საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმეორებს, რომ საქართველო არ შეუერთდება დასავლელი პარტნიორების და მათ შორის - ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებულ მკაცრ სანქციებს და რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ქართველი ხალხისთვის დაწესებულ სანქციებს ნიშნავს. ის, რასაც პრემიერი „გონივრულ პოლიტიკას“ უწოდებს, ხელისუფლების ოპონენტებისთვის „რუსეთის პოლიტიკაა".
- აქვს თუ არა არჩევანი საქართველოს, მსოფლიოში შექმნილი უპრეცედენტო ვითარების ფონზე?
- რამდენად პრაგმატულია ანდა საერთოდ შესაძლებელია თუ არა რუსეთთან სავაჭრო კავშირების ძველებურად გაგრძელება?
პრაგმატიზმი
დასავლური სანქციების ფონზე, კრემლისტური მედიასაშუალებები რუსეთის მოქალაქეებს „მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისთვის“ ამზადებენ და აგუებენ, რომ მალე თავის გასამხნევებლად მხოლოდ იმპერიალისტური "სიამაყე" შერჩებათ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ „სანქციები არ არის ეფექტური საშუალება“ და უკრაინაში რუსეთის „შემჩერებელი არავინ არ არის“.
28 თებერვალს, მთავრობის სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაიმეორა ის, რასაც უკვე თითქმის ერთი კვირაა თბილისში, ხალხმრავალ აქციებზე აპროტესტებს საზოგადოების ერთი ნაწილი - საქართველო არ შეუერთდება უკრაინაზე თავდასხმის გამო დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.
საქართველოს ხელისუფლების პრაგმატიზმი მოსწონთ მოსკოვში. დუმის დსთ-ის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კონსტანტინ ზატულინი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთზე „ძალიან დამოკიდებულ“ საქართველოს ეკონომიკას უფრთხილდება.
ოპონენტები თბილისში ირაკლი ღარიბაშვილს „რუსეთის გავლენის აგენტს“ უწოდებენ; თვლიან, რომ პრემიერი „რუსული ტყუილების“ გავრცელებას უწყობს ხელს და „პუტინისტური ნარატივის პროპაგანდას“ ეწევა. ოპოზიციის უდიდესი ნაწილი აცხადებს, რომ ასეთი ხელისუფლების პირობებში, საქართველო შესაძლოა იზოლაციაში აღმოჩნდეს და დაკარგოს ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანების შესაძლებლობა, რაც უკრაინის შემთხვევაში გაჩნდა.
რუსული რუბლი მკვეთრად ეცემა, მოსკოვის ბანკებთან ხალხი რიგში დგას - ფულის გამოტანისა თუ დოლარის შესყიდვის მიზნით, ბიზნესმენებს გადარიცხვები გაუძნელდათ, თანდათან შეუძლებელი ხდება თვითმფრინავებით ფრენა - უკრაინის გამო დაწესებული სანქციების ეფექტი რუსეთს უკვე დაეტყო და, როგორც დასავლეთი მოელის, ეს ეფექტი თანდათან სულ უფრო გაძლიერდება.
მხოლოდ უკრაინის შანსი?
რუსეთის არმიასთან ბრძოლაში გამოჩენილი თავგანწირვისა და სიმამაცისთვის დასავლეთის ქვეყნები სულ უფრო აქტიურად ირაზმებიან კიევის გარშემო და უკვე ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებაზეც დაიწყო ლაპარაკი.
კიევმა უკვე გააკეთა ის, რისი გაკეთებაც თბილისს 2024 წლისთვის ჰქონდა გეგმაში - დაწერა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიჰალის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებული ტექსტის თანახმად, გაწევრიანებას მოელიან „სპეციალური პროცედურით“ და ევროპელ პარტნიორებს კიევში „სწრაფ გადაწყვეტილებებსაც“ უწონებენ.
„უკრაინელებმა უკვე დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ ჩვენ ვართ ევროპული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი. დრო მოვიდა, რომ ეს ქაღალდზეც გადავიტანოთ. უკრაინა განაცხადს აკეთებს ევროკავშირში სპეციალური პროცედურით გასაწევრიანებლად. მადლიერი ვართ ჩვენი პარტნიორებისა, მხარდაჭერისა და სწრაფი გადაწყვეტილებების გამო“, - აცხადებს უკრაინის პრემიერ-მინისტრი.
მანამდე, თავის მორიგ საინფორმაციო ბრიფინგზე, სწრაფად გაწევრიანების მოთხოვნით ევროკავშირს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც მიმართა და მოგვიანებით ხელი მოაწერა განაცხადსაც.
მზადყოფნის სიგნალებია ბრიუსელიდანაც.
