საჰაერო შეტევებისთვის 7-10 დღის რესურსი დარჩა. კიევის ცნობით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკვე 15 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაეღუპა და 10-დან 4 არმია გაუნადგურდა.
რუსეთის ფედერაციის არმია უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა ქვეყნის რამდენიმე დღეში დამორჩილების გეგმით, მაგრამ მას „ბლიცკრიგი“ ჩაეშალა. სამხედრო სპეციალისტების თანხმდებიან, რომ რუსეთის ხელისუფლებამ სათანადოდ ვერ შეაფასა უკრაინული არმიისა და ხალხის შესაძლებლობები და თავისუფლებისთვის ბრძოლის მოტივაცია.