Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაარღვევენ თუ არა დუმილს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები?


“მინდა დავარღვიო დუმილი და მოგაწოდოთ უტყუარი ინფორმაცია, რომელიც არა მარტო ჩვენმა ოჯახმა არამედ ბევრმა ადამიანმა იცის, რომ გიორგი კავილაძეს აქვს აღიარებული დანაშაული, მას დეტალურად აქვს აღწერილი დანაშაულის მომზადების ყველა დეტალი და დასახელებული ჰყავს დამკვეთიც, დამხმარეც და საკუთარ როლზეც ბევრი აქვს ნათქვამი. ეს იყო ძალიან დიდი ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული, როგორც მისი აღიარებითი ჩვენებიდან ვიცით”, - ასე იწყება მოკლული ნიკო კვარაცხელიას, ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის დედის წერილი, რომელიც მან 17 თებერვალს გამოაქვეყნა.

იზა ომაძე შვილის მკვლელობაში ბრელდებულების დედებს მიმართავს: „გონზე მოდით ახლა მაინც და შვილებთან ერთად საკუთარ სულსაც ნუ წარიწყმენდთ“.

ნიკოს მკვლელობის საქმის მთავარი დეტალები

22 წლის ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ათზე მეტი გასროლით, სასიკვდილოდ დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. მისი მკვლელობა დეტალურად აღწერა ქუჩის სათვალთვალო კამერამ.

სამ დღეში, 18 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ გახსნილია 15 სექტემბერს მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი.

უწყებამ დაასახელა თავდამსხმელების ვინაობაც. 2000 წელს დაბადებული ალეკო ჭელიძე და 1999 წელს დაბადებული გიორგი კავილაძე. შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აი რა წავიკითხეთ:

„ისინი მკვლელობის დღეს წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ და თავიდანვე ჰქონდათ განზრახული კვარაცხელიას მოკვლა. კვარაცხელიას თავდამსხმელები ნაქირავები ავტომანქანით ჩაუსაფრდნენ ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლთან და როცა ის გამოჩნდა ქუჩაში, 10-ზე მეტი ტყვია ესროლეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მანქანითვე მიიმალნენ“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში არაფერი იყო ნათქვამი მკვლელობის მოტივზე.

გამოძიება ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად).

ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე სამართალდამცავებმა 7 ოქტომბერს, წყნეთში დააკავეს:

„პოლიციის მიერ დადგენილ იქნა ის საცხოვრებელი სახლი, სადაც ბრალდებულები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თავს აფარებდნენ. ორივე ბრალდებულმა დაკავებისას მიმალვა სცადა, თუმცა აქტიური დევნის შედეგად მოხდა მათი დაკავება. ბრალდებულთა პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა დანები, ხოლო მათ ხელბარგში ნანახი იქნა მათი კუთვნილი საქართველოს მოქალაქის პასპორტები, ტანსაცმელი და სხვა პირადი ნივთები“, - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

გამოძიებამ მოიპოვა ბრალდებულთა გადაადგილების ამსახველი ვიდეოსამეთვალყურეო კამერების რამდენიმე ათეული ჩანაწერი, გაიჩხრიკა ათამდე საცხოვრებელი ბინა და სხვადასხვა ობიექტი, მათ შორის, გიორგი კავილაძის მაღაზია, სადაც ბრალდებულებმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოიცვალეს სისხლიანი ტანსაცმელი, რაც ნივთმტკიცება გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბრალდებულები, კვალის არევის მიზნით, იცვლიდნენ ტანსაცმელს, ავტომანქანებს და თავშესაფარ ადგილებს, რაც ართულებდა მათი ადგილმდებარეობის დროულად დადგენას და დაკავებას. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულებმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, კვალის არევის მიზნით 15-მდე ავტომანქანა გამოიყენეს.

რას ამბობენ ბრალდებულები?

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულმა ალეკო ჭელიძემ 27 დეკემბერს, სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ დანაშაული მისი ჩადენილია:

"მე თავს ვცნობ დამნაშავედ, ოღონდ ნაწილობრივ. ეს დანაშაული არის ჩემი ჩადენილი, მაგრამ არ მყოლია თანამზრახველი და არ ჩამიდენია ჯგუფურად", - თქვა ბრალდებულმა სასამართლო დარბაზში.

მასთან ერთად დაკავებულმა და ჯგუფურად მკვლელობასა და იარაღის ტარებაში ბრალდებულმა გიორგი კავილაძემ კი მოსამართლეს უთხრა:

„ჩემთვის გაუგებარია და წარმოუდგენელია, როგორ უნდა ატაროს ერთდროულად ორმა ადამიანმა ერთი იარაღი. გაუგებარიც არის და აბსურდულიც... მე დამნაშავე ვარ, რომ არ წავედი პოლიციაში და მომხდართან დაკავშირებით არ განვაცხადე".

ანუ, სასამართლო დარბაზში გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, ბრალდებულები თავს მხოლოდ ნაწილობრივ ცნობენ დამნაშავედ. ისინი გამორიცხავენ ჯგუფურ მკვლელობას. გიორგი კავილაძესთვის მიუღებელია მეორე ბრალდებაც, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაც.

გიორგი კავილაძის ადვოკატი, გიორგი ტურაზაშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციას, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ასე განმარტავს:

„მან ჩემთან საუბრისასაც თქვა და იგივე გაიმეორა სასამართლოშიც, რომ მას ეს ბრალდება არ ეკუთვნის. არასწორად აქვს ორივე მუხლი წარდგენილი. მან მითხრა: მე არ მქონდა სურვილი მასთან ერთად მომეკლა ადამიანი. ბრალდებაა შეცდომით წარდგენილი. არასწორადაა წარდგენილი. ამავეს ამბობს ის მეორე მუხლზეც. ის მეუბნება, რომ არც ჯგუფურად და არც მის გარეშე, არ შეუძენია იარაღი და არც უტარებია. საზოგადოებისთვის განვმარტავ, როდესაც ლაპარაკია, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს, ეს ისე ჩანს, თითქოს, ურჩობს ადამიანი, ანუ დანაშაული ჩადენილი აქვს, მაგრამ არ აღიარებს. ამ შემთხვევაში, ვაცხადებთ, რომ ბრალი არ არის სწორად წარდგენილი და ვერ დავეთანხმები იმას, რაც სწორი არ არის“.

რატომ მოკლეს ნიკო კვარაცხელია?

ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის მკვლელობიდან ზუსტად 5 თვის თავზე, ამ კითხვაზე პასუხი საზოგადოებისათვის კვლავაც უცნობია. ეს კითხვა ბრალდებულებისთვის მოსამართლეს სასამართლო სხდომაზე ჯერ არ დაუსვამს. ბრალდებულები მხარეებს სასამართლო სხდომაზე ჯერ არ დაუკითხავთ.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, რომელიც ბრალდებულებისა და ოჯახის ადვოკატების ინტერვიუებს ეყრდნობა, მკვლელობაში ბრალდებულებს გამოძიებისთვის ამ დრომდე არ აქვთ მიცემული ჩვენებები და ისინი დუმილის უფლებას იყენებენ.

თუმცა, როგორც ნიკო კვარაცხელიას დედის მიერ 17 თებერვალს გავრცელებულ მიმართვაში ვკითხულობთ, ოჯახს აქვს ინფორმაცია, რომ საქმის ერთ-ერთ ბრალდებულს, გიორგი კავილაძეს „დეტალურად აქვს აღწერილი დანაშაულის მომზადების ყველა დეტალი და დასახელებული ჰყავს დამკვეთიც, დამხმარეც და საკუთარ როლზეც ბევრი აქვს ნათქვამი“.

მისცა თუ არა გიორგი კავილაძემ გამოძიებას ჩვენება? რადიო თავისუფლებამ 17 თებერვალს ეს კითხვა მის ადვოკატს, გიორგი ტურაზაშვილს დაუსვა.

ბრალდებულის ადვოკატი გვპასუხობს:

„საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე, მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადგეს ობიექტური შედეგი, რაკი ჯერ პროცესი მიმდინარეობს, თავს ვიკავებ ამ კითხვაზე კომენტარისგან“.

ნიკო კვარაცხელიას დედა, ამ ეტაპზე, ჟურნალისტებთან ურთიერთობისგან თავს იკავებს და დამატებით კითხვებს არ პასუხობს.

