უნივერსალური იურისდიქციის პრინციპზე დაყრდნობით, 2022 წლის დასაწყისში კობლენცის რეგიონალურმა სასამართლომ სირიის ორი მოქალაქე დამნაშავედ ცნო სირიაში ჩადენილი უმძიმესი დანაშაულების - მათ შორის წამების გამო. ერთ-ერთ მსჯავრდებულს, ანვარ რასლანს, რომელიც 2012 წლიდან გერმანიას აფარებდა თავს, როგორც დევნილი, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
„ეჭვი არ მეპარება, რომ პუტინის წინააღმდეგ ჩვენი სარჩელი წარმატებული იქნება“
„პრეზიდენტმა პუტინმა და რუსეთის სახელმწიფოს სხვა წარმომადგენლებმა თავიანთი ქმედებებისთვის პასუხი უნდა აგონ, ხოლო იმისთვის, რომ პუტინი სასამართლოს წინაშე წარდგეს - ამჟამად ორ გზას ვხედავთ. ერთია ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, რომელმაც უკვე დაიწყო მოკვლევა. მაგრამ ჩვენ კონცენტრირებულნი ვართ ჩვენსავე, გერმანულ სამართალზე, რომელიც, საბედნიეროდ, უფლებას გვაძლევს უცხოელის წინააღმდეგ აღიძრას საქმე სხვა ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულების გამო.
ამიტომაც, მე და ჩემმა კოლეგამ, ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა, გადავწყვიტეთ კარლსრუეში, გერმანიის პროკურატურისთვის მიგვემართა სარჩელით, რომ დაიწყოს გამოძიება იმ ხალხის მიმართ, ვინც დღეს რუსეთსა და რუსულ არმიაში გადაწყვეტილებებს იღებ. ჩვენი გამოძიება ჰააგის გამოძიების პარალელურად გაიმართება. პრეცედენტი უკვე გვაქვს - საქმეები ავღანეთსა და სირიაში ჩადენილ დანაშაულებზე“, - ამბობს გერჰარტ ბაუმი, ვეტერანი გერმანელი პოლიტიკოსი, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.
რადიო თავისუფლება: როგორ გგონიათ, როგორია შანსები, რომ თქვენი სარჩელი წარმატებული აღმოჩნდეს?
გერჰარტ ბაუმი: რაც პუტინმა ჩაიდინა, იმას გამართლება არ აქვს - ყოველდღე ვხედავთ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს უკრაინაში. ახლა ფაქტების შეგროვების ფაზაში ვართ, რაც უმნიშვნელოვანესი ეტაპია, ვაგროვებთ მოწმეებს. ბევრი ლტოლვილი გვყავს გერმანიაში, რომლებიც ან თავად იყვნენ დანაშაულის მსხვერპლები, ან შეესწრნენ დანაშაულს. ეჭვი არ მეპარება, რომ [პუტინის წინააღმდეგ] ჩვენი სარჩელი წარმატებული იქნება.
რადიო თავისუფლება: და თუ თქვენი სარჩელი წარმატებული იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ პუტინს...
გერჰარტ ბაუმი: სასჯელს მიუსჯიან.
რადიო თავისუფლება: და? გერმანიაში თუ აღმოჩნდება, დააპატიმრებენ?
გერჰარტ ბაუმი: ჩატარდება ტრადიციული პროცესი, სადაც ბრალს წაუყენებენ. შემდეგ, თუ ბრალი დაუმტკიცდა, დაიდება განაჩენი. წინა შემთხვევაში დამნაშავეები იქვე დააპატიმრეს, და მათ მრავალი წლის გატარება მოუწევთ ციხეში.
რადიო თავისუფლება: ანუ თუ განაჩენი დაიდება, პუტინი და მისი გარემოცვა გერმანულ ციხეში ჩასხდებიან.
გერჰარტ ბაუმი: არის ამის შანსი. პირადად ჩემთვის, ეს ღირსების საქმეა - მე ვიცი, ვინ გასცა მარიუპოლში სამშობიაროს დაბომბვის ბრძანება. და ჩვენი სამართლებრივი ნორმა მას მიესადაგება, რადგან სწორედ ის არის მთავარი პასუხისმგებელი პირი ამ საომარ სიტუაციაში, როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო ლიდერი, რომელმაც სრული პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს.
