Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლად დავიდზონი: "შეადარეთ მხნე ზელენსკი ნახევრად გახრწნილ პუტინს"


„მთელ მსოფლიოს და პირადად ჩემს მეუღლეს ვამცნე "სიენენის" ეთერით, რომ ოდესაში, ჩემს საყვარელ ქალაქში დაბრუნებას ვაპირებდი, რადგან მიმაჩნდა, რომ ჩემი ადგილი იქ იყო”, - უყვება რადიო თავისუფლებას პარიზელი ჟურნალისტი, ვლადისლავ დავიდზონი. ოდესაში მან ვერ ჩააღწია. ამის ნაცვლად, მეუღლის უკრაინელი ნათესავების საფრანგეთში გადმოყვანა მოუწია მოლდოვისა და რუმინეთის გავლით. „მახსოვს ბუქარესტში, უკრაინიდან დევნილი ათასობით ადამიანისგან შემდგარ რიგში ვიჯექი და ცივ, უგემურ შაურმას ვჭამდი - თან ჩემს დაბადების დღეზე. ვფიქრობდი, ნეტა სად შევცდი, რა გადაწყვეტილება მივიღე არასწორად ცხოვრებაში, რომ დღეს, 37 წლისას, რუმინეთ-უკრაინის საზღვარზე წითელი ჯვრის მიერ მოწოდებული ცივი შაურმის ჭამა მიწევს-მეთქი...”

მხარეებს შორის ძალთა უთანასწორობა გაათანაბრა რუსული არმიის გამაოგნებელმა არაკომპეტენტურობამ და სიბრიყვემ.

„ოდესიდან - სიყვარულით” - ასე ჰქვია დავიდზონის ახლახან გამოცემულ წიგნს. უკრაინასა და უფრო ფართოდ, პოსტსაბჭოთა სივრცეს დავიდზონი წლებია იკვლევს და ფრანგული გამოცემა „ტაბლეტისა” და ატლანტიკური საბჭოს საფრანგეთის ევრაზიის ცენტრისთვის წერს.

რადიო თავისუფლება: ოდესა - რატომ არ ცდილობს რუსეთი ქალაქის ზღვის მხრიდან აღებას?

ვლადისლავ დავიდზონი: რამდენიმე მიზეზია და პირველი და ყველაზე მარტივი - ამინდი. გუშინდლამდე (ინტერვიუ ჩაიწერა 14 მარტს) ძალიან ცუდი ამინდი იყო. მეორე მიზეზი - ცდილობენ, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, ჯერ მარიუპოლი აიღონ და შემდეგ იქიდან საზღვაო იერიშს სახმელეთო ძალები და არტილერია შეაშველონ. და მესამე - ნაპირი დანაღმულია, რაც ნიშნავს, რომ პირდაპირი, ტრადიციული იერიში რუსებს უზარმაზარ მსხვერპლად დაუჯდებათ. თავისთავად ცხადია, შეუძლიათ ქალაქი გემებიდან დაბომბონ, მაგრამ ეს ნიშნავს ოდესის, როგორც სამკაულის და ისტორიული ქალაქის განადგურებას, ეს კი, ვფიქრობ, რუსების გეგმაში არ შედის, ოდესა ზედმეტად ფასეულია მის ნანგრევებად საქცევად.

ვლადისლავ დავიდზონი
ვლადისლავ დავიდზონი

რადიო თავისუფლება: რატომ არ დაეცა უკრაინა სამ დღეში, როგორც ამას ასე დაბეჯითებით გვიმტკიცებდა ამერიკული დაზვერვა?

დავიდზონი: აქაც რამდენიმე მიზეზია. პირველ რიგში იმიტომ, რომ მხარეებს შორის ძალთა უთანასწორობა გაათანაბრა რუსული არმიის გამაოგნებელმა არაკომპეტენტურობამ და სიბრიყვემ, ამ სიბრიყვეს კი მხოლოდ რუსულ არმიაშივე გამეფებული კორუფცია თუ შეედრება. საკუთარ შესაძლებლობებზე მათ წარმოდგენებსა და რეალობას შორის უბრალოდ უფსკრულია. მათ უგულებელყვეს კლასიკური რუსული სამხედრო დოქტრინა - ჯერ დაბომბე და შემდეგ შეიყვანე ჯარები - როგორც ჩეჩნეთსა და საქართველოში გააკეთეს. და, თავისთავად ცხადია, ისინი არ ელოდნენ ამ მასშტაბის წინააღმდეგობას მოსახლეობისგან. ვერასდროს იფიქრებდნენ, რომ უკრაინელებს ასე სძულდათ რუსები - ისინი ელოდნენ, რომ რუსულენოვანი მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდოდა და მათ მიესალმებოდა, უკრაინული ჯარი კი გაიქცეოდა. ვერ გათვალეს დასავლეთის სამხედრო დახმარებაც და ის, თუ რა კარგად ისწავლეს უკრაინელმა ჯარისკაცებმა დასავლური შეიარაღების გამოყენება. სიმართლე რომ ითქვას, უკრაინისგან ამხელა კომპეტენციას დასავლეთიც არ ელოდა, იქაც ფიქრობდნენ, რომ უკრაინა ერთი-ორჯერ გაიფართხალებდა და შემდეგ დანებდებოდა - დაავიწყდათ, რომ უკრაინელები თავიანთ სახლს, თავიანთ მიწას იცავდნენ. დიდი ფაქტორი იყო ისიც, რომ რუსეთმა პოლიციის დანაყოფებისა და ახალწვეულების გამოგზავნაც „იკადრა“, თანაც ისე, რომ არც აუხსნა ამ ხალხს, სად და რისთვის უშვებდა - მათ სასაკლაოზე წასვლის არანაირი სურვილი არ აქვთ და ამიტომაც ბარდებიან ტყვედ და ტოვებენ ჯავშანტექნიკას. დაბოლოს, კრემლში პოლიტიკური ელიტა სამხედრო ხელმძღვანელობამ დააღალატა, რადგან არმიის მოდერნიზების ნაცვლად რუსმა გენერლებმა ფული თავად ჩაიჯიბეს.

ზელენსკი უკვე ისტორიაშია შესული, მიუხედავად იმისა, მოიგებს თუ არა ამ ომს. ზელენსკის ძეგლები დაიდგმება, საკითხავი ისაა, მანიტობაში, ჩიკაგოსა და ტორონტოშიც დაიდგმება მისი ძეგლი, თუ მხოლოდ უკრაინაში.

რადიო თავისუფლება: „პუტინი ხვდება, რომ დასავლეთს მისი ნახვა ან ჰააგაში სურს, ან განდევნილი, ან საერთოდ მოკლული. შესაბამისად, დასაკარგავი არაფერი აქვს“, - ასე აღწერეთ რუსეთის პრეზიდენტის მდგომარეობა. ყველაფერი ან არაფერი - ეს ხომ პუტინის საყვარელი თამაშია, წლებია ამას თამაშობს, დასავლეთი კი ფეხს ითრევს. როგორ მოხდა, რომ ფსონი ვერ გათვალა?

დავიდზონი: პოკერის ტერმინით რომ გიპასუხოთ, ხელში ძალიან ცოტა „კარტი“ შემორჩა, რადგან მანამდე რიგი არასწორი ფსონები გააკეთა. საერთოდ არ უნდა გაეხსნა „კარტი“, სხვა ხერხებიც არსებობდა იმის მისაღწევად, რაც სურდა, მაგრამ ჩათვალა, რომ თუ ყველაფერს ჩამოვიდოდა, მოწინააღმდეგე ბანქოს დაყრიდა და არ „გამოყვებოდა“. ეს დიდი წინდაუხედაობა იყო. მას არასწორი ინფორმაცია ჰქონდა, მისი სტრატეგია ხარვეზებით აღმოჩნდა სავსე - მაგალითად, საკმარისი კაპიტალი არ დააბრუნა საზღვარგარეთიდან რუსეთში. რომ სცოდნოდა, რად დაუჯდებოდა ეს ყველაფერი, დარწმუნებული ვარ, არასოდეს გარისკავდა ასე. ფაქტია, რომ მან მეტოქე ვერ წაიკითხა.

რადიო თავისუფლება: მოლაპარაკებები კრემლთან - რა არის ის მინიმუმი და მაქსიმუმი, რისი შეთავაზებაც შეუძლია უკრაინას, რაზე დაყაბულდებიან რუსები?

