Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკოს პროცესი - ხმაურიანი ბრალდებებისა და საპროტესტო აქციების ფონზე


პეტრო პოროშენკო კიევის პეჩორის რაიონის სასამართლოში
პეტრო პოროშენკო კიევის პეჩორის რაიონის სასამართლოში

კიევის პეჩორის რაიონის სასამართლოში 17 იანვარს დაწყებულ პროცესზე, ბრალდების მხარემ ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოსთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ან პატიმრობის, ან 1 მილიარდი უკრაინული ჰრივნის მისჯა ოფიციალურად მოითხოვა.

გარდა ამისა, პროკურატურა მიიჩნევს, რომ პოროშენკო სასამართლოს მიმდინარეობის დროს უნდა გამოცხადდეს გამომძიებელთან, უნებართვოდ არ უნდა დატოვოს კიევი, უნდა ჩააბაროს პასპორტი და უნდა ეკეთოს ელექტრონული სამაჯური.

უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის ადვოკატები კი მოუწოდებენ სასამართლოს, რომ არ გაითვალისწინონ პროკურატურის არცერთი შუამდგომლობა, ვინაიდან ბრალდებას არ წარმოუდგენია რეალური მტკიცებულება, რომელიც ეჭვმიტანილის მიერ მოწმეებზე ზეწოლის ან გამოძიებისთვის ხელის შეშლის მცდელობას დაადასტურებდა.

17 იანვარს, კიევის პეჩორის რაიონული სასამართლოს სხდომის განმავლობაში, სასამართლოს წინ შეკრებილი იყვნენ პეტრო პოროშენკოს მომხრეები, რომლებიც ხმამაღალი შეძახილებით ამხნევებდნენ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს.

„დავბრუნდი არა საკუთარი თავის, არამედ უკრაინის დასაცავად“

ავიაკომპანია Wizz Air-ის რეისი W6 1567, რომელზეც უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო იმყოფებოდა, კიევის დროით 9:10-ზე დაეშვა უკრაინის დედაქალაქის მთავარ, ბორისპოლის აეროპორტში, რომლის წინაც ყოფილ პრეზიდენტს ასობით მომხრე ელოდა. პეტრო პოროშენკოს მათთან გამოსვლა ცოტათი დაუგვიანდა. უკრაინის ექსპრეზიდენტს სასაზღვრო კონტროლმა რამდენიმე წუთით ჩამოართვა პასპორტი, მაგრამ პროტესტის შემდეგ ის კვლავ დაუბრუნეს და საზღვარზე გაატარეს თანმხლები პირების ჯგუფთან ერთად.

ჟურნალისტებს პეტრო პოროშენკომ უთხრა, რომ ხელისუფლება ცდილობდა რაიმე საბაბის მოფიქრებას, რათა ის უკრაინის ტერიტორიაზე არ შეეშვა.

უკრაინის ხელისუფლებამ კი უსაფუძვლო უწოდა ექსპრეზიდენტის ამ განცხადებას და პეტრო პოროშენკო და მისი თანმხლები პირები იქით დაადანაშაულა პროცესუალური დოკუმენტების უგულებელყოფაში.

მე ვბრუნდები და ვბრუნდები არა იმისთვის, რომ ზელენსკისგან დავიცვა თავი, იგი ამის ღირსი არ არის. ვბრუნდები, რათა დავიცვა უკრაინა...
პეტრო პოროშენკო

„პეტრო პოროშენკომ უარი თქვა საპროცესო დოკუმენტების მიღებაზე, უგულებელყო გამოძიების კანონიერი მოთხოვნები. ამასთან, მასთან მყოფი პირები ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს, რაც ვიდეოჩანაწერებით ფიქსირდება. პოროშენკოს ადვოკატები დაგვპირდნენ, რომ მიიღებდნენ ყველა პროცესუალურ დოკუმენტს, მაგრამ, სასაზღვრო კონტროლის გავლის შემდეგ, ხელოვნურად წარმოქმნილი მასობრივი სცენით ისარგებლეს და მიიმალნენ“, - განაცხადა უკრაინულ მედიასთან საუბარში, უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს სპიკერმა, ტატიანა საპიანმა.

პეტრო პოროშენკომ თავისი მომხრეებისადმი მიმართვის დროს კვლავ გაიმეორა, რომ ხელისუფლებას არ ეყოფა არც ძალა და არც ნებისყოფა მის დასაპატიმრებლად.

