Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ მოკლა და რატომ Feedc-ის დამფუძნებელი ნიკოლოზ კვარაცხელია?


ნიკოლოზ კვარაცხელია
ნიკოლოზ კვარაცხელია

ვინ მოკლა და რა გახდა 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას, ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის მკვლელობის მიზეზი, ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია კვლავ არ ვრცელდება. ერთადერთი, რასაც გამოძიება მკვლელობიდან მესამე დღეს გვეუბნება, არის ის, რომ აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სხვა დეტალებს თბილისის ცენტრში, 15 სექტემბერს მომხდარი მკვლელობის შესახებ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გაავრცელებენ.

რა მოხდა ფიქრის გორაზე?

ორი დღის წინ, დაახლოებით 17 საათისთვის, ფიქრის გორაზე, კოტე მახარაძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ცხრა ტყვია ესროლეს. მკვლელობის სცენა ქუჩის ერთ-ერთმა სამეთვალყურეო კამერამ გადაიღო.

მკვლელობის ადგილი
მკვლელობის ადგილი

კამერამ დააფიქსირა ახალგაზრდა კაციც, რომელმაც ნიკოლოზ კვარაცხელიას ესროლა. მას ე.წ. კეპი ახურავს და სამედიცინო პირბადე უკეთია. ის მშვიდად მოქმედებს, არ იჩენს განსაკუთრებულ სიფრთხილეს, ისვრის ნიკოლოზ კვარაცხელიას მისამართით და ტოვებს ტერიტორიას.

ინცინდენტის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, რომელმაც ასფალტზე დავარდნილ ნიკოლოზ კვარაცხელიასთან დაახლოებით ერთ წუთში მიირბინა, ჟურნალისტებს ეუბნება, რომ დაჭრილი გონზე იყო და ამბობდა, რომ არ იცოდა ვინ ესროლა:

„ოფისში ვმუშაობდი. როდესაც იდენტიფიცირება გავაკეთე, რომ სავარაუდოდ, პისტოლეტის გასროლა იყო, დაახლოებით ერთ წუთში უკვე დაჭრილთან ვიყავი. ძირს ეგდო. მისივე მანქანით წავიყვანე საავადმყოფოში. მანქანას ეტყობოდა ორი ნატყვიარი, უკანა მარცხენა კარში. თავად გონზე იყო. თავიდან სასწრაფო ითხოვა. ველაპარაკებოდით, სახელი და გვარი ვკითხეთ. არ ვიცი, ვინ იყოო და რა უნდოდა ჩემგანო. ისეთ მდგომარეობაში იყო, საეჭვოა, ტყუილი ეთქვა. დიდი ალბათობით, გადმოვიდა მანქანიდან და მაშინ ესროლეს, რადგან მანქანის კარიც ღია იყო“.

ნიკოლოზ კვარაცხელიას გადაუდებელი ოპერაცია ხეჩინაშვილის კლინიკაში ჩაუტარდა. მას ჭრილობები გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. ახალგაზრდა კაცი სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო, თავდასხმიდან რამდენიმე საათში, 16 სექტემბერს გარდაიცვალა.

ვინ იყო ნიკოლოზ კვარაცხელია?

22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელია, ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია. ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული სოციალური მედიის პლატფორმა თანამოაზრეებთან ერთად, 2019 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტმა შექმნა. როგორც ის სხვადასხვა ინტერვიუში ყვება, პლატფორმის მიზანი სოციალური ქსელების „უსამართლო“ მიდგომის შეცვლა იყო. მისი მიზანი იყო ყველა ადამიანს მისცემოდა ინფორმაციის გავრცელების თანაბარი შესაძლებლობა - იქნებოდა ეს მომხმარებელი, რომელსაც ბევრი მეგობარი თუ გამომწერი ჰყავს თუ ადამიანი, რომელიც სოციალურ ქსელებში ნაკლებად პოპულარულია.

Feedc - ონლაინ პლატფორმა
Feedc - ონლაინ პლატფორმა

ნიკოლოზის თქმით, Feedc-ის აპლიკაციის დახმარებით, ნებისმიერ მომხმარებელს მარტივად შეეძლო იმ კითხვებზე პასუხის მოძიება, რომელიც მას იმ კონკრეტულ მომენტში, იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე, უნივერსიტეტში, ქალაქსა თუ სოფელში სჭირდებოდა. ან გაეზიარებინა მისთვის საინტერესო ინფორმაცია ამა თუ იმ ქალაქის, ქვეყნისა თუ მაგალითად, კონკრეტული საგანმანათლებლო დაწესებულების თუ თუნდაც კაფე-ბარის შესახებ.

ქართველი ახალგაზრდების მიერ შექმნილი აპლიკაცია, რომელიც საქართველოში დამზადდა, მსოფლიო ბაზარზე 2019 წლის 30 მარტს გამოჩნდა. მის შექმნას ნიკოლოზ კვარაცხელიამ ორი წელი მოანდომა. პროდუქტის პირველი ვერსია საფრანგეთში, იმ ბიზნეს-სკოლაში (SKEMA) გამოსცადა, სადაც თავად სწავლობდა. ამის შემდეგ კი დააფუძნა კომპანია და შექმნა გუნდი გიორგი კვარაცხელიასა და ალექსანდრე სიჭინავასთან ერთად. Feedc თანამშრომლობს ისეთ გიგანტ კომპანიებთან, როგორიცაა Amazon, Google. პლატფორმა აერთიანებს 250 000-ზე მეტ აქტიურ მომხმარებელს მსოფლიოდან.

ნიკოლოზ კვარაცხელია Forbes-ის 30 Under 30-ის გამარჯვებულიც იყო.

საფრანგეთში სასწავლებლად წასვლამდე, ნიკოლოზ კვარაცხელია თბილისში, ევროპული სკოლის საერთაშორისო სექტორის მოსწავლე იყო. სკოლის პედაგოგი, თამარ ლომიძე, რადიო თავისუფლებასთან იხსენებს იმ წლებს, როდესაც ნიკოლოზი მათ სკოლაში სწავლობდა:

„უკვე მეშვიდე-მერვე კლასში, ჩამოყალიბებული ადამიანი იყო. ყოველთვის განსაკუთრებულად მოწესრიგებული. მახსოვს განცდა, როცა ვფიქრობდი ხოლმე, ასეთ პატარა ბიჭს, როგორ შეუძლია ასეთი გამარჯობის თქმა-მეთქი. საოცრად გონიერი, ერუდირებული, განსაკუთრებული ინტელექტის მქონე ბავშვი იყო. ხუთი და-ძმანი არიან და ყველანი გამორჩეულად კარგები. რამდენიმეწლიანი განშორების შემდეგ, ნიკოლოზის უმცროსი და წელს კვლავ ჩვენს სკოლაში დაბრუნდა, საერთაშორისო სექტორში აგრძელებს სწავლას, მეთერთმეტე კლასში. ყველას ძალიან გაგვიხარდა მისი დაბრუნება, მართალია ონლაინ, მაგრამ ისევ ჩვენთან“.

ნიკოლოზ კვარაცხელიას შესახებ წერს სოციალურ ქსელში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე და იხსენებს მასთან შეხვედრას:

„მოკლული ახალგაზრდა, ნიკო კვარაცხელია, დაახლოებით ერთი წლის წინ ბიბლიოთეკაში მესტუმრა და მითხრა, რომ დიდი გეგმები ჰქონდა - Facebook-ის ქართულ ანალოგს ჰქმნიდა - Feedc.com-ს. ვიღაცას ალბათ გაეღიმებოდა, მაგრამ თუ ოდესმე ნიკოს შეხვედრიხართ, მისი ერუდიცია და ენთუზიაზმი მცირე მიზეზსაც არ დაგიტოვებდათ ამის. მთხოვა, პერიოდულად სტატიები მეწერა და სიამოვნებით დავთანხმდი. მას მერე ხშირად მწერდა და სიახლეებს მიზიარებდა“.

22 წლის ახალგაზრდის შესახებ წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორიც. ნიკო კვარაცხელია მას სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დაუკავშირდა და შესთავაზა COVID19-თან დაკავშირებულ საკითხებზე სიახლეები Feedc-ის მომხმარებლებისთვის გაეზიარებინა:

„ვერ ვინელებ რომ ინტერივიუზე დროის სიმცირის გამო ვუთხარი უარი. მოვუბოდიშე, სოციალურ ქსელში აქტიურობას ისედაც ვერ ვახერხებ ჩემი გრაფიკის გამო და ორი პლატფორმიდან წერა გამირთულდებათქო. ანგარიში შევქმენით, მაგრამ მასთან აქტიურობა ვეღარ მოვასწარი, ფბ-მა მთლიანად შთანთქა ჩემი თავისუფალი დრო. ვერ ვინელებ, რომ სათანადოდ ვერ დავაფასე მისი მონდომება, ქართული, სრულიად განსხვავებული და საინტერესო პლატფორმა განევითარებინა უმოკლეს დროში. ჩემს სინანულს უკვე აზრი აღარ აქვს. დამაგვიანდა... ვეცდები მისი თხოვნა დაგვიანებით მაინც შევასრულო“.

მკვლელობის მოტივი - ნიკოლოზის მამა?

ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის ერთ-ერთ მოტივად მედიაში სახელდება გარდაცვლილის მამა, რომელიც ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული პირი, ე.წ. „კანონიერი ქურდი“, 58 წლის გაიოზ (გია) კვარაცხელიაა.

ამ ვერსიის შესახებ არაფერს ამბობს გამოძიება, თუმცა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიება სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს.

მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება, რომელიც უკავშირდება 20 წლის წინანდელ ინციდენტს - მოსკოვში ე.წ. „კანონიერი ქურდის“, დავით კაკულიას მკვლელობას. ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის ინფორმაციით, 22 წლის ახალგაზრდის მკვლელობა დავით კაკულიას შვილებმა, რუსეთიდან დაუკვეთეს.

ნიკოლოზ კვარაცხელიას ოჯახის ახლობელი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ წლებია, გია კვარაცხელიას აღარაფერი აკავშირებს ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“:

„ნიკომ თავისი 22 წლის ასაკში მთელი ცხოვრების გასაკეთებელი გააკეთა. 22 წლის შემდგარი პიროვნება! უდიდესი გეგმებით! გამოუსწორებელი ოპტიმისტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის პროგრესისთვის ყველაფერს აკეთებდა...გია წლებია ჩამოშორდა მაგ სამყაროს“.

გია კვარაცხელია არაერთხელაა ნასამართლევი როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. რუსულ პორტალზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის ე.წ. „კანონიერ ქურდად“ 1988 წელს „მონათლეს“.

ამავე პორტალზე ვრცელდება ფოტო, რომლის მინაწერის თანახმად, ის 2000 წელს, თბილისშია გადაღებული და ფოტოზე აღბეჭდილია გია კვარაცხელია დავით კაკულიასთან ერთად. მათთან ერთად ფოტოს იღებენ პოეტი დავით მაღრაძე და რამდენიმე სასულიერო პირი, მათ შორის, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონ ბულუხია.

გია კვარაცხელია, დათო მაღრაძე, დავით კაკულია, გოგი შიოლაშვილი, ლევან ფირცხალაიშვილი, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი
გია კვარაცხელია, დათო მაღრაძე, დავით კაკულია, გოგი შიოლაშვილი, ლევან ფირცხალაიშვილი, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი

ერთ-ერთი ბოლო ინფორმაცია გია კვარაცხელიას შესახებ, მედიაში 2013 წელს ვრცელდება. 2013 წლის 17 აგვისტოს, გია კვარაცხელია უკრაინელმა სამართალდამცავებმა დააკავეს და ის სტამბოლში გააძევეს. უკრაინული მედია გია კვარაცხელიას ე.წ. „ქურდული სამყაროს“ „ერთ-ერთ ყველაზე ოდიოზურ“ ფიგურად მოიხსენიებს.

2009 წელს უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდა სამართალდამცავებისა, გია კვარაცხელიას ეძებს თავად „ქურდული სამყაროც“, რადგან არსებობს ვარაუდი, რომ სწორედ ის არის კავშირში ზუგდიდელი ე.წ. „კანონიერი ქურდის“, შაქრო კაკაჩიას მკვლელობაში, რომელიც 1996 წელს, ბერლინში მოკლეს.

გია კვარაცხელიაზე საერთაშორისო ძებნა საქართველომ 2006 წელს გამოაცხადა და მოახდინა მისი უძრავი ქონების კონფისკაცია, როგორც საქართველოში, ისე რუსეთში. იმ დროისათვის კვარაცხელია ბარსელონაში ცხოვრობდა.

2007 წელს, წალენჯიხაში, გია კვარაცხელიას კუთვნილ საზაფხულო აგარაკზე, გაიხსნა წალენჯიხის პოლიციის რაიონული განყოფილება, რომლის გახსნის ცერემონიალს მაშინდელი შსს მინისტრი, ვანო მერაბიშვილიც ესწრებოდა:

„მოხარული ვარ, რომ სახლში, რომელიც ადრე „კანონიერ ქურდს“ ეკუთვნოდა, გაიხსნა პოლიციის განყოფილება. ეს სიმბოლური ფაქტია. კრიმინალური განუკითხაობის ეპოქა დასრულდა. ახალგაზრდა თაობას მხოლოდ მოგონებები დარჩება, როდესაც სამყაროს „კანონიერი ქურდები“ მართავდნენ“, - თქვა მაშინ ვანო მერაბიშვილმა.

რამდენიმე წლით ადრე, გია კვარაცხელიამ საზაფხულო აგარაკი საქართველოს საპატრიარქოს გადასცა, თუმცა, მოგვიანებით, საპატრიარქომ საჩუქარზე უარი განაცხადა.

ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, 108-ე, განზრახ მკვლელობისა და 236-ე, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG