Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თუ მაინც არ მიცავს კოვიდისგან, რისთვის ავიცრა?


ორი წლის განმავლობაში კოვიდმა იმდენჯერ იცვალა ზნე, მეცნიერები კი იმდენად სწრაფად ახვედრებდნენ ახალ-ახალ პასუხებს, რომ უამრავ სხვადასხვა რეგულაციასა და ბრძოლის ხერხთან მოგვიწია შეგუება. თავიდან გამოსავალს ვაქცინირებაში ვხედავდით, შემდეგ ბუსტერის დამატებაში.

„ომიკრონმა“ კი დაგვანახვა, რომ ყველაზე სანიმუშო მოქალაქეც კი, რომელიც აცრებსაც დროულად იტარებს, პირბადეც უკეთია და დისტანციის წესებსაც იცავს, მაინც შეიძლება დაავადდეს - და ხანდახან არც იმდენად მსუბუქად, როგორც წარმოედგინა. მაშინ, რატომ არ უნდა ვიყოთ ვაქცინაციით იმედგაცრუებულები?

მიზეზი 1: სხვა შტამებისგან დაცვა


„ომიკრონი“ დომინანტური შტამია, მაგრამ სხვა შტამები ჯერ კიდევ ცირკულირებს - მაგალითად, „დელტა“, რომელიც უფრო მძიმედ მიდის. მხოლოდ სიმპტომების მიხედვით რთულია ზუსტად დაადგინო, რომელი შტამით ხარ დაავადებული. ვაქცინაცია კარგად იცავს ქვედა ფილტვის ინფექციისგან და, რაც მთავარია, სიკვდილისგან - საქართველოში სიკვდილიანობის პიკი სწორედ „დელტას“ გავრცელების დროს, სექტემბერში იყო. გარდა ამისა, ვირუსი მუტაციას უწყვეტად განიცდის - ჩვენთვის ცნობილი მხოლოდ ის შტამები ხდება, რომელსაც ჯანმო “variants of concern”-ის, ანუ „შემაშფოთებელი ვარიანტის“ სტატუსს ანიჭებს - ასეთი მუტაციები იმით გამოირჩევა, რომ ან სხვებზე სწრაფად გადადის, ან უფრო მძიმე პრობლემებს იწვევს. სინამდვილეში ვირუსს უამრავი სახე აქვს და ვაქცინაციით შექმნილი კედელი ბევრი მათგანისთვის შეუვალია.

მიზეზი 2: გახანგრძლივებული კოვიდისგან დაცვა


მსოფლიოში „ფარული პანდემიაც“ მიმდინარეობს, ეს გახანგრძლივებული კოვიდია, რაც გულისხმობს კოვიდის ცალკეული სიმპტომების 1-3 თვემდე შენარჩუნებას: გემოსა და სუნის დაკარგვას, დაღლილობას, ხველასა და ქოშინს, კიდურების დაბუჟებას. ხანგრძლივი კოვიდი არ მოგკლავს, მაგრამ ცხოვრების ხარისხს გვარიანად გაგიფუჭებს. ბრიტანული კვლევით, რომელშიც 1.2 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა, გაირკვა, რომ ორჯერ ვაქცინირებულებს გახანგრძლივებული კოვიდის სიმპტომებიც განახევრებული აქვთ.

მიზეზი 3: უფრო სუსტი დაცვა არ ნიშნავს დაუცველობას



ანტისხეულები ყველა სახის სპაიკ-ცილას არ ცნობს, „ომიკრონს“ კი პირვანდელი, ვუჰანის ვარიანტისგან განსხვავებული 36 ახალი ცილა აქვს. ეს ცილა გასაღებია, რომლითაც ვირუსი ორგანიზმში აღწევს. ვაქცინები ორგანიზმს ასწავლის, ასეთი ცილები ამოიცნოს, მაგრამ „ომიკრონს“ საკმარისად ბევრი ახალი ცილა აღმოაჩნდა, რომ ორგანიზმის დამცავ კედელზე „გადამხტარიყო“. როცა ვირუსი სისტემაში აღწევს, მას t-უჯრედები ეგებებიან, ანუ „მეხსიერების უჯრედები“, რომლებიც ვირუსზე ინფორმაციას წინა დაავადებებიდან და ვაქცინაციიდან იმახსოვრებენ. „ომიკრონი“ ამ უჯრედების იერიშისთვისაც უფრო „შემზადებულია“, ვიდრე წინამორბედი ვარიანტები, მაგრამ იმდენად კარგადაც არა, რომ იმუნურმა სისტემამ საერთოდ ვერ იცნოს. კვლევებმა დაამტკიცეს, რომ ვაქცინაციითა და დაავადების მოხდით მიღებული ჰიბრიდული იმუნიტეტი უფრო კარგად გვიცავს ინფექციისგან.


შეგვიძლია ასეც ვთქვათ: ინფექცია და ვაქცინაცია კედელს აშენებენ, დრო კი ამ კედელს ასუსტებს. რაც უფრო მეტჯერ „შევხვდით“ ვირუსს სხვადასხვა სახით და რაც უფრო ნაკლები ხანია გასული ბოლო „შეხვედრიდან“, მით უფრო გამძლეა ჩვენი კედელი. ამიტომ ორი ვაქცინაციის მერე ბუსტერი უკვე სამ თვეშია რეკომენდებული.