„არის ბევრი თემა. რომელშიც ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ [უკრაინასთან] და მართლაც, დროთა განმავლობაში ისინი გახდნენ ჩვენი ნაწილი და ჩვენ გვინდა, რომ ისინი იყვნენ ევროკავშირში“, - უთხრა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა „ევრონიუსს“. სხვა საკითხია, რამდენად სწრაფად შეიძლება მოხდეს ეს.
ოფიციალური ინფორმაციით, 27 თებერვალს ირაკლი ღარიბაშვილი ტელეფონით ესაუბრა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის და შემდეგ ითქვა, რომ საუბარი „საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივებსაც” შეეხო.
საქართველოს პრემიერმა 28 თებერვალს საჭიროდ აღარ ჩათვალა, საზოგადოებისთვის უფრო მეტი ეთქვა - თუ როგორ გამოიყურება „პერსპექტივები“ საქართველოსთვის.
„რონდელის ფონდის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი გვეუბნება, რომ „უკრაინის კრიზისის გამო, ევროპაში მომწიფდა ახალი პოლიტიკური ხედვა“, რომელიც აჩენს რეალურ შესაძლებლობებს „ევროკავშირში დაჩქარებული წესით გასაწევრიანებლად“ და ასეთი შანსი, თეორიულად, არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ - საქართველოსა და მოლდოვისთვისაც გაჩნდა.
თუმცა ექსპერტი არც იმას გამორიცხავს, საქართველომ ეს შანსი დაკარგოს, „თუკი უკრაინის ტალღას მოსწყდება“.
„უკრაინის გარშემო გაერთიანდა მთელი ევროპა, მთელი დასავლეთი... საქართველომ უნდა აჩვენოს რომელ ბანაკშია, სად არის. საქართველოს პოზიციას გამოხატავს ხელისუფლება. ის ითვლება ერის ლეგიტიმურ წარმომადგენლად... და თუკი ხელისუფლებას ასეთი განცხადებები ექნება, ხალხის პოზიცია ვერაფერს შეცვლის.
თუკი ჩაითვალა, რომ საქართველოს მთავრობა არასაკმარისად უჭერს მხარს უკრაინას და ეს ქვეყნები ერთად არ აქტიურობენ, მერე არავინ იტყვის [ბრიუსელში] - არა, ძალიან კარგი ხალხია საქართველოში და მოდით, მივიღოთ ევროკავშირშიო“, - გვეუბნება კახა გოგოლაშვილი.
მისთვის წარმოუდგენელია, რომ დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მრავალფეროვანი სპექტრიდან ყველა სანქცია ერთნაირად დააზარალებდა საქართველოს.
„ხომ შეიძლებოდა, რომ ზოგიერთ სანქციას მაინც შევერთებოდით და გვეთქვა, რომ აი, ამას და ამას - ვერა, მაგრამ აი, ამას და ამას შეიძლება შევუერთდეთ და მერე ვნახოთ, დავაკვირდეთ მოვლენებს. ხომ შეიძლებოდა ამის გაკეთება?! გვეჩვენებინა დასავლეთისთვის, რომ მათთან ვართ ჩვენც“, - ამბობს კახა გოგოლაშვილი.
კიევის ინფორმაციით, „ანტიპუტინურ კოალიციაში“ ამ ეტაპზე 84 ქვეყანა და 15 საერთაშორისო ორგანიზაცია ერთიანდება. უკრაინის ხელისუფლების პოზიციით, მართალია, რუსეთი უკვე გრძნობს სანქციებისა და იზოლაციის მარწუხებს, მაგრამ, კიევის პოზიციით, კვლავ საჭიროა როგორც „სანქციებისა და მოქმედებების გაძლიერება“, ასევე მოკავშირეთა წრის გაფართოება.
საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ საკმარისად გამოხატა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა, როგორც პოლიტიკურ დონეზე, ასევე პრაქტიკული დახმარებით. ასე არ ფიქრობენ ადამიანები, რომლებიც თბილისში, ყოველ საღამოს აქციაზე იკრიბებიან.
რატომ არა სანქციებს?
„გაწყვიტეთ ყველა ბიზნესკავშირი რუსეთთან. რუსეთთან ბიზნესის წარმოება დღეს ნიშნავს დააფინანსო - აგრესია, ომის დანაშაულები, დეზინფორმაცია, კიბერთავდასხმები და პერსონალურად 21-ე საუკუნის ჰიტლერი, სახელად ვლადიმირ პუტინი“, - წერს ტვიტერზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება და იქვე მსოფლიო მედიაში ამ თემაზე გავრცელებული სტატიების კოლაჟს აქვეყნებს.
27 თებერვალს, კულებამ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს ისიც უთხრა, რომ ისტორია დაიმახსოვრებს ყველას სახელს, ვინც უგულებელყოფს „უკრაინელი კაცების, ქალებისა და ბავშვების დაღვრილ სისხლს“ და კვლავაც განაგრძობს რუსეთთან საფინანსო-სავაჭრო ურთიერთობებს.
რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს უფრთხილდება საქართველოს ხელისუფლება. პრემიერისთვის რუსეთისთვის დაწესებული სანქციები საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სანქციების ტოლფასია.
„ათასობით მეღვინე, ექსპორტიორი, ფერმერი - ყველა არის ჩართული ამაში. ანუ რას მთხოვენ, რომ საკუთარ ხალხს დავუწესოთ სანქციები?! ეს ყველაფერი ვის მოაკლდება?! ჩვენს ხალხს, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ეკონომიკას; დაიჩაგრება ჩვენი ერთი მილიონი თანამოქალაქე, რომლებიც ვეღარ შეძლებენ ფულის გადმორიცხვას [რუსეთიდან], თუ გავურთულებთ მათ ფინანსურ ოპერაციებს. ამიტომ ეს ზედმეტი ემოციები არაფრის მომცემი არ არის“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა 28 თებერვალს.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით:
- 2022 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 82.3 პროცენტი შეადგინა; აქედან რუსეთი - 12.9% (თითქმის 42.7 მლნ აშშ დოლარი);
- 2022 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.2% შეადგინა; აქედან რუსეთი - 11% (85.9 მლნ აშშ დოლარი);
- 2021 წლის იანვართან შედარებით, რუსეთთან ექსპორტი 88%-ით, ხოლო იმპორტი 54.3%-ით გაიზარდა.
პრემიერმა ღარიბაშვილმა, 28 თებერვალს, გასულ წლებში რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობებით საქართველოში მიღებულ მილიარდობით დოლარზე ილაპარაკა.
მაგრამ შესაძლებელი იქნება რუსეთთან ვაჭრობის ჩვეულებრივად, ძველებურად გაგრძელება - უკრაინაში შეჭრის შემდეგ დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული უპრეცედენტო სანქციების ფონზე?
„ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის თავმჯდომარე“, არჩილ ბაკურაძე ფიქრობს, რომ სრულიად შეცვლილი გლობალური ხედვების გათვალისწინებით, სანქციებისგან თავის შეკავება საქართველოს ძველ მდგომარეობას მაინც ვერ შეუნარჩუნებს.
„ჯერ ერთი, ვერ ვხვდები, რატომ უნდა შევიკავოთ თავი. ქვეყნის სიძლიერე მხოლოდ ეკონომიკური საკითხებით არ განისაზღვრება... მაგრამ ასევე, რუსეთისთვის პასუხი დღეს იმდენად გლობალურია, რომ საქართველო მაინც გახდება, ასე ვთქვათ, სანქციების ეკონომიკური მსხვერპლი.
ჩვენ საერთაშორისო სისტემის ნაწილი ვართ და რაც არ უნდა მოვინდომოთ, ეკონომიკურ ზარალს მაინც ვერ ავიცილებთ... უნდა გავიაზროთ, რომ სულ სხვა სამყაროში ვცხოვრობთ უკვე რამდენიმე დღეა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას არჩილ ბაკურაძე.
ექსპერტის თქმით, მაგალითად, შესაძლოა ღვინის გატანა კი სცადონ საქართველოდან, მაგრამ რუსეთს აღარ ჰქონდეს ამ ღვინის შესყიდვის შესაძლებლობა და ასევე, „გაძნელდება ლოგისტიკა“, ბანკების სანქცირების გამო - პრობლემური გახდება ფულის გადარიცხვაც.
ექსპერტები ამბობენ, რომ, რუსეთთან ვაჭრობის ბუნდოვან მომავალთან შედარებით, საქართველოს გაცილებით მეტ სარგებელს მოუტანს ევროკავშირში გაწევრიანება და მთელი ძალისხმევაც აქეთკენ უნდა იყოს მიმართული.
„ჩვენ უკვე იმდენი მსხვერპლი გავიღეთ რუსეთთან ურთიერთობებში, რომ არ უნდა ჩავყაროთ ახლა ეს წყალში და არ უნდა ჩამოვრჩეთ ამ პროცესს, რომელშიც ახლა უკრაინა ლიდერობს. უნდა ვეცადოთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების დიდ მიზანს არ ჩამოვრჩეთ“, - ამბობს ბაკურაძე.
28 თებერვალს, პრემიერ-მინისტრის ხმაურიან და სადავო განცხადებებს მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არაერთმა წარმომადგენელმა.
უმრავლესობამ, პრემიერის მსგავსად, დიდი დრო დაუთმო ისევ წარსულსა და „ოპოზიციის დესტრუქციაზე“ ლაპარაკს.