Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი: რუსეთი სირიელ და ლიბიელ დაქირავებულებს 300-600 დოლარს გადაუხდის


სირიის ლიდერი ბაშარ ალ-ასადი და სირიელი ჯარისკაცები. 2019 წელი.
სირიის ლიდერი ბაშარ ალ-ასადი და სირიელი ჯარისკაცები. 2019 წელი.

რუსეთი განაგრძობს დაქირავებულების მოზიდვას სირიიდან და ლიბიიდან - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, „პუტინის რუსეთმა გახსნა რეკრუტირების 14 ცენტრი სირიაში, ბაშარ ალ-ასადის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე“.

თავდაცვის სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ დაქირავებულები ხანმოკლე წვრთნას გაივლიან ადგილზე და შემდეგ Ту-134 და Ту-154 ტიპის თვითმფრინავებით მოხდება მათი გადაყვანა რუსეთის ტერიტორიაზე, საიდანაც ისინი უკვე უკრაინასთან ომში ჩაერთვებიან.

„ბოლო დღეებში რუსეთმა უკვე შეაგროვა რამდენიმე ათასი სირიელი დაქირავებული საოკუპაციო ჯარებისთვის... ვარაუდობენ, რომ სირიელები უკრაინელების წინააღმდეგ გამოიყენებენ მძიმე არტილერიას და სნაიპერის შეიარაღებას.

ასევე დადასტურებულია ინფორმაცია უკრაინაში ბრძოლისთვის ლიბიელების მომზადების შესახებ. რუსეთი დაქირავებულებს ყოველთვიურად გადაუხდის 300-დან 600 დოლარამდე“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო.

სირიელების დახმარებით სარგებლობის გადაწყვეტილება ექსპერტების დიდმა ნაწილმა ჩათვალა იმის დასტურად, რომ კრემლს უკრაინაში დამარცხების რეალური შიში გაუჩნდა. პროკრემლისტური მედია და ანალიტიკოსები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ სირიელები არა დაქირავებულები, არამედ მოხალისეები არიან და რუსეთი მათ გასამრჯელოს არ გადაუხდის. სირიელების დახმარებაზე თანხმობა ვლადიმირ პუტინმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა.

რუსეთი მუდმივად უჭერდა მხარს ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებას, რომელმაც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა.

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის არმია 24 თებერვალს შეიჭრა. რუსი სამხედროები უმოწყალოდ ბომბავენ საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებსა თუ სამშობიარო სახლებს. უკრაინის ხელისუფლების ბოლო ინფორმაციით, დაღუპული ბავშვების რიცხვმა უკვე 85-ს მიაღწია. ომმა, ორივე მხარეს, უკვე იმსხვერპლა ათასობით ადამიანის სიცოცხლე.

XS
SM
MD
LG