Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ქურასბედიანი: ახლა მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე დღე გავუძლოთ


სოფელ სჩასტიეს მისადგომები, აღმოსავლეთი უკრაინა, 2022 წლის
სოფელ სჩასტიეს მისადგომები, აღმოსავლეთი უკრაინა, 2022 წლის

პროფესიონალი ქართველი სამხედრო, ვიცე-პოლკოვნიკი ირაკლი ქურასბედიანი უკრაინის თავდაცვით ძალებში მოხალისედ 2014 წელს ჩაეწერა - დონბასში რუსეთის მხარდაჭერილი შეიარაღებული ამბოხების შემდეგ. დღემდე იმყოფება და ასრულებს სპეციალურ სადაზვერვო დავალებებს სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში.

დონბასში, ფრონტის ხაზის მახლობლად მყოფ ირაკლი ქურასბედიანს რადიო თავისუფლება სკაიპის საშუალებით პრაღიდან დაუკავშირდა.

ირაკლი ქურასბედიანი: მე ვარ ახლა [უკრაინის] აღმოსავლეთში, სადღაც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების საზღვართან, კონკრეტულ დასახლებულ პუნქტში, იმ ფრონტის ხაზზე, რომელიც აქამდე იყო ბოლო 8 წლის მანძილზე.

კობა ლიკლიკაძე: შენ ჩვენთან სასაუბროდ სპეციალურად შეარჩიე ასეთი მშვიდი ადგილი, მაგრამ, მე რამდენადაც ვიცი, საკმაოდ დაძაბული ოპერატიული ვითარებაა იქაც, სადაც შენ იმყოფები.

ირაკლი ქურასბედიანი: კი, კი... საქმე რაშია ახლა, მე ჩემი სპეციფიკიდან გამომდინარე მიწევს მოძრაობა. ახლა ისედაც ადგილზე გაჩერება ამ ტიპის ომში არ შეიძლება. სულ მუდმივად გადავადგილდებით, სულ მუდმივად ვმოძრაობთ. ქვედანაყოფები, რომლებიც წინა ხაზზე სანგრებს იცავენ, ისინი დგანან. აღმოსავლეთის მიმართულებით... ჯერჯერობით გუშინ სცადეს [შემოტევა], იყო მძიმე საარტილერიო დუელები, მაგრამ რეალურად კარგად ესმის თვითონაც [რუსეთს], რომ აქ შეუძლებელია მათ რაიმე გამოარღვიონ და წამოვიდნენ. ამიტომაც ძირითადი მიმართულება იქითაა და [შეტევის] მთელი ყურადღება კიევზეა გადატანილი ჩრდილოეთიდან და სამხრეთ მიმართულებით.

კობა ლიკლიკაძე: ირაკლი, რა ჩანაფიქრი აქვს რუსეთს? ჯერ ერთბაშად, შტურმით აიღოს კიევი და მერე ნაწილ-ნაწილ, წერტილოვნად დაუბრუნდეს დანარჩენ ადგილებს?

ირაკლი ქურასბედიანი: მაგათთვის ყველაზე მთავარი არის კიევის ან აღება, ან იმ მდგომარეობაში ჩაგდება, რომ [უკრაინის] მთავრობა მათი აზრით გახდეს არალეგიტიმური, გაიქცნენ, წავიდეს დევნილობაში, ან აიყვანონ და გაანადგურონ, ანუ მოხდეს ჩამორღვევა სახელმწიფო სისტემის, სახელმწიფო სტრუქტურის. შემდეგ ისეთი ადამიანების დასმა, ვისაც უკვე მოელაპარაკებიან და ეტყვიან: რაკი თანახმა ხართ, რომ იყოთ ჩვენი მეგობარი, მაშინ გვექნება მშვიდობა. იმიტომ, რომ ოკუპაციით... გასაგებია, კაი, დავუშვათ, აიღეს ნახევარი უკრაინა, შემდეგ რა? ჯერ ერთი, უკვე არ ყოფნით ძალები...

კობა ლიკლიკაძე: ირაკლი, აშკარაა მართლაც და ასეც ჩანს, რომ ეს ძალები [რუსეთს] არ ჰყოფნის და ახლოს არიან იმ ვითარებასთან, რასაც შეიძლება ჩაფუშვა ეწოდოს.

