უკრაინისა და რუსეთის საკითხში თურქეთი ჯერ ისევ შუამავლის როლის შესრულებას ცდილობს; თუმცა ურყევად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და მკაფიო პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს კიევს.
მზარდი დაძაბულობის ფონზე, 21 თებერვალს საქართველოში თურქეთის საპარლამენტო დელეგაცია ჩამოვიდა - მხარდამჭერი გზავნილებითა და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილით.
- როგორია ანკარის გაცხადებული პოზიციის ნიუანსები უკრაინასთან, საქართველოსა და რუსეთთან მიმართებით?
- როგორ მოიქცევა ანკარა, თუკი ევროპაში მასშტაბური ომი მაინც დაიწყება?
თურქეთი და ომის საფრთხე
იანვრის მიწურულს პროკრემლისტურმა მედიასაშუალებებმა ფართოდ გააშუქეს თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის მიერ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ ნატოს წევრი თურქეთი ალიანსის წევრებთან ერთად დადგება.
„ჩვენ გვინდა, რომ ამჟამინდელი კრიზისი დიალოგისა და დიპლომატიის გზით გადაწყდეს. მოვუწოდებთ რუსეთს და უკრაინას კონსტრუქციული ქმედებებისკენ. მაგრამ თურქეთი შეასრულებს ნატოს წევრობის მოთხოვნებს“, - უთხრა მაშინ ერდოანმა ჟურნალისტებს და იქვე დასძინა, რომ ანკარამ იმთავითვე „დაიკავა მკაფიო პოზიცია რუსეთის მიერ უკრაინის [ტერიტორიული] მთლიანობის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯება და, განსაკუთრებით, ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით“.
ამ სიტყვების შემდეგ, რუსეთის მედიაში გაჩნდა შეკითხვა - სადამდე წავა თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ?
დეკემბერ-იანვარში, მათ შორის - რუსი ანალიტიკოსები, ლაპარაკობდნენ თურქეთის პასიურობაზე. თუმცა უკვე თებერვლის დასაწყისში ანკარამ მოსკოვისთვის უსიამოვნო ნაბიჯები გადადგა.
3 თებერვალს კიევში ჩასულმა რეჯებ ტაიპ ერდოანმა, უკრაინის პრეზიდენტთან ერთად, ხელი მოაწერა ბევრ შეთანხმებას და მათ შორის ექსპერტები საგანგებოდ გამოყოფენ ორს:
- მანამდე დიდი ხნის განმავლობაში გაჭიანურებულ შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ - ითქვა, რომ ეს დოკუმენტი ორ ქვეყანას შორის ამჟამად არსებული 5-მილიარდდოლარიანი სავაჭრო ბრუნვის 10 მილიარდამდე გაზრდის შესაძლებლობას იძლევა;
- შეთანხმება სამხედრო სფეროში, რაც ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო თვითმფრინავის (დრონის) - „ბაირაქთარის“ (Bayraktar TB2) ერთობლივად უკრაინაში წარმოებას შეეხება. ამ ტიპის საფრენმა აპარატებმა, ანალიტიკოსების შეფასებით, გადამწყვეტი როლი ითამაშა ყარაბაღის ბოლო სამხედრო კონფლიქტის დროს თურქეთის მიერ მხარდაჭერილი აზერბაიჯანის მიერ მოპოვებულ უპირატესობაში.
2020 წლის ბოლოს უკრაინამ თურქეთისგან რამდენიმე ერთეული Bayraktar TB2 შეიძინა და, როგორც საერთაშორისო ანალიტიკოსები შენიშნავენ, პუტინი ძალიან გააბრაზა კიევის მიერ თურქული დრონის გამოყენებამ გასული წლის შემოდგომაზე.
18 თებერვალს ტელეფონით ისაუბრეს თურქეთის პრეზიდენტმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა. საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემად ანკარა „რეგიონალურ საკითხებს“ ასახელებს.
2022 წელს თურქეთი ნატოში გაწევრიანების 70-ე წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ ქვეყნის არმია, 2021 წლის მონაცემებით, 890 ათასზე მეტ სამხედროს ითვლის და, აშშ-ის შემდეგ, სიდიდით მეორეა ნატოს სახელმწიფოებს შორის.
ანკარა კიევსა და მოსკოვს შორის დღემდე შუამავლის როლის შესრულებას ცდილობს და, უკვე კარგა ხანია, მოლაპარაკებებისთვის მხარეებს თავისთან იწვევს, მაგრამ ვითარება თანდათან ისე იძაბება, რომ მსოფლიო ლიდერები დაზუსტებით ვეღარც იმას ამბობენ - ხომ არ ჩაშლის ომი 24 თებერვლისთვის დაგეგმილ შეხვედრას აშშ-სა და რუსეთის საგარეო უწყებათა პირველ პირებს შორის.
თურქეთი და რუსეთი
დაპირისპირება სირიაში, ლიბიაში, ჩამოგდებული თვითმფრინავი და სხვა - თურქეთს რუსეთთან ურთიერთობებში არაერთი მსხვილი პრობლემა ჰქონია, თუმცა მხარეები ყოველთვის ახერხებდნენ კრიზისების გადალახვას და მეგობრობის დემონსტრირებას.
რუსეთისა და თურქეთის თანამშრომლობა განმტკიცდა ყარაბაღის ბოლო სისხლიანი კონფლიქტის შემდეგაც, სამხრეთ კავკასიაში მათი გავლენის გაძლიერების ფონზე. მალევე, თურქეთის პრეზიდენტმა გაახმაურა იდეა - „3+3“-ის ახალი ფორმატის შექმნის შესახებ, რომელშიც მონაწილეობს რუსეთი და სადაც ასევე იგულისხმებოდა საქართველო. თბილისი უარს აცხადებს, თუმცა მას ამ საკითხს პერიოდულად სხვადასხვა მხრიდან შეახსენებენ.
რუსეთისა და თურქეთის მეგობრობას ხშირად უწოდებენ „მყიფეს“ და რუსი ანალიტიკოსების ნაწილი იმასაც შიშობს, რომ, ომის დაწყების შემთხვევაში, თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ იხელთებს დროს.
რუსულენოვან მედიაში ბევრგან გვხვდება დისკუსიები გადამდგარი რუსი გენერალ-პოლკოვნიკის, „რუსეთის ოფიცერთა კრების“ ხელმძღვანელის, ლეონიდ ივაშოვის განცხადებაზე, რომ - ომის დაწყების შემთხვევაში, რუსეთს ნატოსთან დაპირისპირება გაანადგურებს, ხოლო ამ პროცესში თავის როლს შეასრულებს თურქეთიც.
გენერალ-პოლკოვნიკის თქმით:
- „რუსეთის არმიას ბრძოლის პროცესში მოუწევს შეტაკება „ნატოს ბევრი ქვეყნის სამხედროებსა და ტექნიკასთან“, რის შემდეგაც „ალიანსი ვალდებული იქნება, ომი გამოუცხადოს რუსეთს“.
- თურქეთი ნატოს მხარეს დადგება და ამ ქვეყნის არმია და ფლოტი მიიღებს ბრძანებას - „გაათავისუფლოს ყირიმი და სევასტოპოლი“ და „შესაძლოა შეიჭრას კავკასიაში“.
„კავკასიაში თურქეთის შეჭრა“ თუ „თურქეთის მიერ საქართველოს გადაყლაპვა“, ანალიტიკოსების დაკვირვებით, პროკრემლისტური ძალების პროპაგანდის ნაწილია და ის ემსახურება უკვე „გაცვეთილ იდეას“ - კავკასიის ქვეყნებში რუსეთის, როგორც მფარველის ხატის გაძლიერებას.
„რონდელის ფონდის“ წარმომადგენელი დავით ბატაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ძნელი სათქმელია, ზუსტად როგორ მოიქცევა თურქეთი ომის დაწყების შემთხვევაში, როცა „ძალიან ბევრი რამ შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს“; მაგრამ ერთი რამ მისთვის ცხადია, რომ „თურქეთს არ უნდა რუსეთის გაბატონება [შავი ზღვის] რეგიონში“ და, შესაბამისად, „ადეკვატურია, რომ უკრაინას უჭერს მხარს“.
თურქეთს შეუძლია, ჩაუკეტოს გზა სამხედრო გემებს და მათ შავ ზღვაში შესვლის უფლება არ მისცეს.
1936 წლის მონტრეს კონვენცია შავ ზღვაში ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გავლით სამხედრო ხომალდების შესვლას არეგულირებს. ხოლო ამ მექანიზმის გასაღები მთლიანად თურქეთის ხელშია.
თურქეთი და საქართველო
საერთაშორისო ექსპერტები და მედია ამ დღეებში არცთუ იშვიათად იხსენებენ იმ ფაქტს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს თურქეთმა ამერიკულ სამხედრო გემებს შავ ზღვაში შესვლის უფლება არ მისცა. თუმცა მას შემდეგ, ანალიტიკოსები ხედავენ ასევე, რომ თურქეთმა დაიწყო ახალი გზების ძიებაც, რაც ნატოს ქვეყნების გემებს შავ ზღვაში შესვლას გაუადვილებს და ვადებთან დაკავშირებულ შეზღუდვებსაც მოუხსნის.
„საქართველო თურქეთის სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონში უსაფრთხოება და სიმშვიდე - თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს გაერთიანებას ნატოსა და ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში, ასევე, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ამას ჩვენ მტკიცედ ვაცხადებთ ყველა პლატფორმის გამოყენებით“, - თქვა 21 თებერვალს, თბილისში ჩამოსულმა მუსტაფა შენთოფმა - თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ.
თურქეთის დელეგაცია საქართველოში ქართული მხარის მოწვევით ჩამოვიდა. გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ოქმი საქართველოსა და თურქეთის საკანონმდებლო ორგანოებს შორის.
„შევთანხმდით, რომ ამ ხელშეკრულების გამოყენებით და საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერების გზით, წვლილს შევიტანთ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაში“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოში გააქტიურებული პრორუსული ძალები თურქეთს მუდმივად ოკუპანტ ქვეყნად მოიხსენიებენ. კვლევების თანახმად, ეს აქცენტიც კრემლის პროპაგანდის ნაწილია - რათა მოხდეს ყურადღების გადატანა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკიდან.
„პრორუსული ძალების პროგნოზი იყო, რომ ხელმოწერიდან მე-100 წლისთავზე, ყარსის ხელშეკრულებას ვადა გაუვიდოდა და თურქეთი საქართველოს აჭარას წაართმევდა... ამ ხელშეკრულებას 100 წელი შარშან [ოქტომბერში] შეუსრულდა და არაფერი შეცვლილა... თურქეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ცნობს გაეროსა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში. ქვეყანა, რომელიც ამას არ აკეთებს - რუსეთია. მათი გაიგივება სრულიად უსაფუძვლოა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა თუ ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერი განცხადებები, მათ შორის - ახლო წარსულშიც, არაერთხელ გააკეთა პრეზიდენტმა - რეჯეპ ტაიპ ერდოანმა თუ საგარეო საქმეთა მინისტრმა - მევლუთ ჩავუშოღლუმ. ეს ფაქტები არასდროს დარჩენილა რუსული მედიის ყურადღების მიღმა.