რაც შეეხება ოჯახის ადვოკატს, პაატა მეხრიშვილს, როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, საქმის მასალებში, გიორგი კავილაძის ჩვენება არ დევს და შესაძლოა, დედას სხვა წყაროებიდან ჰქონდეს ეს ინფორმაცია ბრალდებულის აღიარებითი ჩვენების შესახებ:

„კავილაძის ჩვენება ოფიციალურად არ არსებობს. დედა, დიდი ალბათობით, ეყრდნობა პირად ინფორმაციას, რადგან მასთან მიდიოდნენ ადამიანები, აწვდიდნენ ინფორმაციას და შესაძლოა, მას სწორედ აქედან ჰქონდეს ეს ცნობები. თავდაპირველად, ჩვენი ინფორმაციით, ბრალდებულები განწყობილნი იყვნენ, რომ ეთანამშრომლათ გამოძიებასთან, მაგრამ მას შემდეგ, რაც საქმეში ადვოკატები ჩაებნენ, მათ პოზიციები შეიცვალეს“.

ოჯახის ადვოკატი, პაატა მეხრიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ახლა, როდესაც ბრალდებულები მართალია ნაწილობრივ, მაგრამ მაინც აღიარებენ დანაშაულს, ჯერი მოტივის დასახელებაზე დგას.

„დაზარალებულ მხარეს, ცხადია, აქვს ინტერესი, რომ ამ პირებმა არა მხოლოდ აღიარონ დანაშაული, არამედ დაეხმარონ გამოძიებას და მიაწოდონ ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, ვინც მათ ეს დანაშაული დაუკვეთეს. უნდა ვიცოდეთ, რა იყო ნიკოს მკვლელობის მოტივი. სასამართლოში მათი დაკითხვის ეტაპზე, სწორედ ეს იქნება მთავარი კითხვა, რომელიც სხდომაზე ჯერ არ დასმულა, რაკიღა მათი დაკითხვის ეტაპი ჯერ არ დაწყებულა. იმედია, ისინი დუმილის უფლებას არ გამოიყენებენ, დაიკითხებიან და გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ იტყვიან, ვინ შეუკვეთა ეს დანაშაული. 18 თებერვლის სხდომაზე ისინი ვერ დაიკითხებიან. თუმცა, მომდევნო სხდომაზე, შესაძლოა, ბრალდებულები დაიკითხონ“.

პაატა მეხრიშვილი დარწმუნებულია, რომ ბრალდებულებს კონკრეტული დამკვეთი ჰყავს. თუმცა, მისი თქმით, ოჯახს არ აქვს ვერსიები, თუ ვინ შეიძლება იყოს დამკვეთი და რა შეიძლება იყოს მკვლელობის მოტივი:

"დაზარალებულ მხარეს არ გვაქვს არანაირი ვერსია, რა შეიძლება ყოფილიყო ამ მკვლელობის მოტივი. ნიკოს არ ჰყოლია მტერი და მშობლის გამო შურისძიების ვერსიაც არ ვიცი, რამდენად რელევანტურია. თუმცა, არსებობს ალბათობა, რომ სხვა მიმართულებაც არსებობდეს. მთლიანად მინდობილნი ვართ გამოძიებას. ის, რომ ისინი ამას დამოუკიდებლად არ ჩაიდენდნენ და მათ უკან ვიღაც დგას, ეს ერთმნიშვნელოვანია, რადგან მათ თავში ეს დანაშაული არ მოიხარშებოდა, რადგან მათ არანაირი პირადი ინტერესი არ ჰქონდათ ნიკოს მიმართ. გამოძიების ეტაპზე გამოიოკვეთა, რომ მათ არანაირი შემხებლობა არც პირადი და არც სხვა ირიბი შეხება ნიკოსთან არასდროს ჰქონიათ. შესაბამისად, პირადი მოტივის გამო ბრალდებულები ამას ვერ ჩაიდენდნენ".