ირაკლი ქურასბედიანი: კი, კი და მნიშვნელოვანია ახლა ჩვენი მხრიდან, რომ რამდენიმე დღე გავუძლოთ... იმიტომ, რომ მე რასაც გუშინ ვუყურე, გასაგებია, რომ მე ერთ მონაკვეთზე ვარ, საკმაოდ ფართოზე, მაგრამ მაინც ერთი მონაკვეთია, მაგრამ სურათს მაინც ისე ვერ ვხედავ, როგორც მოდის საინფორმაციო წყაროებში. მაგრამ რასაც საერთო რუკაზე ვხედავ, როგორც სამხედრო - ის, რაც ერთი დღის განმავლობაში, წესით, ამ ტიპის ოპერაციისას უნდა შეესრულებინა ასეთ მასებს, - 60-ზე მეტი ბატალიონ-ტაქტიკური ჯგუფია, 40-60 ათას კაცზეა საუბარია მარტო შემტევ ძალაში, მხოლოდ არაუზრუნველყოფის ნაწილებში, - ბევრად მეტისთვის უნდა მიეღწიათ, ბევრად მეტი უნდა აეღოთ, მაგრამ არ გამოუვიდათ, ეს აშკარად ეტყობა.

კობა ლიკლიკაძე: ირაკლი, თავში რომ ვახსენე, ე.წ. სამხედრო ოპერაცია დონეცკსა და ლუგანსკში-მეთქი, მინდოდა აზრი განმევითარებინა, რომ იქით კი არ მიდის საბრძოლო ოპერაციის მთელი დატვირთვა, არამედ სწორედ კიევია [რუსეთის] მთავარი სამიზნე და მინდოდა ისიც მეთქვა, ადგილის დაუსახელებლად, რომ ახლა შენ სწორედ ერთ-ერთ ამ ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მახლობლად იმყოფები.

ირაკლი ქურასბედიანი: კი. და იცით, როგორ არის, დონეცკის და ლუგანსკის ოლქი რასაც ჰქვია, ადმინისტრაციული ტერიტორია, რეალურად ხომ ისინი [სეპარატისტები] აკონტროლებენ ამ ტერიტორიის დაახლოებით 40%-მდე. უმეტესობას - ჩვენ ვაკონტროლებთ ჯერ კიდევ 2014 წლიდან.

კობა ლიკლიკაძე: ამ ორ, ორდღე-ნახევრის განმავლობაში რუსეთის პროპაგანდისტული საშუალებები აცხადებდნენ, რომ მხოლოდ 6 კილომეტრით წაიწიეს წინ, რაც ამხელა ფრონტისთვის ძალიან ცოტაა.

ირაკლი ქურასბედიანი: ეგ შესაძლებელია გარკვეულ მონაკვეთებზე, სადაც ჩვენმა ქვედანაყოფებმა შეხედეს, რომ უკეთესი პოზიციებია უკან და დაიხიეს. ეს დიდი ქვეყანაა, სულ სხვა მასშტაბებია და აქ არის მანევრული თავდაცვის წარმოების საშუალება. და რომ იციან ეს, ჩვენ შეგვიძლია აქედან დნეპრამდე, ყველაზე ცუდ ვარიანტში - უკან დახევით, შეგვიძლია მთელი თვე ვიაროთ უკან, მაგრამ ისეთი ზიანი მივაყენოთ, რომელიც აბსოლუტურად აუნაზღაურებელი იქნება რუსეთისთვის.

კობა ლიკლიკაძე: ირაკლი, შენ კადრს მიღმა საინტერესო ფონია, ეტყობა, რომ აღჭურვილობა სულ თან დაგაქვს, როცა გადაადგილდები. ეს ალბათ შენი სამხედრო პროფილიდან გამომდინარეა, ხო?

ირაკლი ქურასბედიანი: ჩემ პროფესიასთან დაკავშირებით იცი შენ ეს, სად, როგორ და სწორედ იმ კუთხით... მე არ ვარ ახლა სანგარში, წინა ხაზზე. ცოტა სხვა, ოპერატიულ-სადაზვერვო კუთხით ვმუშაობ.

კობა ლიკლიკაძე: დაბოლოს, როგორ ისურვებდი, რომ წარგადგინო, როგორც მოხალისე თუ როგორ?

ირაკლი ქურასბედიანი: აქ მოხალისე ვარ, გასაგებია. ისე რა ვიცი... ირაკლი ქურასბედიანი, ქართული არმიის ვიცე-პოლკოვნიკი, რომელიც, სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის დავრჩები ჩემი არმიის წევრად, ჩემს გულში.

ირაკლი ქურასბედიანი, ვიცე-პოლკოვნიკი. 1992 წლიდან მსახურობდა საქართველოს ჯარში, არის აფხაზეთის (1992-1993წწ.) და რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე. სხვადასხვა დროს იყო თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების კოჯრის ნაწილის და „კომანდოს“ ბატალიონის ჯარისკაცი. სამხედრო აკადემიის დასრულების შემდეგ ჯერ მე-11 ბრიგადის დაზვერვის უფროსად, შემდეგ კი სამხედრო კონტრდაზვერვაში დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG