ანტისაჰაერო თავდაცვა უკრაინული არმიის ყველაზე სუსტი მხარეა. ომის 22 დღის მანძილზე რუსული ავიაციის და მძიმე არტილერიის სამიზნე უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა და სამხედრო ობიექტებიდან მოშორებული საცხოვრებელი დასახლებები მრავალჯერ გახდა. კიევში იმედი აქვთ, რომ მალე შეძლებენ ამ ყველაფერს წერტილი დაუსვან და ამის საშუალებას მათ დასავლელი პარტნიორების მიერ მიწოდებული იარაღის ახალი პარტია მისცემთ. პარალელურად, კიევი ლაპარაკობს აშშ-ის გეგმაზე, რომელიც „300-ჯერ უფრო ეფექტიანი“ იქნება მანამდე მოთხოვნილ „ცის ჩაკეტვაზე“.
- რა ტიპის შეიარაღებით ივსება უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები და რის საშუალება ექნებათ სამხედროებს?
- რა მდგომარეობაა ბრძოლის ველზე - რას ეყრდნობა არა მხოლოდ უკრაინის იმედი, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში დამარცხდება?
„უახლოეს პერიოდში ისე ჩავკეტავთ ცას, რომ ფრენას ვეღარავინ შეძლებს... ისინი იარაღს გვაძლევენ. საკითხი გადაჭრილია“, - თქვა 16 მარტს, „ФейгинLIVE“-ის ეთერში უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, ალექსი არესტოვიჩმა. მისი შეფასებით, დასავლელი პარტნიორების მიერ მიწოდებული შეიარაღებით, უკრაინის არმია გამანადგურებელი იერიშების უდიდეს ნაწილს მოიგერიებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ თუკი უკრაინას ექნება „საკმარისი იარაღი თავის დასაცავად“ და ასევე „სანქციებით რუსეთის ზეწოლა გაგრძელდება“, მაშინ ყველაფერ „დანარჩენს უკრაინა გააკეთებს“.
16 მარტს ცნობილი გახდა, რომ ნატოს სხვა წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინას უფრო მეტი, უფრო მრავალფეროვანი შეიარაღების უფრო სწრაფად გადაცემის პირობა მისცეს. მეტი დახმარების ამბავი ვაშინგტონში პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, ხოლო ბრიუსელში - ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
ვიდრე ჯო ბაიდენი უკრაინისთვის დამატებით 800 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ამბავს გაახმაურებდა, რამდენიმე საათით ადრე, ამერიკელ კონგრესმენებს ვირტუალურად მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მათ ასეთი ალტერნატივა შესთავაზა - ან ჩაკეტეთ ცა, ანდა მოგვაწოდეთ საჭირო თავდაცვის სისტემები.
„მე საჭიროება მაქვს, მე მჭირდება ჩვენი ცის დაცვა. მე მჭირდება თქვენი დახმარება“, - მიმართა ზელენსკიმ ამერიკელებს. უკრაინის პრეზიდენტმა იქვე ახსენა პრეზიდენტი ბაიდენიც და მას „მსოფლიოს ლიდერობა“ და „მშვიდობის ლიდერობა“ უსურვა.
„უკრაინას მივცემთ იარაღს, რათა მან იბრძოლოს და თავი დაიცვას მომავალ რთულ დღეებში“, - თქვა ბაიდენმა რამდენიმე საათში და განმარტა, რომ აშშ უკრაინას უგზავნის დამატებით ანტისარაკეტო სისტემებს, ჯავშანსაწინააღმდეგო იარაღს და დრონებს.
ამერიკელმა კანონმდებლებმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა საერთაშორისო მედიას დაუდასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის გზავნილებს შორის არის როგორც Stinger-ები და Javelin-ები, ასევე უპილოტო საფრენი აპარატები - Switchblade (დასაკეცი დანა), რომელსაც „კამიკაძე დრონებსაც“ უწოდებენ.
უკრაინისთვის გამიზნულ შეიარაღებაში Switchblade-ის გამოჩენას დახმარების ახალ ეტაპზე გადასვლად მიიჩნევენ სამხედრო სფეროს სპეციალისტები, რადგან ვაშინგტონი უკრაინას აქამდე ძირითადად მხოლოდ ანტისატანკო სისტემებს აწვდიდა. საერთაშორისო მედიის ცნობით, ამერიკელმა სამხედროებმა Switchblade-ები პირველად 2011 წელს, ავღანეთის მისიაში გამოიყენეს.