დავიდზონი: ყოველი ბრძოლა, რომელიც უკრაინელების გამარჯვებით მთავრდება, კრემლის მოთხოვნების თამასას დაბლა სწევს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მხარეები ჯერ კიდევ ძალიან შორს არიან შეხების წერტილიდან. თანაც, უკრაინელებზე ვერავინ იტყვის, რომ აგებენ - მათ შეინარჩუნეს კონტროლი სასიცოცხლო მნიშვნელობის ქალაქებზე, გარდა ალბათ მარიუპოლისა - ვშიშობ, შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში აზოვის ზღვასა და მარიუპოლზე რუსეთი სრულ კონტროლს დაამყარებს, თუ არ ვიხილეთ მასშტაბური უკრაინული კონტრშეტევა, რომელიც კიევს უზარმაზარ ფასად დაუჯდება, თუნდაც წარმატებული გამოდგეს. მაგრამ რუსები ფაქტობრივად არც კი შეხებიან ოდესას, ხარკოვი, მიუხედავად ყველაფრისა, უკრაინელების ხელშია და არც ჩერნიგოვი დაცემულა. გამორიცხული არაა, ორი-სამი კვირის განმავლობაში რუსული არმია „დაიხარჯოს“ - მათ ლოგისტიკას იმხელა დარტყმას აყენებენ უკრაინელები, რომ ასე თუ გაგრძელდა, ის ომისთვის გამოუსადეგარი გახდება .

ვშიშობ, რომ უკრაინას, ნებისმიერი ენდშპილის შემთხვევაში, მოუწევს მიწების ნაწილი დათმოს.

მაგრამ მაინც, რაღაც ეტაპზე უკრაინას მოუწევს შეთანხმებას დაყაბულდეს. და ეს შეთანხმება ერთობ უსიამოვნო იქნება. ვფიქრობ, ამის მომსწრენი გავხდებით უახლოესი კვირების განმავლობაში. მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ ვშიშობ, რომ უკრაინას, ნებისმიერი ენდშპილის შემთხვევაში, მოუწევს მიწების ნაწილი დათმოს. მიებმება თუ არა ამას ნეიტრალიტეტი, არ ვიცი, გააჩნია უკრაინელი საზოგადოების განწყობას, გადაყლაპავენ ამას თუ არა. მაგრამ ზელენსკი კარგად იცნობს რიგით უკრაინელს და მის აზროვნებას, ის ერთ-ერთი მათგანია, ამიტომაც უყვარს ხალხს ასე ძალიან.

რადიო თავისუფლება: უკრაინა ველურ დასავლეთსაც შეადარეთ, თუმცა უადგილო ალბათ არც კომიქსებისა და სუპერგმირების სამყაროსთან ანალოგი იქნებოდა, სადაც სწორედ ზელენსკი გვევლინება ერთგვარ „კაპიტან უკრაინად“ - რაშია ZE-ს ფენომენის საიდუმლო?

