Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი აშშ-ის კონგრესს: "ჩვენ თქვენ გვჭირდებით"


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესს ვიდეოჩართვით მიმართა სიტყვით და აჩვენა ემოციური ჩანაწერი, რომელიც ასახავს უკრაინაში რუსეთის ომის შემზარავ შედეგებს. ზელენსკი კიდევ ერთხელ გამოვიდა მოწოდებებით, უკრაინას გაეზარდოს სამხედრო დახმარება, რათა საჰაერო სივრცის დაცვა უკეთესად იყოს შესაძლებელი. მან ასევე მოითხოვა რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესება და იქიდან აშშ-ის ყველა ბიზნესის გასვლა.

"რუსეთმა უკრაინის ცა გადააქცია ათასობით ადამიანის სიკვდილის წყაროდ", - თქვა ზელენსკიმ კონგრესისადმი ვიდეომიმართვაში.

თავის ქვეყანაში რუსეთის ომის შემზარაობა ზელენსკიმ შეადარა პერლ-ჰარბორს და 11 სექტემბრის თავდასხმებს.

"ეს არის ტერორი, რომელიც ევროპას არ უნახავს, არ უნახავს 80 წელიწადია", - ამბობს ზელენსკი.

"გახსოვთ პერლ-ჰარბორი, 1941 წლის 7 დეკემბრის საზარელი დილა, როცა თქვენი ცა შავი იყო თქვენზე თავდამსხმელი თვითმფრინავებისგან?" - თქვა ზელენსკიმ, რითიც გაიხსენა საჰაერო იერიში, რომელმაც აშშ მეორე მსოფლიო ომში ჩართო.

"გახსოვთ 11 სექტემბერი, 2001 წლის საშინელი დილა, როცა ბოროტებამ თქვენი ქალაქები, დამოუკიდებელი ტერიტორიები ბრძოლის ველად გადააქცია?" - ამბობს ზელენსკი და დასძენს: "ჩვენი ქვეყანა ამას განიცდის ყოველდღიურად".

ზელენსკის თქმით, აშშ-მა რუს დეპუტატებს სანქციები უნდა დააკისროს და იმპორტის ბლოკირება უნდა განახორციელოს.

"ჩვენ თქვენ ახლა გვჭირდებით", - ამბობს ზელენსკი და დასძენს: "მოგიწოდებთ უფრო მეტი გააკეთოთ".

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავს იკავებს ზელენსკის თხოვნის შესრულებისგან უკრაინაში საომარი თვითმფრინავების გაგზავნის თაობაზე, რადგან ეს რუსეთთან ომის ესკალაციის საფრთხეს შეიცავს. ამის ნაცვლად, ბაიდენი ოთხშაბათს სიტყვით გამოვა და უკრაინას უსაფრთხოების სფეროში დახმარების სახით დამატებით 800 მილიონ დოლარს გამოუყოფს.

XS
SM
MD
LG