„2020 წელს, ყარაბაღის კონფლიქტის დროს, აზერბაიჯანმა სომხეთის წინააღმდეგ ფართოდ გამოიყენა ისრაელში წარმოებული „კამიკაძე დრონები“ და ვნახეთ, როგორი წარმატებაც მოუტანა მას ამან. „კამიკაძე დრონები“ ერთჯერადი გამოყენებისაა, რადგან ის ბომბს კი არ აგდებს, არამედ თავად ფეთქდება. აშშ-ის მიერ წარმოებული Switchblade-ები მსუბუქია, სამართავად მას ერთი ადამიანი ჰყოფნის, დაახლოებით 100 კმ/სთ-ში სიჩქარით დაფრინავს და დაახლოებით 10 კილომეტრის რადიუსში შეუძლია მოქმედება“, - განმარტავს რადიო თავისუფლებასთან სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის, „არსენალის“ მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი.
მისი თქმით, რადგან Switchblade-ი სულ 2.5 კგ-ს იწონის, ის „ჯაველინის“ მსგავსად ვერ მოერევა ტანკის ჯავშანს, თუმცა იოლად შეუძლია ჯავშანტრანსპორტიორებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების აფეთქება.
უკრაინისთვის გადასაცემ ახალ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს შორის განსაკუთრებით საყურადღებოა სარაკეტო-საზენიტო კომპლექსი С 300-ის ე.წ. ოჯახიდან რომელსაც, თეთრი სახლის ინფორმაციით, საგანგებოდ ითხოვდა პრეზიდენტი ზელენსკი. 16 მარტს თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ საკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვაშინგტონი აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს მოკავშირეებთან უკრაინისთვის საჭირო იარაღის თავმოსაყრელად.
С 300 რუსეთის წარმოების ანტისაჰაერო თავდაცვის კომპლექსია, რომელიც ფრთოსან რაკეტებს ანადგურებს. რუსული წყაროების მიხედვით, გამოიყენება, მაგალითად, „მსხვილი სამრეწველო და ადმინისტრაციული ობიექტების და სამხედრო ბაზების დასაცავად“.
გადამტაცი რაკეტების ტიპების მიხედვით, С 300-ის მოქმედების მანძილი რამდენიმე კილომეტრიდან 200 კილომეტრსაც აღწევს. CNN-ის ცნობით, სლოვაკეთი თანახმაა, რომ С 300-ები გადასცეს უკრაინას. რუსული წარმოების კომპლექსებზე არჩევანი იმიტომ კეთდება, რომ, სპეციალისტების აზრით, მათი მოხმარება გაცილებით უფრო იოლი იქნება უკრაინელი სამხედროებისთვის.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ ვალასმა Reutrers-ს დაუდასტურა ინფორმაცია უკრაინისთვის Starstreak-ის სისტემის ულტრათანამედროვე და მძლავრი საზენიტო კომპლექსების გადაცემის შესახებ. მისი მოქმედების არეალი დაახლოებით 7 კმ-ს შეადგენს და ძალიან ეფექტიანია მოწინააღმდეგის თვითმფრინავების გასანადგურებლად.
ამ ტიპის ანტისაჰაერო სისტემები ჯერჯერობით არ იყო უკრაინის შეიარაღებაში და ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მათ გამოსაყენებლად უკრაინელი ოპერატორების გარკვეული მომზადება იქნება საჭირო.
16 მარტს, როდესაც ამერიკელ კონგრესმენებს მიმართავდა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოიერიშე თვითმფრინავების საჭიროებაზეც ილაპარაკა. მათი მიღება კიევისთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, რომელსაც ამ დრომდე ვერ მიაღწია.
იმის გამო, რომ ომის არეალის გაფართოებისა და პუტინის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეებს ხედავენ, ნატოს ქვეყნები ვერ ახერხებენ მოიერიშე თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემას. ეს საკითხი ბოლო კვირების ერთ-ერთი მთავარი სადისკუსიო თემა იყო.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, ალექსი არესტოვიჩმა 16 მარტს, იმავე გადაცემაში თქვა, რომ ამერიკელები კიდევ უფრო ეფექტიანი ნაბიჯის გადადგმასაც განიხილავენ და ეს არის „რუსეთის ფედერაციის საზღვაო ბლოკადა“. მას შესაძლებლად მიაჩნია, რომ ამერიკამ „უბრალოდ არ მისცეს რუსეთის გემებს უფლება საერთაშორისო მარშრუტებზე გასასვლელად“.
