საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ საქართველო მუდმივად იყო და არის უკრაინისადმი სოლიდარული და ამაზე მეტყველებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები.
ზალკალიანმა ასეთ ნაბიჯებს შორის დაასახელა ის, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა ევროსაბჭოში რუსეთისთვის წევრობის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას და გაეროს უშიშროების საბჭოში აშშ-ის მიერ წარდგენილი რეზოლუციის თანასპონსორი იყო.
„ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით, რომ ამ რეზოლუციას ძალიან მკაცრად შეხვდებოდა რუსეთის ფედერაცია და ასეც მოხდა და ვეტო დაადო, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ თანასპონსორი ვიყავით ამ რეზოლუციის“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს, 28 თებერვალს, საქართველოს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო შეუერთდა ევროკავშირის უმწვავეს განცხადებებსაც, რომლითაც ქვეყნის მთავრობამ გამოხატა მყარი პოზიცია. ზალკალიანის თანახმად, მას მუდმივი კავშირი აქვს უკრაინელ კოლეგასთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით მონაწილეობა მიიღო ეუთოს მუდმივი საბჭოს სპეციალურ სხდომაში, რომელშიც ძალიან მწვავედ შეაფასა ომი უკრაინის წინააღმდეგ.
საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, უკრაინისადმი სოლიდარობის, მხარდაჭერისა და ურყევი პოზიციის გამოხატულებაა ისიც, რომ მაშინ, როდესაც კიევი დაცლილია და იქ სულ რამდენიმე ქვეყნის საელჩოს წარმომადგენელი იმყოფება, საქართველოს საელჩო არ დატოვა არც ერთმა ქართველმა დიპლომატმა, მიუხედავად იმისა, რომ საფრთხეების გამო, მათ ეს შესთავაზეს.
როგორც ზალკალიანმა თქვა, საქართველო უკრაინის მიმართ "უპრეცედენტო მხარდაჭერის თანამონაწილე და სრულად გამზიარებელია".
საქართველოს მთავრობას ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს იმის გამო, რომ უარს ამბობს შეუერთდეს უკრაინაზე თავდასხმის გამო საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს. საპროტესტო აქციებზე, რომლებიც 25 თებერვლიდან მიმდინარეობს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაც მოითხოვეს.