26 ოქტომბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ დონბასის რეგიონში პირველად გამოიყენა უპილოტო აპარატი მოწინააღმდეგის საარტილერიო დანადგარის გასანადგურებლად.
მაგრამ უკრაინის ამ განმარტებამ ვერ დააკმაყოფილა გერმანია და საფრანგეთი, რომლებმაც „შეშფოთება გამოხატეს“ კონფლიქტის ზონაში დრონის გამოყენების გამო.
„პარტნიორების ადგილზე მე პირველ რიგში იმით აღვშფოთდებოდი, რომ ჰაუბიცა, რომელიც მინსკის შეთანხმებით აკრძალულია, იქ იყო, სადაც არ უნდა ყოფილიყო“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების პასუხად.
კიევის კრიტიკა ასევე დაიმსახურა რამდენიმე წამყვანმა დასავლურმა გამოცემამ, რომლებმაც წინა კვირაში გაავრცელეს ცნობა და შესაბამისი სატელიტური ფოტოსურათები უკრაინის საზღვართან რუსეთის დამატებითი სამხედრო ძალების გადასროლის შესახებ, რასაც უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა, „შეგნებული დეზინფორმაცია“ უწოდა.
ჰიბრიდული ომის მორიგი კულმინაცია?
26 ოქტომბერს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ძალიან მცირე დრო დასჭირდათ იმისათვის, რომ თურქეთისგან შეძენილი „ბაირაქთარის“ კლასის ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატიდან გაშვებული მართული რაკეტით გაენადგურებინათ სეპარატისტების საარტილერიო დანადგარი.
უკრაინის სამხედრო ძალების ხელმძღვანელობას არ დაუმალავს უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენების ფაქტი, რადგან საბრძოლო ამოცანის შესრულების დროს მას არ გადაუკვეთია გამყოფი ხაზი და ის საარტილერიო სისტემა გაანადგურა, რომელიც, კიევის განმარტებით, კონფლიქტის ზონაში არ უნდა ყოფილიყო.
მაგრამ საპირისპიროს ამტკიცებენ დონბასელი სეპარატისტები. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იერიშისთვის დრონის გამოყენებით კიევმა მინსკის შეთანხმება დაარღვია.
კრემლის ოფიციალური კომენტარი როგორც თურქეთის, ისე უკრაინის კრიტიკას შეიცავდა.
კრემლმა 27 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინისთვის მოიერიშე დრონების მიყიდვის შესახებ თურქეთის გადაწყვეტილების თაობაზე შიში გამართლდა და რომ თურქულმა დრონებმა აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაცია შეიძლება გამოიწვიოს.
თუმცა, პესკოვის ამ განცხადებიდან სულ მალე, დასავლეთის წამყვან გამოცემებში, ჯერ „ვაშინგტონ პოსტსა“ და შემდეგ „პოლიტიკოში“, ამერიკის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გავრცელდა ცნობები, რომელთა თანახმად რუსეთმა კვლავ განაახლა ცოცხალი სამხედრო ძალისა და ტექნიკის გადასროლა უკრაინის საზღვრებთან.
სტატიაში საუბარია იმაზე, რომ ციმბირის ქალაქ ნოვოსიბირსკში დისლოცირებული 41-ე საერთო-საჯარისო არმია სამხედრო სწავლება „დასავლეთი 2021“-ის დასრულების შემდეგ თავისი შეიარაღებითა და ტექნიკით ციმბირში კი არ დაბრუნებულა, არამედ უკრაინის საზღვართან მობილიზებულ სხვა სამხედრო ნაწილებს შეუერთდა.
ცნობისათვის, რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სტრატეგიული დონის წვრთნა „დასავლეთი 2021“ 10 სექტემბერს, ბელარუსის და დასავლეთ რუსეთის ტერიტორიების გარდა, ასევე ბალტიის ზღვას მოიცავდა. წვრთნაში, რომლის მსგავსი ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება, კრემლის ცნობით, მონაწილეობდა 200 ათასი სამხედრო მოსამსახურე, 80 თვითმფრინავი, 290 ტანკი, 240 საარტილერიო დანადგარი, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, ნაღმმტყორცნები და ასევე 15 ხომალდი.
ბოლო ათწლეულებში ევროპაში უდიდესი მანევრები შეშფოთებას იწვევს ნატოში, რომელიც აცხადებს, რომ კრემლმა უარი თქვა მეთვალყურეთა მიწვევაზე, რაზეც მას ვალდებულება აქვს ნაკისრი საერთაშორისო შეთანხმებით.
ხოლო დამოუკიდებელი უკრაინელი ექსპერტები რუსეთის მიერ არჩეული „ჰიბრიდული ომის“ ტაქტიკის მორიგ კულმინაციაზე ალაპარაკდნენ.
„ვითარება ძალიან ჰგავს იმას, რაც უკრაინის გარშემო საზღვრებზე იყო ამა წლის ზაფხულში, როდესაც რუსეთი ასევე ათამაშებდა კუნთებს. მაგრამ ამჯერად [ძალის დემონსტრირებას] დამატებითი ფაქტორებიც ემატება: უპირველეს ყოვლისა, ესაა უკრაინის მიერ უპილოტო „ბაირაქთარის“ გამოყენება, რამაც საგრძნობლად გააღიზიანა რუსეთის ფედერაცია და, შესაბამისად, უფრო გადაჭრით, უფრო თავხედური და, შესაძლოა, უფრო ასიმეტრიული ქმედებისკენ უბიძგა. მეორე მხრივ, რუსეთმა 1 ნოემბრიდან უარი თქვა უკრაინისათვის ენერგეტიკული ნახშირის და ბელარუსის გავლით ელექტროენერგიის მოწოდებაზე. ასე რომ, ჩვენ სინამდვილეში ვხედავთ ჰიბრიდული ომის მორიგ კულმინაციას კრემლის შესრულებით“, - უთხრა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს ევჰენ მაგდამ, კიევის „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა.