„აი, ეს [მექანიზმი] 300-ჯერ უფრო ძლიერია, ნებისმიერ არასაფრენი ზონის დაწესებაზე“, - ამბობს ის.
თავდაცვის მინისტრების რიგგარეშე სამიტის შემდეგ, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსის ქვეყნები მზად არიან უკრაინისთვის მეტი დახმარების აღმოსაჩენად.
„თავდაცვის მინისტრებმა გააძლიერეს მესიჯი, რომ მნიშვნელოვანია უკრაინის დახმარება სამხედრო აღჭურვილობით, თანამედროვე აღჭურვილობით - საჰაერო თავდაცვის სისტემებით, ანტისატანკო იარაღით და სხვა მრავალი სახის მხარდაჭერით... მოკავშირეები ერთიანი არიან უკრაინისთვის დახმარების გაწევაში თავდაცვის კუთხით; მაგრამ ალიანსის წევრებს ასევე ერთიანი პოზიცია აქვთ იმ საკითხზე, რომ ნატომ არ უნდა განათავსოს თავისი ძალები უკრაინის ხმელეთზე თუ საჰაერო სივრცეში“, - თქვა იენს სტოლტენბერგმა.
სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, გადამდგარი გენერალ-მაიორი, გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ ავიაგამანადგურებლები არ წარმოადგენენ ერთადერთ საშუალებას, რომელიც ომში „ცის ჩაკეტვას“ უზრუნველყოფს. როგორც მან რადიო თავისუფლების პროგრამა „დილის საუბრებში“ სტუმრობისას განმარტა, ახალი შეიარაღება უკრაინას ციდან თავდასხმების მოგერიების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს მისცემს.
„ომის ერთ-ერთი პარადოქსია ის, რომ ავიაცია ითვლება ყველაზე არამობილურ სახეობად. ის მიბმულია სახმელეთო ბილიკზე, სჭირდება სახმელეთო მომსახურება - ინჟინრები, მეხანძრეები, ექიმები და ასე შემდეგ... მთელი სისტემაა. ის, რასაც დღეს ნატოს ქვეყნები აწვდიან უკრაინას, სამხედრო თვალსაზრისით, შესაძლოა, უფრო ეფექტიანიც იყოს და უკრაინამ შეივსოს ის სიცარიელე, რაც ახლა აქვს“, - ამბობს კაპანაძე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინამ რუსეთის ფედერაციას სამხედრო შესაძლებლობების 40% გაუნადგურა. კიევში ვარაუდობენ, რომ მალე რუსეთის არმია აქტიურ თავდასხმებს ვეღარ შეძლებს, თავდაცვის რეჟიმში გადავა და ასეთ პირობებში, შესაძლოა, უკრაინელებმა თავდამსხმელი აპრილის ბოლომდე „შეჭამონ“.
კრემლის პროპაგანდისტმა ჟურნალისტმა, ვლადიმირ სოლოვიოვმა, რომელსაც უკვე კარგა ხანია უწევს ომის ტემპებით უკმაყოფილო რუს სამხედრო ექსპერტებთან საუბარი, 15 მარტს საკუთარი გადაცემიდან თავად შეახსენა რუსეთის არმიას მარტივი ჭეშმარიტება.
„მინდა მივმართო ჩვენს სამხედროებს, რომლებიც შესანიშნავად ასრულებენ თავიანთ საქმეს, გმირები არიან და ამისთვის მათ დიდი მადლობა... მაგრამ იქნებ აქვს აზრი, გააძლიეროთ დაჯგუფება უბრალოდ იმისთვის, რომ ცოტა დააჩქაროთ პროცესი... რადგან, რაც უფრო დიდხანს გრძელდება პროცესი, უფრო მეტი შეიარაღება მოგეწოდებათ და ამ ყველაფერში გარკვევა შემდეგ უფრო მკაცრად მოგვიწევს“, - მიმართა სოლოვიოვმა რუს სამხედროებს, მუქარანარევი ქებითა და გაფრთხილებით.
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 16 მარტს თქვა, რომ რუსეთმა ძალიან არაადეკვატურად შეაფასა უკრაინის შესაძლებლობები - კარგად მომზადებული, თავგანწირვით მებრძოლი უკრაინელები და ქვეყნის ხელისუფლება. თუმცა ნატოს გენერალური მდივანი ამბობს იმასაც, რომ - ადეკვატურად უნდა შეფასდეს რუსეთის არსენალში დარჩენილი შესაძლებლობებიც და განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ რუსეთს ბირთვული იარაღი აქვს.