Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოტოსესიები, „რკინის ძმები“, გაზზე გარიგებები: მსოფლიო ლიდერები კერძო დიპლომატიისგან ხეირობენ ოლიმპიურ თამაშებზე


ჩინეთის ლიდერი მიესალმება მაყურებელს 2022 წლის 4 თებერვალს, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახნისას
ჩინეთის ლიდერი მიესალმება მაყურებელს 2022 წლის 4 თებერვალს, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახნისას

დასავლეთის მხრიდან დიპლომატიური ბოიკოტის მიუხედავად, მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ლიდერი ჩავიდა პეკინში ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე, რათა გამოეყენებინათ იშვიათი, პირადად შეხვედრის, შესაძლებლობა ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან.

მას შემდეგ, რაც ორი წლის განმავლობაში პირისპირ შეხვედრები არ ჰქონია უცხოელ ლიდერებთან, ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი, ოლიმპიური თამაშების პერიოდში პირისპირ დიპლომატიაში ჩაერთო: ჩინეთი თავისი მზარდი გლობალური სტატუსის დემონსტრირებას ცდილობს.

ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევების გამო დასავლეთის ქვეყნების მხრიდან „დიპლომატიური ბოიკოტის“ მიუხედავად, პეკინში 4 თებერვალს გამართულ გახსნის ცერემონიას მსოფლიოს 22 ლიდერი დაესწრო. ავტოკრატიულ ქვეყნებს, ყაზახეთს, ტაჯიკეთს, თურქმენეთსა და უზბეკეთს მათი ლიდერები წარმოადგენდნენ სი ძინპინთან შეხვედრაზე. სხვა არადემოკრატიული ქვეყნების დელეგაციებთან ერთად, როგორიცაა ეგვიპტე, საუდის არაბეთი, კატარი და არაბთა გაერთიანებული საამიროები, პეკინში ჩავიდნენ ყირგიზეთის, პაკისტანისა და სერბეთის ლიდერებიც.

ბევრი მათგანი მაღალი დონის დელეგაციებთან ერთად ჩამოვიდა, ჩინეთთან ურთიერთობების გამყარების და სხვადასხვა ინიციატივის წამოწყების მიზნით, რომლებიც პანდემიის გამო ვერ განხორციელდა.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ოლიმპიური თამაშების გახსნაზე ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან სამიტის შემდეგ. 2022 წლის 4 თებერვალს.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ოლიმპიური თამაშების გახსნაზე ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან სამიტის შემდეგ. 2022 წლის 4 თებერვალს.

ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა სამიტის ფორმით სი ძინპინსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შორის, რომელიც ორ ლიდერს შორის დადგმული-საჩვენებელი სოლიდარობის დემონსტრაციას წარმოადგენდა მოსკოვსა და უკრაინას შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, რომელიც ომში გადაზრდის საფრთხეს შეიცავს. პეკინმა და მოსკოვმა ბუნებრივი აირის ახალი ხელშეკრულების შესახებ გამოაცხადეს და კრემლმა ექსპორტის გაზრდის პირობა დადო, ევროპელ მომხმარებლებთან პუტინის უთანხმოების ფონზე. შეხვედრის შემდეგ, თავიანთ ერთობლივ განცხადებაში, ორმა ლიდერმა აღნიშნა, რომ მათ მეგობრობას „საზღვრები არ აქვს“, და ჩინეთმა მხარი დაუჭირა რუსეთის მხრიდან უსაფრთხოების სფეროში ნატოს მიმართ მოთხოვნას, ნუ გაფართოვდება აღმოსავლეთით.

პუტინთან შეხვედრა პეკინის ეროვნულ სტადიონზე ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიამდე ცოტა ხნით ადრე დასრულდა და ორივე მოვლენა იყო ჩინეთის მიერ მსოფლიოში ახლად მოპოვებული ადგილის დემონსტრირებას იმის ფონზე, როცა პეკინი მიისწრაფვის თავისი პარტნიორული ურთიერთობების გამყარებისკენ, სხვა ქვეყნებზე გამარჯვებისკენ და იმის დასაძლევისკენ, რასაც ჩინეთის ოფიციალური პირები განიხილავენ როგორც დასავლეთის ზეწოლას მისი აღმავლობის შესაფერხებლად.

„რუსეთი და ჩინეთი ეწინააღმდეგებიან გარე ძალების მცდელობებს, შეარყიონ უსაფრთხოება და სტაბილურობა მათ საერთო მომიჯნავე რეგიონებში“, - განაცხადეს პუტინმა და სი ძინპინმა 5 300-სიტყვიან ერთობლივ განცხადებაში.

მაშინ, როცა პუტინი და სი ძინპინი ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დათბობის დემონსტრირებას ახდენდნენ, გახსნის ცერემონიაზე არც ერთი სხვა რეგიონი არ იყო დიპლომატიური თვალსაზრისით უკეთ წარმოდგენილი, როგორც ცენტრალური აზია, თავისი ხუთი პრეზიდენტით, რომლებიც ჩინეთთან - რეგიონში ვაჭრობისა და ინვესტიციის მთავარ წყაროსთან - კავშირების გაძლიერებისკენ მიისწრაფვიან.

ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი სი ძინპინს პირველად შეხვდა მას შემდეგ, რაც იანვარში ქვეყანა არეულობამ მოიცვა, და ჩინეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის კავშირები „გასცდა ორმხრივი ურთიერთობების საზღვრებს“.

ცენტრალური აზიის ლიდერებიდან ყველაზე მეტად ალბათ აქტიურობდა ყირგიზეთის პრეზიდენტი, სადირ ჯაფაროვი, რომელსაც წინსვლის მიღწევა სურდა ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის დიდი ხნის წინ ჩიხში შესულ რკინიგზასთან დაკავშირებით.

ყირგიზეთის პრეზიდენტის, სადირ ჯაფაროვის შეხვედრა სი ძინპინთან, 2022 წლის 6 თებერვალი.
ყირგიზეთის პრეზიდენტის, სადირ ჯაფაროვის შეხვედრა სი ძინპინთან, 2022 წლის 6 თებერვალი.

როგორც რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახური იუწყებოდა, ცენტრალური აზიის ხუთ ლიდერსა და სი ძინპინს შორის 25 იანვარს გამართული ვირტუალური სამიტისას, ჯაფაროვმა განაცხადა, რომ რკინიგზა შეიძლება გახდეს „სარტყლისა და გზის“ (BRI) - პეკინის გლობალური საგარეო ინიციატივის - მოწინავე პროექტი, და რომ ის პეკინში მიემგზავრება ახალი კონტრაქტებით და დაფინანსების გეგმით.

თუმცა, ჯაფაროვმა, სი ძინპინთან 6 თებერვლის შეხვედრისას, რკინიგზის საკითხთან დაკავშირებით წარმატებას ვერ მიაღწია მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმაც წამოსწია ეს პროექტი ჩინეთის ლიდერთან თავისი მოლაპარაკებების დროს.

მათ ამ შეხვედრაზე, ჩინეთის ცნობის თანახმად, პეკინმა ყირგიზეთს სთხოვა, ჯერ თავის ქვეყანაში გაეუმჯობესებინა ბიზნესკლიმატი, სანამ ამ პროექტს აუნთებდა მწვანე შუქს.

ჩინეთი მსოფლიოს წინაშე წარადგენს თავს ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე, 2022 წლის 4 თებერვალს.
ჩინეთი მსოფლიოს წინაშე წარადგენს თავს ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე, 2022 წლის 4 თებერვალს.

რკინიგზის გარდა, ჯაფაროვმა ინვესტიციისა და თანამშრომლობის სხვა შესაძლებლობებიც განიხილა პეკინში თავის მასპინძელთან და ისიც კი შესთავაზა, რომ ყირგიზეთს შეეძლო ელექტროენერგიის ექსპორტი დაეწყო დასავლეთ ჩინეთში.

ტაჯიკეთის პრეზიდენტი, ემომალი რაჰმონი და თურქმენეთის პრეზიდენტი, გურბანგული ბერდიმუხამედოვი პეკინში უფრო მოკრძალებული მოლოდინებით ჩავიდნენ და არც ერთი წასულა მთლად ხელცარიელი. ბერდიმუხამედოვმა, რომელიც პეკინში გაემგზავრა იმის მიუხედავად, რომ თურქმენეთს არც ერთი სპორტსმენი არ გაუგზავნია ოლიმპიურ თამაშებზე, იშვიათი ინტერვიუ მისცა ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, CCTV-ს. მან მაღალი შეფასება მისცა სი ძინპინის მმართველობას, განიხილა აშხაბადის ნეიტრალიტეტი და კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქმენეთის ერთგულება „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის მიმართ, რომელიც არ აღიარებს ტაივანის დამოუკიდებელ სტატუსს ჩინეთისგან.

მიუხედავად იმისა, რომ თურქმენეთის ლიდერმა შეხვედრა მცირე შედეგით დატოვა, მანაც წამოსწია თავისი დიდი ხნით შეჩერებული პროექტი: ახალი ბუნებრივი გაზსადენი მეტი რაოდენობის გაზის ტრანსპორტირებისთვის ცენტრალური აზიის გავლით ჩინეთში, რომელიც ცნობილია, როგორც ხაზი D.

მიუხედავად იმისა, რომ თურქმენეთი ძალიან მონდომებულია გაზარდოს თავისი ექსპორტი, ბევრი ანალიტიკოსი ამტკიცებს, რომ პროექტი, სავარაუდოდ, ვერ განვითარდება მომდევნო ათწლეულში, როცა ჩინეთის მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდაა ნაწინასწარმეტყველები. პირისპირ შეხვედრისას სი ძინპინთან, ფოტოსესიის გარდა, რაჰმონს შესაძლებლობა მიეცა, 5 თებერვალს ხელი მოეწერა ჩინეთთან 2025 წლამდე ერთობლივი, ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის გეგმაზე.

„რკინის მეგობრობა“

სი ძინპინთან პირადად შეხვედრის შესაძლებლობა ასევე მნიშვნელოვანი იყო პეკინთან დაახლოებული ორი ლიდერისთვის, რომლებიც ჩინეთთან დამყარებული პარტნიორული ურთიერთობებისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვას ესწრაფოდნენ. ესენი იყვნენ: სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი და პაკისტანის პრემიერ-მინისტრი, იმრან ხანი.

ვუჩიჩი სი ძინპინს 5 თებერვალს შეხვდა და ლიდერებმა თავიანთ ქვეყნებს შორის ურთიერთობას „რკინის“ მეგობრობა უწოდეს - ამ სიტყვას პეკინი მხოლოდ თავისი უახლოესი პარტნიორების მიმართ იყენებს. ვუჩიჩის მმართველობისას, სერბეთმა განუხრელად გააღრმავა თავისი კავშირები ჩინეთთან ვაჭრობის, ტექნოლოგიისა და თავდაცვის სფეროებში. მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორობა მალე შეიცვალა, ბელგრადი ისეთ საგარეო პოლიტიკას ატარებს, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ დააბალანსოს თავისი ურთიერთობები ევროპის კავშირის, რუსეთისა და შეერთებული შტატების გარდა პეკინთანაც.

სერბეთის პრეზიდენტმა, როგორც ჩანს, გაიმყარა თავისი პოზიციები ჩინეთში ჩასვლის შედეგად, სადაც გააფორმა მთელი რიგი ეკონომიკური და პოლიტიკური შეთანხმებები, სხვათა შორის, დაჩქარებულ თავისუფალ ვაჭრობაზე, ახალ ინვესტიციებსა და პირდაპირი ფრენების შემოღებაზე ბელგრადიდან შანხაისა და პეკინში.

6 თებერვალს სი ძინპინთან შეხვედრისას, ხანსაც სურდა, კვლავ დაედასტურებინა ჩინეთისთვის პაკისტანის „ყველა ამინდში“ მოქმედი მეგობრობა.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი, იმრან ხანი ხვდება ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს. 6 თებერვალი 2022 წელი.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრი, იმრან ხანი ხვდება ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს. 6 თებერვალი 2022 წელი.

პეკინს და ისლამაბადს დიდი ხნის ურთიერთობები აქვთ და პაკისტანი ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პარტნიორი იყო „სარტყლის და გზის“ ინიციატივაში და 62 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინეთ-პაკისტანის ეკონომიკური დერეფნის (CPEC) პროექტი მასშტაბური ინფრასტრუქტურული ინიციატივის ცენტრალური ნაწილი გახდა. მაგრამ ჩინეთ-პაკისტანის ეკონომიკური დერეფნის (CPEC) პროგრესი რამდენიმე წლის განმავლობაში არასტაბილური იყო და პანდემიამ, 2021 წლის ზაფხულში მთელი პაკისტანის მასშტაბით ჩინელ მუშებზე მრავალრიცხოვან თავდასხმებთან ერთად, წინსვლა კიდევ უფრო შეანელა და პეკინსა და ისლამაბადს შორის ურთიერთობების მტკივნეულ ადგილად იქცა, ნათელ ფერებში დახატული საჯარო რიტორიკის მიუხედავად.

ხანმა პეკინი ყოველგვარი შეთანხმებების გარეშე დატოვა, მაგრამ, სამაგიეროდ, ვიზიტი თავისი ქვეყნის ჩინეთთან არსებული ხანგრძლივი კავშირების განსახილველად გამოიყენა. „პაკისტანი და ჩინეთი ერთმანეთს განიხილავენ არა მხოლოდ როგორც „რკინის ძმებს“, განუცხადა ხანმა ჩინეთის სახელმწიფო გაზეთს Global Times-ს 5 თებერვლის ინტერვიუში, „არამედ ისინი ასევე მიიჩნევენ, რომ ჩინეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობები ისევე მაღალია, როგორც ჰიმალაი“.

XS
SM
MD
LG