მიზეზი 4: ვაქცინაციის ტემპს პირდაპირი გავლენა აქვს პანდემიაზე


რაც მეტ ადამიანს ავრცით, მით ნაკლებად „გადახტება“ ვირუსი ერთი ადამიანიდან მეორეზე და მით უფრო სწრაფად დამთავრდება პანდემია, - ასეთი იყო ჯანდაცვის სისტემის გზავნილი. მაგრამ ვერ მოვასწარით - ვირუსმა ვაქცინაციისა და ბუსტერიზაციის ტემპს კვლავ გაასწრო და უფრო სწრაფად განიცადა მუტაცია, ვიდრე საკმარისად ბევრმა ადამიანმა საკმარისად ძლიერი იმუნური „კედელი“ ააგო. ასე გაჩნდა „ომიკრონი“, ვარიანტი, რომელიც ბუსტერით ვაქცინირებულებსაც კი აინფიცირებს. უკვე მესამე წელია, ვირუსის დინამიკას გამადიდებელი შუშით ვაკვირდებით, გვეჩვენება, რომ ვირუსი ყოველთვის ერთი ნაბიჯით ჩვენზე წინ არის. სინამდვილეში კი, კოვიდთან ბრძოლა გაცილებით უფრო ეფექტიანია ახლა, ვიდრე პანდემიის დასაწყისში.


„ომიკრონის“ შემთხვევაში, სამხრეთ აფრიკაში მეცნიერებმა ახალი ვარიანტის აღმოჩენიდან 36 საათში 100 პაციენტის ნიმუში შეისწავლეს და განგაში ატეხეს, ვაქცინების წამყვანმა მწარმოებლებმა Pfizer BionTech-მა და Moderna-მ მყისიერად დაიწყეს „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა. ამ ვარიანტმა შესაძლოა იქამდეც მიგვიყვანოს, რომ „სუპერვაქცინა“, ანუ ვირუსთან ბრძოლის უნივერსალური იარაღი შეიქმნას.


სანამ ვაქცინები არ არსებობდა, შემთხვევების მაღალი მაჩვენებელი ავტომატურად ნიშნავდა უფრო მეტ სიკვდილს. ახლა ეს მაჩვენებლები ერთმანეთისგან უფრო შორი-შორსაა - ბევრი ადამიანი ავადდება, ნაკლები კვდება. ნაწილობრივ ეს იმიტომ ხდება, რომ „ომიკრონი“ უფრო სუსტი ვარიანტია, ნაწილობრივ კი იმიტომ, რომ მოსახლეობის ნაწილი ვაქცინირებულია. ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა საქართველოში 3 სექტემბერს დაფიქსირდა - მაშინ ერთ დღეში 3034 ადამიანი დაინფიცირდა, 86 კი გარდაიცვალა. შედარებისთვის, 27 იანვარს 17 530 ადამიანი დაავადდა, ხოლო გარდაიცვალა 27.

და იქნებ ჯობია, უბრალოდ ყველამ „ომიკრონი“ მოვიხადოთ, ეგებ ასე დამთავრდეს პანდემია?



„ომიკრონმა“ სამხრეთ აფრიკაში, ბრიტანეთსა და აშშ-ში უკვე პიკს მიაღწია, თანაც დიდი მსხვერპლის გარეშე. ზოგიერთი მეცნიერი უკვე იმაზეც საუბრობს, რომ „ომიკრონი“ პანდემიის დასრულების საწინდარია, მაგრამ ყველა ერთ აზრზე არ არის, მათ შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაშიც. ჯანმოს რეგიონული დირექტორის ჰანს კლუგეს განცხადებით, „ომიკრონის“ მოხდის შემდეგ ვაქცინაციითა და დაავადების გადატანით დაგროვებული ჯოგური იმუნიტეტი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ პანდემია დასრულდეს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ღებრეისუსი კი ამბობს, რომ პანდემიის დასასრული ახლოსაც არ არის და არც „ომიკრონია“ მაინცდამაინც მსუბუქი ვარიანტი: „არ შეგეშალოთ: ომიკრონი იწვევს ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილს, და ნაკლებად მძიმე შემთხვევებიც ტვირთავს ჯანდაცვის სამსახურებს“, - თქვა მან ჟენევის კონფერენციაზე.

„ომიკრონს“ ნაკლებად მწვავე სიმპტომები ახასიათებს, მაგრამ ყველასთვის ერთნაირი არ არის. რაც მეტი ადამიანი დაავადდება, მით უფრო დიდი რისკის ქვეშ მოექცევიან მოწყვლადი ჯგუფები - ხანდაზმულები, იმუნოკომპრომისული პაციენტები, ბავშვები, რომლებსაც აცრის ასაკისთვის ჯერ არ მიუღწევიათ. საქართველო ასეთი რისკისთვის ბევრად ნაკლებადაა მზად, ვიდრე ქვეყნები, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალია - აშშ-ში ორი დოზით 63%-ია აცრილი, ბრიტანეთში - 84%, საქართველოში - მხოლოდ 32%.

არც ის ვიცით, „მოასწრებს“ თუ არა ვირუსის ახალი ვარიანტი განვითარებას იქამდე, სანამ ყველა „ომიკრონით“ დაინფიცირდება. ახალი მუტაციები ვირუსის გამრავლებისას ჩნდება. ასეთი მუტაციების მდგრადი ერთობლიობა წარმოქმნის ახალ ვარიანტს და ახანგრძლივებს პანდემიას. „ომიკრონის“ ფართო გავრცელებამ შეიძლება ახალ ვარიანტებს გაუხსნას კარი, მაგრამ ვაქცინირებითა და ბუსტერით, დაავადების გადატანითაც ამის შანსები მცირდება. საქმე ისაა, რომ ვაქცინირება იმუნიტეტის შეძენისა და პანდემიის შენელების გაცილებით უფრო უსაფრთხო გზაა, ვიდრე დაავადების თუნდაც მსუბუქად გადატანა.

XS
SM
MD
LG