„შრიოდერი პუტინს ემხრობა, რადგან პუტინი „აჭმევს“ - პუტინი შრიოდერს არ მოუსმენს“
რადიო თავისუფლება: კიდევ ერთი სახელია, რომელიც დღეს გერმანიასა და რუსეთთან ერთნაირად მძაფრად ასოცირდება - გერჰარდ შრიოდერი. დიდი ხანია იცნობთ - რას ფიქრობთ მასზე?
გერჰარტ ბაუმი: შრიოდერზე სასამართლოში საქმეს ვერ აღვძრავთ მისი პოლიტიკური მოსაზრებების გამო, მაგრამ გერმანიაში არავის აქვს ილუზიები, თუ ვის მხარეზეა შრიოდერი. პუტინს ემხრობა, რადგან პუტინი „აჭმევს“. გერმანიაში საყოველთაო კრიტიკის ქვეშაა.
რადიო თავისუფლება: როგორც ჩანს, ახლახან შეხვდა პუტინს, თანაც უკრაინული მხარის თხოვნით, როგორც სამშვიდობო შუამავალი. რას მოიტანს შრიოდერის „მშვიდობის მოციქულობა“?
გერჰარტ ბაუმი: ჩემი აზრით, ვერც ვერაფერს. ეს არაფერს შეცვლის. პუტინი ყურს არ დაუგდებს შრიოდერს - ის არავის უსმენს, როგორც ჩანს, თავისი გზა საბოლოოდ აირჩია და არა მგონია, ვინმემ ლაპარაკით გააჩეროს. ალბათ, რუს ხალხს შეუძლია, მაგრამ ისინი თავსაც კი ვერ წევენ მაღლა.
რადიო თავისუფლება: გერმანიის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზეც გკითხავთ - ვიხილეთ, შეიძლება ითქვას, კარდინალური ცვლილება რუსეთთან მიმართებით. რამდენ ხანს გასტანს ეს?
გერჰარტ ბაუმი: ეს ფუნდამენტური ცვლილებაა საგარეო პოლიტიკაში. სრული შოკი იყო გერმანელი საზოგადოებისთვის, მაგრამ ეს არ არის მოკლევადიანი, ან თუნდაც რამდენიმეწლიანი ტაქტიკური სვლა. დარწმუნებული ვარ, რომ ამიერიდან გერმანიის სტრატეგიის, მისი საგარეო პოლიტიკის ამოსავალი წერტილი სწორედ ეს ცვლილება გახდება.
„გერმანიის რუსულ გაზსა და ნავთობზე „მიბმა“ შეცდომა იყო, მაგრამ...“
რადიო თავისუფლება: და მიუხედავად ამისა, კანცლერი შოლცი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე გერმანია რუსულ გაზს ვერ შეელევა...
გერჰარტ ბაუმი: ეს ურთულესი საკითხია ჩვენთვის. არ ვიცით, როგორი იქნება შედეგები გერმანელი ხალხისა და გერმანული ეკონომიკისთვის, თუკი ამ ნაბიჯს გადავდგამთ. თუ შეგვიძლია ამის გაკეთება, უნდა გავაკეთოთ. მაგრამ რა მოჰყვება ამას? ეს უნდა გავთვალოთ. ამერიკელებისთვის ადვილია, ჩვენთვის კი ძნელი, რადგან გერმანიის ენერგომოხმარება ფაქტობრივად რუსულ გაზსა და ნავთობზეა „მიბმული“.
რადიო თავისუფლება: ფიქრობთ, რომ ამის დაშვება შეცდომა იყო?
გერჰარტ ბაუმი: დიახ, ეს შეცდომა იყო, მაგრამ ახლა ვართ იქ, სადაც ვართ - და ეს სადაც არის ძალიან რთული სიტუაცია, რადგან ალტერნატივებზე მუშაობით თავს არ ვიწუხებდით. მიუხედავად ამისა, მომავალზე უნდა ვიფიქროთ - ვეცდებით, ეს გავაკეთოთ, მაგრამ ვშიშობ, რომ რუსული ენერგოდამოკიდებულებისგან სრულად განთავისუფლებას წლები დასჭირდება.