უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა "ტვიტერზე", მათ შორის, ქართულ ენაზე გამოაქვეყნა ტექსტი, რომელშიც იმედს გამოთქვამს, რომ ქართველ მოხალისეებს უკრაინაში ჩასვლა შეეძლებათ.
"მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია, ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება", - წერს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი "ტვიტერზე".
რამდენიმე წუთში შმიჰალმა "ტვიტერზე" საქართველოსთან დაკავშირებული მეორე პოსტიც გამოაქვეყნა: "თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში!"
მანამდე მედიაში მოხალისეებზე დაყრდნობით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქართველი მოხალისეების წასაყვანად უკრაინიდან უნდა გამოფრენილიყო თვითმფრინავი, თუმცა მან ვერ მიიღო შესაბამისი ნებართვა და რეისი არ შედგა.
რადიო თავისუფლება ცდილობს ამ ცნობის შესაბამის ოფიციალურ უწყებებთან გადამოწმებას.