Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანმა დაადასტურა წინადადება უკრაინასა და რუსეთს შორის თავისი შუამავლობის შესახებ


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი შეხვედრისას კიევში, 3 თებერვალი, 2022 წელი.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი შეხვედრისას კიევში, 3 თებერვალი, 2022 წელი.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის წინადადებას, შუამავლობა გასწიოს კიევსა და მოსკოვს შორის.

კიევში ვიზიტის დროს, 3 თებერვალს, ერდოანმა განაცხადა, რომ „თურქეთი მზად არის იკისროს ორ მეგობრულ, შავი ზღვისპირა მეზობელ სახელმწიფოს შორის შუამავლობა“. ერდოანის თქმით, ის „მოხარული იქნება მოეწყოს სამიტი ლიდერების დონეზე ან მოლაპარაკება ტექნიკურ დონეზე თურქეთში“.

ზელენსკიმ მადლობა უთხრა ერდოანს მისი ინიციატივისთვის და მიესალმა თურქეთის გეგმას, კიევში თავისი დიპლომატიური წარმომადგენლობის გაფართოების და შეთანხმების გარშემო, რომელიც უკრაინის ქარხნებს თურქული დრონების წარმოების ნებართვას მისცემს.

ერდოანი ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერთაგან ბოლოა, რომელიც კიევში ჩავიდა რუსეთის და უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების მოზღვავების შემდეგ გამწვავებული კრიზისის მოგვარების მიზნით დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურების ფონზე.

უფრო ადრე ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მოსკოვი დაადანაშაულა 30 ათასამდე სამხედროს მობილიზებაში ბელარუსში ამ თვის ბოლოსთვის დაგეგმილი მანევრების წინ. სტოლტენბერგის განცხადება გაკეთდა მას მერე, რაც ვაშინგტონმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნატოელი მოკავშირეების გასაძლიერებლად ათასობით სამხედროს გააგზავნის ევროპაში.

რუსეთი, რომელიც უარყოფს, რომ გეგმავს უკრაინაში შეჭრას, აცხადებს, რომ აშშ-ის მოქმედება ხელს უწყობს კრიზისის გამწვავებას დეესკალაციის ნაცვლად.

XS
SM
MD
LG