Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარინა კალიურანდი: სამარცხვინოა! უკრაინას დღეს სჭირდება დახმარება, ხვალ შეიძლება გვიანი იყოს!


მარინა კალიურანდი
მარინა კალიურანდი

„პარიზში კლასიკური ევროკავშირი ვნახეთ - ბუნდოვანი, ძნელად გასაგები განცხადება, სადაც გაკვრითაც კი არაა ნახსენები უკრაინის კანდიდატობის სტატუსი“, - ეუბნება ევროპარლამენტარი, ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მარინა კალიურანდი რადიო თავისუფლებას.

ვაჟა თავბერიძესთან ინტერვიუში ის უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მიმართ ევროპის მორალურ ვალდებულებაზეც საუბრობს.

რადიო თავისუფლება: პარიზის სამიტზე თქვენი შთაბეჭდილებებით დავიწყოთ - რა „დავადგინეთ“?

“პარიზში კლასიკური ევროკავშირი ვნახეთ - ბუნდოვანი, ძნელად გასაგები განცხადება, სადაც გაკვრითაც კი არაა ნახსენები უკრაინის კანდიდატობის სტატუსი“

მარინა კალიურანდი: მარტივი, მაგრამ ამავდროულად რთულად საპასუხო კითხვაა - იმიტომ რომ, გულწრფელად გითხრათ, თავადაც საგონებელში ვარ - განცხადებაში გაკვრითაც კი არაა ნახსენები უკრაინის კანდიდატობის სტატუსი. არის ძალიან ბუნდოვანი ტექსტი ევროპაში ერთად ყოფნის შესახებ. ეს არაა ის, რასაც უკრაინელები ითხოვდნენ და რასაც ევროპარლამენტის რეზოლუციით ვითხოვდით ერთი კვირის წინ, - ჩვენ ვითხოვდით მკაფიოდ დაფიქსირებას, რომ უკრაინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვაძლევთ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, ეს არ ნიშნავს წევრობის მიცემას, ეს ნიშნავს, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგ მოლაპარაკებები დაიწყება წევრობაზე, რასაც, როგორც წესი, წლები სჭირდება ხოლმე. მაგრამ ისევ შევეჯახეთ ევროკავშირის ბიუროკრატიას - მისიამ უნდა შეაფასოს, იმაში უნდა ჩაიხედოს, ამას გადახედოს...

მესმის, რომ ჩვენი წესები გვაქვს, მაგრამ ომია, ომში ვართ და ომი ნიშნავს, რომ საჭიროა სხვანაირი მიდგომა, სხვა პოლიტიკური გადაწყვეტილებები. პარიზში კლასიკური ევროკავშირი ვნახეთ - ბუნდოვანი, ძნელად გასაგები განცხადება. ამას ემატება ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებები, რომლებიც გაიძახიან - არა, არა, უკრაინისთვის უარი არ გვითქვამს, ეს ყველაფერი ისევ ძალაშია, ისევ განვიხილავთ წევრობას. მოკლედ, სიტუაცია ბუნდოვანია და სხვადასხვანაირი ინტერპრეტაცია შეიძლება - არადა, სწორედ ეს არ გვჭირდებოდა ახლა. ახლა გვჭირდებოდა მკაფიო განცხადება, მაგრამ ეს ვერ მივიღეთ. სამწუხაროდ, ეს არ არის გზავნილი მხოლოდ უკრაინისთვის, ეს გზავნილია სხვა აღმოსავლეთევროპელი პარტნიორებისთვის და გზავნილია რუსეთისთვისაც - რომ ის სიმტკიცე, რაც ევროკავშირმა ბოლო 2 კვირის განმავლობაში გამოიჩინა, თანდათან ქრება. ისეთი პრინციპულები, ისეთი მამაცები აღარ ვართ... ის პოლიტიკური გაბედულება, რაც ორი კვირის განმავლობაში გვქონდა, კლებულობს. და ეს ძალიან, ძალიან სამწუხაროა.