„მე ვბრუნდები და ვბრუნდები არა იმისთვის, რომ ზელენსკისგან დავიცვა თავი, იგი ამის ღირსი არ არის. ვბრუნდები, რათა დავიცვა უკრაინა... დავიცვა პუტინისგან, დავიცვა არაკომპეტენტური, ბოლომდე გახრწნილი და კორუმპირებული ხელისუფლებისგან, რომელსაც შეუძლია მხოლოდ საბიუჯეტო გარიგებებით მოიპაროს ფული და გაანადგუროს ის რეფორმები, რაც ხუთი წლის განმავლობაში სისხლისა და ოფლის ფასად გატარდა“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივ სატელევიზიო პროგრამა „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ ინტერვიუში.

უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი გასული წლის დეკემბრის მერე უკრაინაში არ იმყოფებოდა. ამ პერიოდში ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის სახელმწიფო საგამოძიებო ბიურომ პოროშენკო ეჭვმიტანილად ცნო სახელმწიფო ღალატში, რაც დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 15-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოძიების ვერსიით, პოროშენკო 2014 წელს გარიგებაში შევიდა პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსთან, ვიქტორ მედვედჩუკთან, და რამდენიმე სხვა პირთან, რათა მოეგვარებინა ქვანახშირის მოწოდება დონბასიდან, რომელსაც კიევი ვერ აკონტროლებს. მას სახელმწიფო ღალატსა და ტერორიზმის დაფინანსებაში სდებენ ბრალს.

უკრაინაში დაბრუნებულმა პეტრო პოროშენკომ სასამართლოში მისვლამდე კიდევ ერთხელ უარყო მედვედჩუკთან რაიმე ერთობლივი კონტრაქტის არსებობა და დასძინა, რომ „ეს არის პოლიტტექნოლოგიური მეთოდი, რითაც მისი, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლის, პრორუს მედვედჩუკთან მიბმა სურთ“.

პეტრო პოროშენკოს სასამართლო პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, 10 იანვარს, იმავე პეჩორის სასამართლომ 6-დან 10 თვემდე გაუგრძელა შინაპატიმრობა პრორუსული ორიენტაციის კანონმდებელ ვიქტორ მედვედჩუკს, რომელიც სახელმწიფო ღალატისა და უკრაინის ეროვნული რესურსების დატაცების ბრალდებით შარშანდელი ოქტომბრიდან იმყოფება პატიმრობაში.

...„უკრაინა თავად აკეთებს იმას, რისი გაკეთებაც პუტინს სურს“

ჯერ კიდევ მისი საზღვარგარეთ ყოფნის დროს, 6 იანვარს, პეჩორის სასამართლომ პოროშენკოს ქონება დააყადაღა.

ამჯერადაც სწორედ კიევის პეჩორის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს პოროშენკოს წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხი. პროკურატურა მოითხოვს მის დაკავებას 1 მილიარდი ჰრივნის (36 მილიონი აშშ დოლარი) გირაოს შეტანის შესაძლებლობით. არ არის გამორიცხული შინაპატიმრობაც, სამაჯურის ტარებით, რაც უკვე მიუსაჯეს ზემოხსენებულ ვიქტორ მედვედჩუკს.

ვფიქრობ, რომ უკრაინა სამართლებრივი სახელმწიფოა და დევნას ადგილი არ ექნება. ჩვენ თვალს ვადევნებთ ამ საქმეს, მაგრამ სახელმწიფო ღალატში პიროშენკოს დადანაშაულება ჩემთვის იყო შოკის მომგვრელი...
რასა იუკნევიჩიენე

გარდა ამისა, პირველ სასამართლო სხდომაზე უკრაინის პროკურატურის წარმომადგენლებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომლის თანახმად, პოროშენკომ უნებართვოდ არ უნდა დატოვოს კიევი და მოსამართლეს უნდა ჩააბაროს პასპორტი. ასეთ ზომებს ბრალდების მხარე იმით ამართლებს, რომ არსებობს საფრთხე, რომ ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტმა მოახდინოს ზეწოლა მოწმეებზე და დამალოს მტკიცებულებები. პეტრო პოროშენკოს თანამოაზრეები მიიჩნევენ, რომ ბრალდება ამით აგრძელებს იმ უკანონობას, რასაც ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის მიმართ ამჟამინდელი ხელისუფლების კარნახით დაადგა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლებამ აირჩია უკანონობის სცენარი და, სამწუხაროდ, ჩვენი აზრით, ისინი გააგრძელებენ ამ უკანონობას. მაგრამ ჩვენ ვგრძნობთ საზოგადოების და მრავალი ადამიანის მხარდაჭერას. დღეს აეროპორტში პეტრო პოროშენკოს დახვდა 10 000-ზე მეტი ადამიანი. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოება ჩვენთან ერთადაა და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - უთხრა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში, ფრაქცია „ევროპული სოლიდარობის“ წევრმა, ოლექსი ჰონჩარენკომ.