სავარაუდოდ, სასამართლო სხდომაზე დუმილის უფლებას აღარ გამოიყენებს საქმის ბრალდებული გიორგი კავილაძე, რომელიც ამ ეტაპზე, მის მიმართ წაყენებულ ბრალს არ ეთანხმება და არ აღიარებს არც ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას და არც იარაღის შეძენა-შენახვა ტარებას:

„დიახ, ის დაიკითხება და იტყვის სად მიდიოდა. იმ მანქანაში რომ ჯდება, იცის, სად მიდის. ოღონდ არა იმ განზრახვით და იმ ბრალდების ფორმულირებით, რასაც აბრალებენ. ის ვერც კი დაუშვებდა, რაც იქ მოხდა, ვლაპარაკობ სროლაზე. მას არც კი ჰქონდა წარმოდგენილი. მათ შორის არც ის, რომ მანქანაში ცეცხლსასროლი იარაღი არსებობდა“, - გვეუბნება გიორგი ტურაზაშვილი.

მისივე თქმით, ბრალდებული მასთან გარკვეულ ფაქტებზე „ფრთხილად“ ლაპარაკობს:

„ამიტომ თქვენის ნებართვით, არ ვიტყვი, თუ რაზე საუბრობს ის. უნდა დაიკითხოს სასამართლოში ოფიციალურად. უნდა მისცეს ჩვენება და ის ამისთვის მზად არის. ამ ჩვენებაში სასამართლოს მიაწვდის ინფორმაციას, რა მოხდა მის ირგვლივ. მან მითხრა, ვინ დამიჯერებს მე, რომ არ ვიცოდი, რა ხდებოდა იქ. მისთვის მძიმეა, გარდაცვლილია ახალგაზრდა ადამიანი და აბრალებენ მის მკვლელობას“.

საქმის მასალების თანახმად, სწორედ გიორგი კავილაძემ იქირავა მანქანა, რომლითაც ბრალდებულები ფიქრის გორაზე მივიდნენ და ნიკოს დაჭრის შემდეგ, კვლავ ამ მანქანით დატოვეს შემთხვევის ადგილი. ეს ფაქტი იანვრის ბოლოს სასამართლო სხდომაზე დაადასტურა იმ მოწმემაც, რომელმაც მისი თქმით, მანქანა სწორედ გიორგი კავილაძეს მიაქირავა.

რატომ იქირავა გიორგი კავილაძემ ავტომობილი? ეს კითხვა მის ადვოკატს, გიორგი ტურაზაშვილს დავუსვით. ადვოკატი გვპასუხობს, რომ მანქანის ქირაობას კონკრეტული მიზანი ჰქონდა. თუმცა, რა მიზანი, ის ამას აღარ აკონკრეტებს:

„გიორგი კავილაძეს ჰყავს პირადი მანქანა, რომელიც მწყობრში არ არის, ეს არის „ფოლცვაგენი“, რომელსაც გადაადგილებისას ვერ ენდობი. მანქანის ქირაობას მიზანი აქვს, მაგრამ არა ის, რაც პროკურორს და ბრალს წარმოუდგენია. ბრალდება ამბობს, რომ სპეციალურად იქირავა მანქანა. წარმოიდგინეთ, რომ ადამიანმა იქირავა მანქანა, იმისთვის, რომ ამ მანქანით ჩაიდინოს ასეთი მძიმე დანაშაული. საქმის მასალებშიც ჩანს, რომ გამქირავებელმა იცის პიროვნება, ვისზეც აქირავებს მანქანას და ეს იცის ოფიციალურად. არ ვიცი, რამდენად ლოგიკურია, რომ ადამიანს ჰქონდეს გადაწყვეტილი მეორე ადამიანის მოკვლა, ოფიციალურად ავლენს თავის თავს, ქირაობს მანქანას და შემდეგ იმალება“.

დაარღვევს თუ არა დუმილს სასამართლო სხდომაზე კიდევ ერთი ბრალდებული, ალეკო ჭელიძე, რომელმაც ნიკო კვარაცხელიას 10-ზე მეტი ტყვია ესროლა, ეს რადიო თავისუფლებისთვის უცნობია. მისმა ადვოკატმა, ონისე მარგიანმა, ინტერვიუზე უარი გვითხრა.

მკვლელობიდან ზუსტად ერთი თვის თავზე, 15 ოქტომბერს, ალეკო ჭელიძემ სწორედ ადვოკატ ონისე მარგიანის პირით შეუთვალა კვარაცხელიას მკვლელობის საქმით დაინტერესებულ საზოგადოებას, რომ მისთვის „არასოდეს, არავის, არაფერი დაუკვეთავს“. ბრალდებულმა ეს გზავნილი ონისე მარგიანს რუსთავის ციხის სამარტოო საკნიდან გამოატანა.

როგორც ადვოკატმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს უთხრა 15 ოქტომბერს, ალეკო ჭელიძე არც მასთან არღვევს დუმილის უფლებას: „არცერთ ჩემ შეკითხვას პასუხი არ გასცა“.

იცნობდნენ თუ არა ბრალდებულები ნიკო კვარაცხელიას?

ამ კითხვაზე, გიორგი კავილაძის ადვოკატი, გიორგი ტურაზაშვილი, რადიო თავისუფლებას ასე პასუხობს:

„პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ. ჯერ ამაზე არ ვისაუბრებ“.

ოჯახის ადვოკატი, პაატა მეხრიშვილი გვეუბნება: „ნიკო ამ ადამიანებს არ იცნობდა. არანაირი შეხება არ ჰქონიათ“.

9 თებერვალს გამართული სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, საქმის პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებულები და ნიკი კვარაცხელია ერთმანეთს არ იცნობდნენ:

„ჩვენს მიერ წარმოდგენილი იქნა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, ანუ შემთხვევის ადგილის მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, სადაც ნათლად მითითებულია მკვლელობის ჩადენის მომენტი... ამ სასამართლო პროცესზე გაქარწყლდა დაცვის მხარის განცხადება, რომ ისინი ერთმანეთს იცნობდნენ. დღევანდელ პროცესზე გამოკვლეული მასალებით დადგინდა, რომ გარდაცვლილი არ იცნობდა არც ერთ ბრალდებულს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მკვლელობამდე ერთი წუთით ადრე ერთმანეთს შეხვდნენ, თვალებში შეხედეს. თუ ისინი ერთმანეთს იცნობდნენ, მათ რაიმე სახის რეაქცია ექნებოდათ“.

ვარაუდები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დამკვეთებისა და მკვლელობის მოტივის შესახებ

ნიკო კვარაცხელია მკვლელობის ერთ-ერთ მოტივად, მკვლელობიდან მალევე, მედიაში ნიკოს მამაზე, ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ პირზე, ე.წ. „კანონიერი ქურდ“, 58 წლის გაიოზ (გია) კვარაცხელიაზე შურისძიება დასახელდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი შურისძიება უკავშირდება 20 წლის წინანდელ ინციდენტს - მოსკოვში ე.წ. „კანონიერი ქურდის“, დავით კაკულიას, იგივე „თბილისკის“ მკვლელობას. გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ახალგაზრდის მკვლელობა დავით კაკულიას შვილებმა დაუკვეთეს.

კონკრეტულად ამ ვერსიის შესახებ, ჯერჯერობით, არაფერს ამბობს გამოძიება. თუმცა, 10 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, ჟურნალისტების დასმულ კითხვაზე, იყო თუ არა კვარაცხელიას მკვლელობა შეკვეთილი, ან იკვეთება თუ არა ამ საკითხზე ბრალდებულებთან ვინმეს მხრიდან კომუნიკაცია, საქმის პროკურორი გია შაიშმელაშვილი ამბობს, რომ ამ კონკრეტულ საკითხზე გამოძიება ცალკე წარმოებად მიმდინარეობს და გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს:

„ამ ეტაპისთვის, დეტალზე ვერაფერს მოგახსენებთ. ამათი დაკავებით არაფერი დასრულებულა, საქმე გამოყოფილია სხვა შესაძლო მონაწილეების, ხელშემწყობების მიმართ და აღნიშნული საქმის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ვნახოთ, რა იქნება მტკიცებულებების მიხედვით".

ანალოგიური კითხვა გია შაიშმელაშვილს ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის ბოლო, 9 თებერვლის სხდომის დასრულების შემდეგაც დაუსვეს:

„შეკვეთილ მკვლელობასთან და მოტივთან დაკავშირებით, ბრალდებულებმა უნდა ისაუბრონ. ჩვენ ამის საშუალება მათ არაერთხელ მივეცით. ბრალდებულების მიერ მოწოდებული ინფორმაცია იქნება ერთ-ერთი ხელისშემწყობი ფაქტორი, გამოყოფილ საქმეში ზღვა მასალა არსებობს იმის, რომ პოლიციის ორგანოები კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში მუშაობენ“, - ამბობს პროკურორი.

ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადაცემა „შაბათის ეთერი“, მათ ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ ალეკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა დავით კაკულიას შვილებმა, გურამ და დავით კაკულიებმა სომხეთიდან დაუკვეთეს.

ტელეკომპანიის ცნობით, გამოძიებასთან თანამშრომლობს მოწმე მ.რ. რომელმაც მკვლელობაში ბრალდებული ალეკო ჭელიძე სომხეთში ძმებ კაკულიებთან 17 აგვისტოს, მისი მეგობრის ა.ა-ის ავტომობილით ჩაიყვანა. „შაბათის ეთერი“ მოწმის ჩვენებას აქვეყნებს:

„2021 წლის 17 აგვისტოს მე უნდა წავსულიყავი სომხეთში, კერძოდ ერევანში, ჩემს სამსახურებრივ საქმეზე, თუმცა მეორე მიზეზიც ჰქონდა სომხეთში გამგზავრებას – მე დიდი ხნის უნახავი მეგობრები გუგა იგივე (გურამ) და დავით კაკულიები უნდა მენახა. ეს ამბავი რომ გაიგო გიორგი კავილაძემ, მთხოვა, რომ სომხეთში აკო ჭელიძე გამომყვებოდა, ვინაიდან ის უნდა დახმარებოდა ძმებ კაკულიებს სომხეთში საცხოვრებელი ადგილის შეცვლაში. მე აღნიშნულზე დავთანხმდი და წავედით სომხეთის მიმართულებით, ჩემი მეგობრის ა.ა-ის ავტომობილით. ჩავედით ერევანში, სადაც ძმებ კაკულიებს შევხვდით. წავიყვანეთ ისინი ახალ საცხოვრებელ მისამართზე და ჩემი პასპორტის გამოყენებით ვუქირავეთ ახალი ბინა. ბინის ფული კაკულიებმა მომცეს და მეპატრონეს გადავუხადე. პარალელურად სამსახურებრივ შეხვედრებზე დავდიოდი და ამ პერიოდში მე ძმებ კაკულიებთან და აკო ჭელიძესთან ერთად ვცხოვრობდი”.

“შაბათის ეთერის” ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, მკვლელობაში ბრალდებულები ძმებმა კაკულიებმა სომხეთში 27 აგვისტოსაც დაიბარეს, სადაც, სავარაუდოდ, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა გადაწყდა.

„შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, გამოძიებას აქვს საზღვრის კვეთის დამადასტურებელი მონაცემები, რომლითაც დგინდება, რომ სომხეთში კავილაძე და ჭელიძე ამჯერად უკვე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ვაჟის, ბუსა ჟვანიას კუთვნილი მანქანით წავიდნენ. ტელეკომპანიის ცნობით, ამ ჩვენებას გამოძიებას ჟვანიას მეგობარი, მ.რ. აწვდის.

რა სტატუსით ფიგურირებს ბუსა ჟვანია ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში?

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ვაჟის, ბუსა ჟვანიას სახელი და გვარი პირველად ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში ბრალდებულების დაკავებიდან მალევე, ოქტომბრის დასაწყისში გამოჩნდა.

გავრცელებული ვერსიების თანახმად, ბუსა ჟვანია ერთ-ერთი იყო, რომელიც მკვლელობის შემდეგ, ალეკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს მიმალვაში დაეხმარა.

ბუსა ჟვანია, რომელიც მისი თქმით, „საზღვარგარეთ იმყოფებოდა საგანმანათლებლო საკითხებზე“, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას 12 ოქტომბერს წერილით გამოეხმაურა.

,,უკვე რამდენიმე დღეა, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს, მე ვარ დაკავშირებული ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობის საქმესთან. პირველ რიგში, მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო მომხდარის გამო. მინდა აქვე კატეგორიულად განვაცხადო, რომ აღნიშნულ საქმესთან არანაირი შეხება არ მაქვს და ინფორმაციის გავრცელებამდე - მე არავინ დამკავშირებია. მეტი სიზუსტისთვის, მინდა აღვნიშნო, რომ ამჟამად საზღვარგარეთ ვიმყოფები ჩემს პროფესიულ და საგანმანათლებლო საკითხებთან დაკავშირებით... იმედს ვიტოვებ ამ განცხადების შემდეგ, დამთავრდება სპეკულაციები და ჩემი სახელის ხსენება მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით".