„ის სიმტკიცე, რაც ევროკავშირმა ბოლო 2 კვირის განმავლობაში გამოიჩინა, თანდათან ქრება. ისეთი პრინციპულები, ისეთი მამაცები აღარ ვართ... ის პოლიტიკური გაბედულება, რაც ორი კვირის განმავლობაში გვქონდა, კლებულობს.“

რადიო თავისუფლება: რა არის საჭირო ამ სიმტკიცის, ერთიანობის დასაბრუნებლად?

მარინა კალიურანდი: ძალიან რთული კითხვაა. და პასუხიც ძალიან რთულია. და ხალხმა შეიძლება არასწორად გამიგოს, მაგრამ მინდა პირდაპირ და ღიად გიპასუხოთ. ალბათ იმისთვის, რომ მეტი მზაობა და სიმტკიცე ვიხილოთ, ზოგ ევროპელ ლიდერს სჭირდება კიდევ მეტ ტანჯვას უყუროს უკრაინაში, უკრაინელი ხალხის ტანჯვას, სამოქალაქო შენობების დაბომბვას, მეტ დახოცილ ბავშვებს, მეტ დახოცილ ქალებს, მოხუცებს... და ეს ევროპის სირცხვილია, რადგან ომში ვართ! ვამბობ - ომში ვართ-მეთქი, რადგან უკრაინას სხვა გზებით უკვე ვეხმარებით. ახლა კი, ამ პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე, ვფიქრობ, ჩვენი თანადგომა ძალიან დაკნინდა - და ეს სიგნალია რუსეთისთვისაც: რომ ევროკავშირი მზად არ არის, პოლიტიკური ვალდებულება აიღოს ქვეყანაზე, რომელიც ამ წუთებში ევროპისთვის სისხლისგან იცლება, დემოკრატიისთვის, მშვიდობისთვის, ყველა ჩვენგანისთვის.

ასე რომ, პასუხი ასეთია: უკრაინელების [მეტი] ტანჯვაა ის, რამაც შეიძლება ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების ლიდერებსა და მათ მთავრობებს აზრი შეაცვლევინოს. იმიტომ რომ აქ, ევროპარლამენტში, სადაც ევროპის მოქალაქეებს წარმოვადგენთ, ჩვენთან სხვანაირი განწყობაა. უზარმაზარი სოლიდარობაა უკრაინის მიმართ. რეზოლუცია უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე 676 ხმით გავიდა. ეს ერთობ შთამბეჭდავი რიცხვია. სამწუხაროდ, დღეს იმავე ერთობას ვერ ვხედავთ ქვეყნების პირველი პირებისა და მთავრობებისგან. ვამაყობ, რომ ამას ჩემს ქვეყანაზე ვერ ვიტყვი - ჩემი ქვეყანა ძალიან მკაფიოდ, ძალიან ხმამაღლა უჭერს მხარს უკრაინას და მის მისწრაფებებს. სამწუხაროდ, ბალტიის ქვეყნები და რამდენიმე აღმოსავლეთევროპელი ქვეყანა საკმარისი არ აღმოჩნდა მთელი ევროკავშირის მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

„ომში ვართ - გაზის და ნავთობის იმპორტი რუსეთიდან დღეს უნდა შევაჩეროთ.“

რადიო თავისუფლება: უკრაინა სისხლისგან იცლებაო, ამბობთ. ახსენეთ მხარდამჭერი განცხადებებიც - რაც, რა თქმა უნდა, სასიამოვნო მოსასმენია, მაგრამ ალბათ ისეთივე ეფექტური, როგორც გამაყუჩებელი აბები სისხლდენის შეჩერებისას. მეტს უნდა აკეთებდეს თუ არა ევროკავშირი დღეს უკრაინისთვის?

მარინა კალიურანდი: ჰუმანიტარული მხარდაჭერისა და ლტოლვილების დახმარების კუთხით, ვფიქრობ, საქმეს თავს ღირსეულად ვართმევთ, განსაკუთრებით უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნები. როდესაც ვხედავ კადრებს, თუ როგორ ცდილობს ხალხი ამ ჰუმანიტარულ კატასტროფას გაუმკლავდეს, თვალზე ცრემლი მადგება.

სად არ ვაკეთებთ საკმარისს? მაგალითად, სანქციების კუთხით - ჭიანურდება როგორც ახალი სანქციების დაწესება, ასევე უკვე არსებულების რეალიზება. 11 მარტია და რუსეთი ჯერ კიდევ არ არის მთლიანად გამორთული SWIFT-ის სისტემისგან, მხოლოდ რამდენიმე რუსული ბანკი. რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებაც გადაუჭრელ საკითხად რჩება - დიახ, კარგი იყო იმის მოსმენა, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა, ბოლო მოუღოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას 2030 წლისთვის, მაგრამ.... კარგი რა, ომში ვართ! - გაზის და ნავთობის იმპორტი რუსეთიდან დღეს უნდა შევაჩეროთ.

გამაწბილებელია ყოველ დილით სხვადასხვა ინფორმაციის წაკითხვა, უკრაინას MIG-29 თვითმფრინავებს ვაძლევთ თუ არა?! ხან არ ვაძლევთ, ხან კი, ვაძლევთ, მაგრამ რაღაც სხვა აეროდრომიდან, ოჰ, არა, ახლა გადავიფიქრეთ და რამე სხვას ვიზამთ და ა.შ. ეს ფეხის თრევა სამარცხვინოა, რადგან უკრაინას ახლა სჭირდება სამხედრო მხარდაჭერა, დღეს ომობს, ხვალ შეიძლება გვიანიც იყოს. უფრო სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ.

რადიო თავისუფლება: საქართველოსა და მოლდოვაზეც გკითხავთ - განაცხადები მათაც შეიტანეს. სწორი მომენტი იყო ამის გასაკეთებლად?

მარინა კალიურანდი: საქართველომ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ განაცხადა, რომ 2024 წელს აპირებდნენ წევრობის განაცხადის შეტანას. ახლა გადაწყვიტეს, რომ ეს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად გაეკეთებინათ. ერთი მხრივ, მესმის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ქვეყანაზე ვსაუბრობთ, და რომ მათი ერთად განხილვა ლოგიკურია. მათ შორის იმიტომ, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ, ევროპელებმაც უნდა ვიტვირთოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უკრაინაში ომზე, იმიტომ რომ არც 2008 წელს საქართველო-რუსეთის ომს ვუპასუხეთ სათანადოდ და არც ყირიმის ოკუპაციას.

„თუ იმას გავითვალისწინებთ, რა გადაწყდა გუშინ უკრაინასთან დაკავშირებით, ვერ ვიტყოდი, რომ თბილისისა და კიშინიოვის განაცხადებზე უფრო ოპტიმისტური მოლოდინი უნდა გვქონდეს“

ვიცი, რომ ნიშნის მოგება არ არის ლამაზი საქციელი, მაგრამ ჩვენ, ბალტიელები ვეუბნებოდით დანარჩენებს, რომ რუსეთთან საქმის კეთების სანაცვლოდ ამაზე თვალი არ უნდა დაგვეხუჭა. რადგან პუტინი ამას სისუსტედ აღიქვამს - სწორედ ამ იმედით წამოიწყო ეს ომიც. ასე რომ, ამ გადმოსახედიდან მესმის, რომ მორალური ვალდებულება გვაქვს საქართველოსა და მოლდოვისადმი, მაგრამ ამ ომიანობის დროს, ვფიქრობ, ჯერ უკრაინა უნდა განვიხილოთ, შემდეგ კი საქართველოსა და მოლდოვისთვის ვიბრძოლოთ. თანაც, თუ იმას გავითვალისწინებთ, რა გადაწყდა გუშინ უკრაინასთან დაკავშირებით, ვერ ვიტყოდი, რომ დანარჩენ ორ განაცხადზე უფრო ოპტიმისტური მოლოდინი უნდა გვქონდეს. პრეზიდენტ მაკრონის განცხადება ღია ომში მყოფ ქვეყანას ეხებოდა, მაგრამ არა მგონია, თბილისსა და კიშინიოვშიც იმედგაცრუების გარდა რაიმე სხვა რეაქცია გამოეწვია.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

XS
SM
MD
LG