Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანდრა კალნიეტე: "პუტინს მოუწევს, ჰააგის ტრიბუნალს წარუდგეს"


Sandra Kalniete MEP
Sandra Kalniete MEP

„ბევრი რამ გამომივლია ცხოვრებაში, მაგრამ ვტიროდი, როდესაც პრეზიდენტი ზელენსკი სიტყვით გამოდიოდა. ვტიროდი თანაგრძნობის, სასოწარკვეთილების, მაგრამ ასევე სიბრაზისა და რისხვის გამო, რადგან ეს არის უზარმაზარი უსამართლობა, რასაც დღეს რუსეთი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ სჩადის: ამ მამაცი, შრომისმოყვარე, ღირსეული ხალხის წინააღმდეგ. ეს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია, ომის დანაშაული და ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ პუტინს მოუწევს ჰააგის ტრიბუნალს წარუდგეს, იმათთან ერთად, ვინც მის ამ „სპეციალურ ოპერაციას“ დაუჭირა მხარი და ის ე.წ. რესპუბლიკები აღიარა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლატვიის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სანდრა კალნიეტემ, მას შემდეგ, რაც სხვა 636 ევროპარლამენტართან ერთად ხმა მისცა რეზოლუციას უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.

რადიო თავისუფლება: პრეზიდენტმა ზელენსკიმ ევროკავშირს უთხრა - „დაგვიმტკიცეთ, რომ ჩვენთან ხართ, გვაჩვენეთ, რომ ხართ ევროპელები“. როგორი უნდა იყოს ევროკავშირის პასუხი?

სანდრა კალნიეტე: პოლიტიკურად, მის კითხვაზე სწორი პასუხი იქნებოდა უკრაინისათვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება. ვხედავთ, როგორ მხნედ დგანან უკრაინელები, მთელი სამყარო აღმერთებს მათ სიმამაცეს, ისინი უზარმაზარ ფასს იხდიან, თავიანთი სისხლით იხდიან ამ ყველაფრის ფასს. ბავშვები მიწისქვეშ,

„ჩვენი პასუხი ზელენსკის კითხვაზე - ვართ თუ არა მის გვერდში - უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება უნდა იყოს“

მეტროსადგურებში იბადებიან. ენით აღუწერელ სიძნელეებს უძლებენ უკრაინელები და ამ დროს ჩვენი ეს გადაწყვეტილება მათ მორალურად გაამხნევებდა - ისინი იგრძნობენ, რომ აქ მათ ელოდებიან, რომ ისინი ჩვენიანებად მიგვაჩნია. და მჯერა, რომ ამ ჯერზე მოვახერხებთ ამ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ - ყოველდღიურად იზრდება პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე, ეს უკვე აუცილებლობად აღიქმება. ადრე თუ გვიან, ომი შეწყდება, მოლაპარაკებები დაიწყება, და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მქონე უკრაინას უფრო ძლიერი პოზიციები ექნება ამ მოლაპარაკებებში. და როცა სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყება, როცა რუსები საბოლოოდ გავლენ უკრაინიდან, მათ მოუწევთ ფინანსურადაც ზღონ იმ ზარალისთვის, რაც უკრაინას მიაყენეს, მათ უნდა გადაიხადონ ყველაფრისთვის, რაც დაანგრიეს.

რადიო თავისუფლება: ზედმეტად ოპტიმისტურად არ გეჩვენებათ მსგავსი მოლოდინი? დათანხმდება კი მოსკოვი ამას?

კალნიეტე: დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მტკიცედ ვიდგებით. ისტორიას კარგად ვიცნობ - 1938 წელი გავიხსენოთ, როდესაც ჩეხოსლოვაკია ჰიტლერსა და ნაცისტურ გერმანიას შევატოვეთ

„ფოკუსი უკრაინაზე იყო, მაგრამ არც საქართველო და მოლდოვა დაგვვიწყებია.“

მითიური მშვიდობის სანაცვლოდ. მოჰყვა ამას მშვიდობა? არა. ვფიქრობ, თავად პუტინი და მთელი ეს ვითარება უკრაინის გარშემო ძალიან წააგავს მეორე მსოფლიო ომის წინანდელ პერიოდს - და იგივე შეცდომები აღარ უნდა გავიმეოროთ, რაც 1938 წელს დავუშვით. სწორედ ამიტომ დავუწესეთ რუსეთს მკაცრი სანქციები და ეს სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება და გამრავლდება. ვფიქრობ, ახლოა დრო, როდესაც რუსეთისგან გაზის შესყიდვას საერთოდ შევწყვეტთ - თავი არავინ მოიტყუოს - როდესაც რუსულ გაზს ვყიდულობთ, ამით კრემლს ვამდიდრებთ, ვაძლევთ საჭირო ფინანსებს ომის გასაჩაღებლად. გაზაფხული უკვე მოვიდა, და გაზის საკმარისი მარაგები გვაქვს. დანარჩენს სხვა ქვეყნებიდან შევიძენთ. ვფიქრობ, სოციალური წნეხი, მიუღებლობა რუსეთისადმი უკვე იმდენად მაღალია, რომ საბოლოოდ მსგავს გადაწყვეტილებას

„ახლოა დრო, როდესაც რუსეთისგან გაზის შესყიდვას საერთოდ შევწყვეტთ, რადგან როდესაც რუსულ გაზს ვყიდულობთ, ამით კრემლს ვამდიდრებთ“

მივიღებთ [რუსულ გაზზე]. მიღებულ რეზოლუციაში ასევე ვითხოვთ, რომ რუსეთი სრულიად გაითიშოს SWIFT-ის სისტემიდან და მჯერა, რომ ასეც მოხდება.

რადიო თავისუფლება: დაბოლოს, სად ფიგურირებს საქართველო ამ ყველაფერში? იმავე პაკეტში განვიხილებით, სადაც უკრაინა?

კალნიეტე: საქართველოსა და მოლდოვასთან ურთიერთობას ვაღრმავებთ - ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული ქვეყნები არიან. დღეს ფოკუსი უკრაინაზეა, მაგრამ არც საქართველო და არც მოლდოვა არ დაგვვიწყებია. სამივე ქვეყანა ასოცირებული ქვეყნების ჯგუფში განიხილებით.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

XS
SM
MD
LG