„დიდი შვიდეულის“ ჯგუფში შემავალი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ასევე ევროკავშირმა შეშფოთება გამოხატეს რუსეთის მიერ სამხედრო ძალების კონცენტრაციით ანექსირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვრის მახლობლად და მოუწოდებს მოსკოვს, რომ შეწყვიტოს „მადესტაბილიზებელი მოქმედება“.
„ძალების ეს მასშტაბური გადაადგილება წინასწარ გაუფრთხილებლად, წარმოადგენს საფრთხის შემცველ მადესტაბილიზებელ მოქმედებას“, - ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ განცხადებაში.
წამყვანი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოუწოდეს რუსეთს, რომ დაუყოვნებლივ შეამციროს დაძაბულობა და შეასრულოს სამხედრო ძალის გადაადგილების გამჭვირვალობის შესახებ ეუთოს ქვეყნების მიერ შეთანხმებული პრინციპები.
10 აპრილს უკრაინასა და მის გარშემო განვითარებული საგანგაშო ვითარების გამო ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საგანგებო სხდომა გაიმართა. უკრაინის ხელისუფლება, რომელმაც მარტის ბოლოს საერთაშორისო საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მის საზღვართან და ასევე დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის დიდი სამხედრო ძალების გადასროლის შესახებ, შიშობს, რომ აპრილის ბოლოსთვის მოსკოვს სერიოზული პროვოკაცია უნდა ჰქონდეს ჩაფიქრებული.
ეუთოს სხდომის დოკუმენტში დეტალურად არის ჩამოთვლილი, თუ რა ძალას მოუყარა თავი რუსეთმა მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში დროებით ოკუპირებულ ყირიმში და უკრაინის საზღვრის გასწვრივ, სწორედ მშფოთვარე დონბასის მახლობლად.