შარშან აპრილში აშშ-სა და ევროკავშირს მთელი თავიანთი დიპლომატიური ძალისხმევის გამოჩენა დასჭირდათ იმისათვის, რათა მოეხდინათ ვითარების დეესკალაცია უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან და რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, სადაც რუსეთმა ბოლო 7 წლის განმავლობაში უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო ძალებს მოუყარა თავი.
ჰიბრიდული ძალების გააქტიურება და კიევის „მოულოდნელი“ რეაქცია
ორშაბათს, 1 ნოემბერს, თანამგზავრის საშუალებით გადაღებული სატელიტური ფოტომასალა გავრცელდა, როგორც უკრაინის საზღვართან რუსეთის დამატებითი სამხედრო ძალების კონცენტრაციის დასტური. სატელიტური ფოტოები ავტორიტეტიანმა ამერიკულმა გამოცემა „პოლიტიკომ“ გამოაქვეყნა.
ევროპელ და ამერიკელ მოხელეებზე დაყრდნობით, პოლიტიკო წერს, რომ სამხედრო ძალების ასეთი თავმოყრა მას შემდეგ დაიწყო, რაც თვე-ნახევრის წინ კრემლმა დაასრულა ბელარუსთან ერთად მიმდინარე სამხედრო სწავლება „დასავლეთი 2021“
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ და უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ უარყვეს დასავლეთის მედიაში გამოქვეყნებული საგანგაშო ცნობა რუსეთის მხრიდან დამატებითი ძალების გადასროლის შესახებ და განმარტეს, რომ ლაპარაკია რუსეთის იმ დანაყოფებზე, რომლებიც „დასავლეთი 2021“-ის სწავლებიდან უკან ბრუნდებოდნენ.
უკრაინის აღმოსავლეთ საზღვარზე რუსეთის ჯარების შესაძლო კონცენტრაციის თაობაზე გავრცელებულ ცნობის პასუხად უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა დასავლური მედია „შეგნებული დეზინფორმაციის გავრცელებაში“ დაადანაშაულა.
„ხდება მთელი საზოგადოების შეგნებული დეზინფორმირება. ვთქვათ ასე - რასაც ისინი წერენ, სინამდვილეს არ შეესაბამება. ჩვენ თვალს ვადევნებთ ყველა პროცესს, ეს დეზინფორმაციაა და ჩვენთვის გაუგებარია, თუ რატომ აკეთებენ ამას... რა იქნება ხვალ, არ ვიცით, მაგრამ დღეს ასეთი კონცენტრაცია, ძალთა ისეთი თავმოყრა, რაზეც ისინი წერენ, არ ხდება“, - უთხრა ალექსეი დანილოვმა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს.
უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მონაცემებით, სიტუაცია უკრაინა-რუსეთის საზღვარზე ისეთივეა, როგორიც იყო ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, რასაც სატელიტური ფოტოების ერთმანეთთან მარტივი შედარებაც დაადასტურებს.
„დაე, მათ გვაჩვენონ ფოტოები, რომელიც იქ სამი თვის წინ და ორი კვირის წინ არის გადაღებული - თქვენ ერთსა და იმავე ფოტოებს დაინახავთ“, - დასძენს ალექსეი დანილოვი.
მაგრამ, ოფიციალური კიევისგან განსხვავებით, „პოლიტიკოსა“ და „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ენდობიან უკრაინელი ექსპერტები და იმავეს მოუწოდებენ უკრაინის ხელისუფლებასაც.
„უკრაინის საზღვართან შექმნილ ვითარებაზე დასავლეთის მედიის მხრიდან ყურადღების მიპყრობა, ეს არა იმდენად უკრაინის ხელისუფლების, არამედ ჩვენი დასავლელი პარტნიორების, პირველ რიგში, აშშ-ის დამსახურებაა. ისინი ამით ახდენენ იმის დემონსტრირებას, რომ მოვლენათა მაჯისცემაზე უდევთ ხელი და აკონტროლებენ მომხდარს. სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფალნი ამ საკითხში თავიანთ რუს კოლეგებზე უფრო შორს არ წასულან და ზოგჯერ მათზე უფრო სწორხაზოვნად მოქმედებენ“, - ამბობს ევჰენ მაგდა.
ნიშანდობლივია, რომ 2 ნოემბერს დონბასში შექმნილი ვითარება აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ოსლოში გამართული ხანმოკლე შეხვედრის დროს განიხილა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ამ საუბრის დეტალები უცნობია.
მოგვიანებით უკრაინის არმიის გაერთიანებულმა სარდლობამ გაავრცელა ცნობა კონფლიქტის ზონაში ჰიბრიდული ძალების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევისა და ერთი უკრაინელი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ.
„ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, მოწინააღმდეგე ჩვენს პოზიციებს 120 მილიმეტრის კალიბრის ნაღმსატყორცნებიდანაც უშენდა ცეცხლს“, - ნათქვამია უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერატიული შტაბის 2 ნოემბრის განცხადებაში.
აღმოსავლეთ უკრაინაში მოსკოვის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებსა და უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებას შორის კონფლიქტი 2014 წლიდან გრძელდება. საბრძოლო მოქმედებებს დღემდე 13 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.