Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გვექნება სუპერ ვაქცინა?


ახლა, როდესაც კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“, ფაქტობრივად, ნელ-ნელა ანაცვლებს კოვიდის აქამდე არსებულ შტამებს და ცოტა ხანში, ის, სავარაუდოდ, დომინანტი შტამი გახდება, მათ შორის, საქართველოშიც, მსოფლიოს წამყვანი ეპიდემიოლოგები სუპერ ვაქცინის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ.

დღეს არსებული კოვიდ-ვაქცინები „ომიკრონის“ წინააღმდეგ ნაკლებეფექტიანი აღმოჩნდა.

„ომიკრონის“ გავრცელების შემდეგ, ვაქცინების გასაძლიერებლად ე.წ. ბუსტერ დოზების დამატება გახდა საჭირო. მეტი ეფექტისთვის შემცირდა მესამე, ანუ ბუსტერ დოზის დამატების ინტერვალიც. თუკი აქამდე ითვლებოდა, რომ ბუსტერ დოზის გაკეთების საჭიროება 6 თვის შემდეგ დგებოდა, ეს ვადა 3 თვემდე ჩამოვიდა.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოს უკანასკნელი გამოკვლევის თანახმად, ორი დოზა „ფაიზერი“, მიღებიდან 20 კვირის ანუ 5 თვის თავზე, „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევაში, სიმპტომური მიმდინარეობისგან მხოლოდ 10%-ით იცავს ინფიცირებულს. ამავე გამოკვლევის თანახმად, ორი დოზა „ფაიზერი“ კვლავ „კარგ დაცვას“ უზრუნველყოფს მძიმედ მიმდინარე დაავადებისგან. ხოლო ბუსტერ დოზის მიღების შემთხვევაში, 75%-მდე იზრდება სიმპტომური დაავადებისგან დაცვა.

აშშ-ის მთავარი ეპიდემიოლოგი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ დღის წესრიგში დადგა ე.წ. სუპერ ვაქცინის შექმნის „სასწრაფო აუცილებლობა“. ვაქცინის, რომელიც გაცილებით ეფექტიანი იქნება COVID19-ის ახალი ვარიანტებისა და სხვა კორონავირუსების წინააღმდეგ. განცხადება ამის შესახებ მან გააკეთა გასულ კვირაში, სენატში, საკომიტეტო მოსმენისას:

ენტონი ფაუჩი
ენტონი ფაუჩი

„უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ კორონავირუსის ახალი შტამების გარდაუვალი აღმოცენების ფონზე, საჭიროა პან-კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა. ვაქცინის, რომელიც იქნება ეფექტიანი SARS-COVID-2-ის ყველა ვარიანტის და ზოგადად, ყველა კორონავირუსის წინააღმდეგ“, - უთხრა ექიმმა ფაუჩიმ სენატორებს 11 იანვარს.

ვაქცინა კორონავირუსის ყველა შტამის წინააღმდეგ - WRAIR აცხადებს, რომ მათ ასეთი ვაქცინა შექმნეს

აშშ-ში, უოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR) მეცნიერები ირწმუნებიან, რომ თითქმის ორწლიანი მუშაობის შედეგად, მათ შექმნეს ვაქცინა, რომელიც ეფექტური იქნება COVID-ისა და SARS-ის ყველა შტამის წინააღმდეგ. განცხადება ამის შესახებ მათ 2021 წლის დეკემბრის ბოლოს გააკეთეს. მომდევნო კვირებში გეგმავენ ისინი კიდევ ერთი განცხადების გამოქვეყნებას ამჯერად უკვე ვაქცინაზე მუშაობის დასრულების შესახებ.

არმიის კვლევითმა ინსტიტუტმა სპაიკ-ფერიტინის ნანონაწილაკური (SpFN) ვაქცინის შექმნაზე მუშაობა დაიწყო 2020 წლის დასაწყისში.

კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, დოქტორი კეივონ მოჯარადი აცხადებს, რომ კვლევების პირველი ფაზა დეკემბრის დასაწყისში დასრულდა და როგორც „ომიკრონის“, ისე სხვა შტამების შემთხვევაში, წარმატებული შედეგი აჩვენა. შედეგების თანახმად, SpFN ვაქცინა ქმნის მყარ იმუნურ პასუხსა და დაცვას COVID-ისა და SARS-ის სხვადასხვა ვარიანტის წინააღმდეგ.

კვლევების პირველმა ფაზამ მოიცვა ადამიანები, რომლებსაც არც ვაქცინაცია გაუკეთებიათ და არც COVID-ით დაინფიცირებულან. მომდევნო ფაზა მოიცავს ადამიანებს, რომლებიც ან ვაქცინირებულნი არიან და ან გადატანილი აქვთ COVID19:

“ომიკრონის” გავრცელება აღარ გვიტოვებს შანსს, რომ მას გავექცეთ. ვფიქრობ, ძალიან მალე, მთელი მსოფლიო იქნება ან ვაქცინირებული ან ინფიცირებული“, - ამბობს დოქტორი მოჯარადი.

ამ დროისათვის უცნობია, უოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტი რომელ პარტნიორ კომპანიასთან ერთად მუშაობს ვაქცინის შექმნაზე.

„ფაიზერი“ აცხადებს, რომ „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინა მარტში იქნება მზად

განცხადება ამის შესახებ ფარმაკოლოგიური კომპნიის აღმასრულებელმა ოფიცერმა ალბერტ ბურლამ 10 იანვარს გააკეთა.

ბურლას განცხადებით, „ომიკრონის“ გარდა, ვაქცინა მოსახლეობას დაიცავს კორონავირუსის სხვა შტამებისგანაც. მისივე თქმით, ჯერჯერობით, უცნობია, გახდება თუ არა საჭირო კონკრეტულად „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება, ან როგორ იქნება ის გამოყენებული, თუმცა, ალბერტ ბურლა ამბობს, რომ რაკიღა რამდენიმე ქვეყანა ითხოვს, რომ ვაქცინა დროულად იყოს მზად, „ფაიზერმა“ უკვე დაიწყო ვაქცინის გარკვეული დოზების წარმოება:

„იმედი გვაქვს, რომ ვიპოვით გზას, გზას, რომ უკეთ დავიცვათ თავი კონკრეტულად ინფექციისგან, რადგან ჰოსპიტალიზაციისა და მძიმედ მიმდინარე დაავადების წინააღმდეგ დაცვას იმ ვაქცინების სამი დოზაც უზრუნველყოფს, რომლებიც დღეს უკვე გვაქვს“, - აცხადებს ბურლა.

„მოდერნა“ „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინის გამოშვებას 2022 წლის შემოდგომაზე აპირებს

„ომიკრონისა“ და სხვა სავარაუდო შტამების წინააღმდეგ ვაქცინის შექმნას გეგმავს ამერიკული ფარმაკოლოგიური კომპანია „მოდერნაც“. როგორც კომპანიის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი, სტეფან ბენსელი მედიასთან ინტერვიუში აცხადებს, ვაქცინა მიმდინარე წლის შემოდგომისთვის იქნება მზად: „ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ვირუსს კი არ ჩამოვრჩეთ, არამედ გავუსწროთ“, - ამბობს ის.

სანამ სუპერ ვაქცინა შექმნილა

დღევანდელი მდგომარეობით, „ომიკრონისგან“ დაცვის საუკეთესო საშუალებად, გარდა პირბადის სწორად მოხმარების, ჰიგიენისა და დისტანციის დაცვისა, ბუსტერი, ანუ, ვაქცინის მესამე დოზაა მიჩნეული. ბუსტერ დოზის გაკეთება საქართველოში რეკომენდებულია 18 წლის ასაკიდან, ვაქცინის ორი დოზის მიღებიდან სამი თვის თავზე.

16 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს სულ 100 184 ადამიანს. ხოლო ორჯერადად აცრილია საქართველოს მთელი მოსახლეობის მხოლოდ 29,94%.

როდის უნდა გაიკეთონ ბუსტერ დოზა მათ, ვინც კორონავირუსი გადაიტანა?