10 იანვარს, ჟურნალისტების დასმულ კითხვას, ფიგურირებს თუ არა ნიკო კვარაცხელიას საქმეში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვაჟი, ბუსა ჟვანია, პროკურორი გია შაიშმელაშვილი პასუხობს: „კონკრეტული სახელები და გვარები გამოძიების ინტერესია“.

„ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც კვარაცხელიას მკვლელობის საქმის მასალებს ეყრდნობა, გამოძიების მასალებში ასევე დევს ე.წ. ოქროს მოწმის, 65 წლის ტაქსის მძღოლის, ვლადიმერ არუთინოვის ჩვენებაც, საიდანაც ირკვევა, რომ ალეკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ, მკვლელობის შემდეგ სწორედ ბუსა ჟვანიას დაურეკეს.

ოქმის მიხედვით, 15 სექტემბერს, დღის 16:30 საათზე, ვლადიმერ არუთინოვი ორმა ახალგაზრდამ ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერა და გურამიშვილის გამზირის მიმართულებით წასვლა სთხოვა.

„ტვ პირველის“ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, ირკვევა, რომ გიორგი კავილაძემ და ალეკო ჭელიძემ ტაქსის მძღოლს მობილური ტელეფონი სთხოვეს. ზარი კი ექსპრემიერის შვილის, ბუსა ჟვანიას ნომერზე განხორციელდა.

„მე ჩემს უკან მჯდომმა გამომართვა ტელეფონი. მთხოვა, რომ დარეკავდა და დამიბრუნებდა. ვიღაცას ელაპარაკებოდა და უთხრა „ბუსა, რომ იცოდე, კუს ტბაზე არ ახვიდე, ფრთხილად იყავი, ძაღლები არიან”- უთხრა გამოძიებას ვლადიმერ არუთინოვმა 16 სექტემბერს 00:55 საათზე.

ტელეკომპანიის ცნობით, ე.წ. ოქროს მოწმის ტელეფონიდან გამავალი ზარების ამოღებისა და გადამოწმების შემდეგ, დასტურდება, რომ ნომერი, სადაც კვარაცხელიას მკვლელობიდან რამდენიმე წუთში ბრალდებულმა გიორგი კავილაძემ დარეკა, ბუსა ჟვანიას სახელზეა გაფორმებული და ექსპრემიერის შვილის მფლობელობაშია.

ვლადიმერ არუთინოვი, როგორც ბრალდების მოწმე, სასამართლო სხდომაზე 4 თებერვალს უნდა დაკითხულიყო, თუმცა, რაკიღა დაცვის მხარემ უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მტკიცებულება, ტაქსის მძღოლი სასამართლო სხდომაზე აღარ გამოიკითხა და შესაბამისად, მისთვის დამატებითი კითხვების დასმა ვეღარ გახდა შესაძლებელი.

იცნობს თუ არა გიორგი კავილაძე ბუსა ჟვანიას და ჰქონდათ თუ არა მათ კომუნიკაცია ერთმანეთთან ნიკო კვარაცხელიას მკვლელობამდე და მკვლელობის შემდეგ, რადიო თავისუფლება შეეცადა ეს კითხვაც დაესვა გიორგი კავილაძის ადვოკატისთვის, თუმცა ის გვპასუხობს: "ჯერ მიმდინარეობს პროცესი, ამიტომ თავს ვიკავებ კომენტარისგან".

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე 18 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით გაგრძელდება.

22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელია, ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია. ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული სოციალური მედიის პლატფორმა თანამოაზრეებთან ერთად, 2019 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტმა შექმნა. როგორც ის სხვადასხვა ინტერვიუში ყვებოდა, პლატფორმის მიზანი სოციალური ქსელების „უსამართლო“ მიდგომის შეცვლა იყო. მისი მიზანი იყო ყველა ადამიანს მისცემოდა ინფორმაციის გავრცელების თანაბარი შესაძლებლობა - იქნებოდა ეს მომხმარებელი, რომელსაც ბევრი მეგობარი თუ გამომწერი ჰყავს თუ ადამიანი, რომელიც სოციალურ ქსელებში ნაკლებად პოპულარულია.

XS
SM
MD
LG