დავიდზონი: იცით, ერთხელ მასთან ერთად ლანჩი მქონდა, როცა ჯერ კიდევ პრეზიდენტი არ იყო, მაგრამ იცოდა, რომ აუცილებლად გახდებოდა, ხმების 75-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა გამოკითხვაში. და მაშინ, გულახდილად გითხრათ, დიადი ადამიანის შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია. მსახიობი იყო, ქარიზმატული და გონიერი, მაგრამ სიღრმე აკლდა, პოლიტიკური ლიდერის კვალობაზე საკმარისად მძიმეწონიანი არ იყო. თანაც, ძალიან აფორიაქებული იყო - თან უხაროდა, მეცხრე ცაზე იყო, და თან ძალიან ნერვიულობდა და სამართლიანადაც - უნდა ითქვას, რომ როგორც პრეზიდენტი, სამი კვირის წინ დიდი წარმატებებით ვერ დაიკვეხნიდა. შემდეგ კი მასში რაღაცამ გაიღვიძა, რასაც რიგითი უკრაინელის უტეხ სულს და შეუდრეკლობას თუ დავარქმევდი. ღრმად, ღრმად თავის თავში იპოვა ძალა, მიუხედავად მტრის დიდი უპირატესობისა, ბრძოლას არ გაქცეოდა - თუ რაიმე ღირებულება განასხეულებს უკრაინას, სწორედ ეს სიჯიუტემდე მისული შეუვალობაა, მტერს არ შეუშინდეს. შეადარეთ ახლა ეს ამაყი, მხნე, ჯანღონით და მამაკაცური სიძლიერით სავსე ფიგურა იმ ნახევრად გახრწნილ 70 წლის მუმიას, რომელიც აკლდამისებრ ბუნკერს აფარებს თავს ურალში. ერთ მხარეს დგას ჭკუიდან შეშლილი ბებერი, რომელიც მის გარშემო რეალობას ვეღარ აღიქვამს, მრჩევლებსაც აღარ უსმენს - გაიხსენეთ უშიშროების საბჭოს შეხვედრა - ეს ხომ სხვა არაფერი იყო, თუ არა პუტინის მიერ იმის დემონსტრირება თავისი ლაქიებისთვის, რომ თუ საქმე ცუდად წავა, ჰააგაში მარტო არ იჯდება და მათაც მოისვამს გვერდში. ეს მისი ხაფანგია - მაფიის მეთოდი - მე თუ ჩავჯდები, თქვენც თან გაგიყოლებთ. და შევადაროთ ახლა თავის გარემოცვასთან ჩახუტებულ ზელენსკის, რომელიც არაფერს უშინდება და დაჭრილების მოსანახულებლად მიდის ჰოსპიტალში. ის შეურიგდა იმ აზრს, რომ შეიძლება ცოცხალი ვერ გადარჩეს, იცის, რომ წილი ნაყარია - შეეძლო გაქცეულიყო, თავი გადაერჩინა და ქვეყანა გაეწირა, მაგრამ ეს არ გააკეთა, დარჩა და ბოლომდე იბრძვის. ისიც მშვენივრად გაიაზრა, რომ უკვე ისტორიაშია შესული, მიუხედავად იმისა, მოიგებს ამ ომს თუ არა. ზელენსკის ძეგლები დაიდგმება - საკითხავი ისაა, მანიტობაში, ჩიკაგოსა და ტორონტოშიც დაიდგმება მისი ძეგლი, თუ მხოლოდ უკრაინაში.

„კაპიტანი უკრაინა“ - შეადარეთ ეს ამაყი, მხნე, ჯანღონით და მამაკაცური სიძლიერით სავსე ფიგურა იმ ნახევრად გახრწნილ 70 წლის მუმიას, რომელიც აკლდამისებრ ბუნკერს აფარებს თავს ურალში.

რადიო თავისუფლება: თანაც, რომელმა მსახიობმა შეიძლება ინატროს ამაზე დიდი სცენა, ამხელა აუდიტორია?

დავიდზონი: ეს 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი როლია, ის კი - დღევანდელობის მთავარი გმირი. შეხედეთ დასავლეთის დაძაბუნებულ, მომჩვარულ, უნებისყოფო ელიტას ლონდონიდან ნიუ-იორკამდე, ვაშინგტონიდან საფრანგეთამდე... ზელენსკი და უკრაინელები ბევრად უფრო ჯანსაღები აღმოჩნდნენ, ვიდრე დასავლეთევროპელები, ამერიკელები და კანადელები.

რადიო თავისუფლება: შეიძლება ვთქვათ, რომ დასავლეთში ხალხი უკრაინასა და უკრაინელ ლიდერებში ხედავს იმას, თუ როგორები სურთ, თავად იყვნენ, და როგორი ლიდერები ჰყავდეთ?

დავიდზონი: ცალსახად ასეა. თაყვანისცემამდე მისული მოწიწებაა მთელ მსოფლიოში - ისეთი, როგორიც ადამიანს შესაძლოა, სიწმინდესთან მიახლოებისას დაეუფლოს, რაღაც იმაზე დიდთან შეხებისას, ვიდრე თავადაა. ჩვეული დასავლური ცინიზმი უკვალოდ ქრება, როდესაც ხედავ, როგორ იბრძვიან უკრაინელები, იბრძვიან მხნედ, სიკვდილს უყურებენ თვალებში, არაფრად აგდებენ მტრის მრავალრიცხოვნებას, იმას, რომ არ აქვთ იმდენი იარაღი, იმდენი ჭურვი, რამდენიც მოწინააღმდეგეს. და დგანან ებრაელი მსახიობის გარშემო, რომელიც ჩერჩილის როლს თამაშობს, მაგრამ ბევრად მეტი ქარიზმითა და ემპათიით, ვიდრე ეს ჩერჩილს გააჩნდა ოდესმე.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

XS
SM
MD
LG