შეიძლება ითქვას, რომ ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ არსებობს. კოვიდგადატანილთათვის ბუსტერ დოზის მიღების პერიოდად სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა დროს ასახელებს. ეს შეიძლება იყოს ინფიცირებიდან 30, 60 ან 90 დღე.

იქიდან გამომდინარე, რომ „ომიკრონის“ გავრცელებამ შეცვალა თამაშის წესები, და როგორც ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, ადამიანებს, რომლებმაც კოვიდის „ალფა“, „ბეტა“, ან „დელტა“ შტამები გადაიტანეს, აქვთ 50%-იანი რისკი იმისა, რომ გამოჯანმრთელების მეორე დღესვე დაინფიცირდნენ "ომიკრონით", უმჯობესია, რომ ბუსტერ დოზა გამოჯანმრთელებიდან 30 დღის შემდეგ გაკეთდეს.

ექიმ-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სამეცნიერო მტკიცებულებები, რომლებიც ამ კითხვაზე მკაფიო პასუხს იძლევა, ამ ეტაპზე, არ არის. მისი თქმით, სწორედ ამიტომაა, რომ სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა გზას ირჩევს კოვიდინფიცირებულთათვის ბუსტერის გაკეთების თვალსაზრისით:

მაია ბუწაშვილი
მაია ბუწაშვილი

„ორჯერ ვაქცინირებული და პლიუს ინფიცირებული ადამიანი, დაახლოებით ისედაც უტოლდება სამჯერადად ვაქცინირებულს. შესაძლოა, მისი იმუნიტეტი კიდევ უფრო მყარი იყოს, რადგან კოვიდის გადატანა ძალიან დიდი ბუსტერია იმუნიტეტისთვის. შესაბამისად, ამ ადამიანებისთვის კოვიდის გადატანიდან ერთ თვეში ბუსტერის გაკეთების აუცილებლობის სამეცნიერო საფუძველი, პრინციპში, არ არსებობს. თუმცა, ადამიანებს ეძლევათ არჩევანის საშუალება, რომ თუკი მათ სურთ, აიცრან ინფიცირებიდან ერთ თვეში“.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მიიჩნევს, რომ ინფიცირების შემდეგ ბუსტერ დოზის მიღების პერიოდი ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს, შეფასდეს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მას შემდეგ იქნას მიღებული გადაწყვეტილება ვაქცინის მესამე დოზის გაკეთების შესახებ:

ალექსანდრე გოგინავა
ალექსანდრე გოგინავა

„თუკი ადამიანი ახალგაზრდაა, არ აქვს ფონური დაავადებები და მისი იმუნური სისტემა ჯანსაღია, ჩემი აზრით, გადატანიდან მინიმუმ ორი თვის განმავლობაში, ბუსტერის გაკეთება აუცილებელი არ არის. მაგრამ თუკი ადამიანს აქვს სხვადასხვა ქრონიკული დაავადება, არის რისკი, რომ ვერ გამოიმუშავოს ანტისხეულები, მაშინ, რა თქმა უნდა, რაც უფრო მალე, ანუ ერთ თვეში გაკეთდება ბუსტერი, მით უკეთესია. ეს ინდივიდუალურად შესაფასებელი საკითხია და ბუსტერის გაკეთების ვადა ერთი თვიდან სამ თვემდე პერიოდს უნდა მოიცავდეს“.

დღევანდელი მდგომარეობით, ქვეყანა პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის. 17 იანვარს დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა შეადგინა 12,31%. აქტიური შემთხვევების რაოდენობა კი 52 ათასზე მეტია.

„ომიკრონის“ გავრცელების ფონზე, მაღალია რეინფიცირების შემთხვევებიც. მაგალითად, 13 იანვარს, „ომიკრონის“ დადასტურებული 1009 შემთხვევიდან, 16% სწორედ რეინფიცირება იყო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ 17 იანვრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა 50% სწორედ „ომიკრონზე“ მოდის. გაცილებით მაღალია ეს მაჩვენებელი თბილისში, სადაც დადასტურებული შემთხვევების 65% "ომიკრონია".

XS
SM
MD
LG