Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ზალკალიანი: თქვენზე ნაკლები პატრიოტები ვართ? აქვე, 40 კმ-ში დგანან


საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამბობს, რომ მოსალოდნელი საფრთხეები ხელისუფლებას აღელვებს და ამის შესახებ ესაუბრა უკრაინელ და ევროპელ პარტნიორებს. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მან თქვა, რომ მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს არსებული უმძიმესი მდგომარეობა.

"როდესაც საუბარია ქვეყნის მხრიდან ინდივიდუალურ სანქციებზე, პრემიერ-მინისტრმა ძალიან კარგად განმარტა, თუ რა საფრთხეებს ვხედავთ. ამაზე ვესაუბრებით ჩვენს უკრაინელ და ევროპელ მეგობრებს... რა გგონიათ თქვენ, თქვენზე ნაკლები პატრიოტები ვართ? არავისზე ნაკლები პატრიოტები არ ვართ და ჩვენი საქმიანობით და ჩვენი ცხოვრებით გვაქვს დამტკიცებული საქართველოს ერთგულება იმ უკანონობის წინააღმდეგ, რასაც რუსული აგრესია ჰქვია საქართველოში.

როგორ გგონიათ, პასუხისმგებლიანი მთავრობა, ხელისუფლება, ასეთი სიფრთხილით არ უნდა ეკიდებოდეს პროცესს? როდესაც 40 კილომეტრში, აი, აქვე დგანან. მათ არ სჭირდებათ დამატებითი მობილიზაცია - ის, რაც განახორციელეს უკრაინასთან - თვეობით კონტინგენტის მიყვანა. აქვე არიან, ავტობანიდან ჩანს მათი ოკუპაციის შედეგი. რამდენიმე წუთი დასჭირდებათ იმისთვის, რომ მთლიანად საქართველო თავდაყირა დააყენონ.

როგორ გგონიათ, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რას აპირებენ? ან როგორ აპირებენ?" - თქვა დავით ზალკალიანმა.

დღევანდელ, 28 თებერვლის სხდომაზე პრემიერმა უკრაინაში დაწყებული ომის დროს რუსეთისთვის სანქციების დაწესება ომში ჩაბმას შეადარა.

"დღეს იგივე ხალხი გვიკიჟინებს ჩავერთოთ ომში, სანქციები დავუწესოთ რუსეთს. ომში მივიღოთ უკრაინაში მონაწილეობა და ა.შ... დღეს ევროპაში მიმდინარეობს უზარმაზარი ომი, ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში და უკრაინის დედაქალაქი იბომბება. ამის შემჩერებელი დღეს არავინ არ არის. ვთქვათ პირდაპირ: სანქციები არ არის ეფექტური საშუალება და ისიც ვთქვათ, ვინ ომობს - ომობს უკრაინელი ჯარი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მეხუთე დღეა, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ძალებით შევიდა და სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს. რუსეთს შესაჩერებლად აშშ-მ, ევროკავშირმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და ა.შ. სანქციები დაუწესეს. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ "ეროვნული ინტერესებიდან" გამომდინარე, არ აპირებს შეუერთდეს ამ სანქციებს.

XS
SM
MD
LG