საქართველოს პარლამენტის წევრი და "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია მმართველი პარტიის წევრების გაკეთებული განცხადებების გამო ფიქრობს, რომ "ქართული ოცნება" უკრაინაში დაწყებულ ომში რუსეთის მხარესაა. ხვიჩიას თხოვნას, ეთქვათ, ვის მხარეს არიან მმართველ გუნდში, კონკრეტული პასუხი არ მოჰყოლია.
"ზოგადად ეს პოზიცია, რომელიც "ქართულ ოცნებას" უჭირავს, პრემიერის სახით, არის ძალიან საშიში იმის გათვალისწინებით, რომ ამ ბრძოლას რუსეთი არ იგებს. როდესაც მთელმა მსოფლიომ იცის, რომ აგებს ამ ბრძოლას და ჩვენ ვიძახით, რომ არ მუშაობს სანქციები, უკრაინა მარტოა და ა.შ. გამოდის, რომ ჩვენ ვგულშემატკივრობთ არასწორ მხარეს. არასწორი მხარის პოზიცია არის ძალიან საშიში", - თქვა იაგო ხვიჩიამ პარლამენტში ბიუროს სხდომაზე.
მის ამ პოზიციას უმრავლესობის წევრებთან შეკამათება მოჰყვა:
მიხეილ სარჯველაძე: "არ არის ეს სწორი. ვინ ვის გულშემატკივრობს, ტყუილია ეს"
იაგო ხვიჩია: "დააფიქსირეთ, ვის გულშემატკივრობთ და რაში გამოიხატება თქვენი გულშემატკივრობა, აქეთ რომ "ბლატაობთ" მართლა. არ იცით, რა სამარცხვინო პოზიციით მოძრაობთ ახლა?"
მიხეილ სარჯველაძე: "ნუ ყვირიხარ და ნუ იტყუები! აზრი არ აქვს, ნუ დამაბრალებ".
იაგო ხვიჩია: "შენზე არაფერი მითქვამს. სამარცხვინო პოზიციით მოძრაობთ, წაგებული რუსეთის მხარეს ხართ. გესმით, რას ლაპარაკობთ?"
დღეს, 28 თებერვალს მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ უკრაინაში დაწყებული ომის გამო დაწესებული სანქციები არ არის ეფექტური. მისი თქმით, ოპოზიცია "გვიკიჟინებს ჩავერთოთ ომში, სანქციები დავუწესოთ რუსეთს".
მეხუთე დღეა, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ძალებით შევიდა და სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს. რუსეთს შესაჩერებლად აშშ-მ, ევროკავშირმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და ა.შ. სანქციები დაუწესეს. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ "ეროვნული ინტერესებიდან" გამომდინარე, არ აპირებს შეუერთდეს ამ სანქციებს.