სახელმწიფო ღალატში უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის დადანაშაულებას დასავლეთის დიპლომატიური წარმომადგენლები გამოეხმაურნენ და უკრაინის ხელისუფლება ოპოზიციის პოლიტიკური დევნის შესახებ გააფრთხილეს.

„ჩემთვის შოკის მომგვრელი იყო, როდესაც ოფიციალური ბრალდების შესახებ მოვისმინე“, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ლიეტუვის ყოფილმა ელჩმა ნატოში და ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, რასა იუკნევიჩიენემ.

„ვფიქრობ, რომ უკრაინა სამართლებრივი სახელმწიფოა და დევნას ადგილი არ ექნება. ჩვენ თვალს ვადევნებთ ამ საქმეს, მაგრამ სახელმწიფო ღალატში პიროშენკოს დადანაშაულება ჩემთვის იყო შოკის მომგვრელი, რადგან ვიცი, როგორ დაიწყო ყველაფერი, ვიცი, თუ როგორ ბრძოლას ეწევა პუტინის პროპაგანდა პოროშენკოს წინააღმდეგ. და რუსეთისთვის ძალიან ხელსაყრელი იქნებოდა, თუ უკრაინა თავად აკეთებს იმას, რის გაკეთებაც პუტინს სურს“, - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

"მაშფოთებს, რომ რუსეთის მხრიდან აგრესიის ფონზე, უკრაინაში მაინც რჩებათ დრო პოლიტიკური ომებისთვის მოქმედ პრეზიდენტსა და მის წინამორბედს შორის. მთელი ეს დისკუსია, რომ როცა პოროშენკო დაბრუნდება, დააპატიმრებენ და ა.შ., მგონი ახლა შინაომების დრო არ არის - ერთად უნდა დადგნენ ეგზისტენციალური საფრთხის წინააღმდეგ"- უთხრა გერმანელმა ევროპარლამენტარმა სახალხო პარტიიდან, მიხაელ გალერმა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს.

უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება დროში დაემთხვა რუსეთის მასშტაბურ სამხედრო სამზადისს უკრაინის საზღვართან, რაც, დასავლეთის სახელმწიფოებისა და სპეცსამსახურების ცნობით, მოსკოვის მხრიდან მორიგ სამხედრო აგრესიაზე უნდა მეტყველებდეს.

ასეთ სახიფათო გეოპოლიტიკურ ფონზე, უკრაინელი ექსპერტების თქმით, ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის დაკავება, დაპატიმრება და საგამოძიებო იზოლატორში მოთავსება ხელისუფლებას წაგებიან პოზიციაში ჩააყენებს.

„პოროშენკოს ჩამოსვლის დროს უკრაინის ხელისუფლება იქცეოდა ისე, როგორც ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლება მოექცეოდა თავის ოპონენტებს. ეს არასასიამოვნო ტენდენციაა, რაც უჩვენებს, რომ ხელისუფლება არ სწავლობს გაკვეთილებს და ხელისუფლებას არ სურს ოპოზიციასთან დიალოგზე წასვლა მაშინაც კი, როდესაც ათეულათასობით რუსი ჯარისკაცი უკრაინის საზღვრებთან იმყოფება. ეს კი, ჩემი აზრით, სერიოზულად ართულებს დასავლეთთან ოფიციალური კიევის მოლაპარაკების შესაძლებლობას“, - უთხრა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს ევჰენ მაგდამ, კიევის „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა.

პეტრო პოროშენკოს მოკავშირეები მიიჩნევენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის საკუთრების დაყადაღება და 17 იანვარს პროკურატურის მიერ დაყენებული შეუამდგომლობები, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან პირადი შურისძიების შედეგია.

ყოფილმა შოუმენმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პეტრო პოროშენკო პრეზიდენტის პოსტზე 2019 წლის არჩევნებში მისი დამარცხების შემდეგ შეცვალა.

პრეზიდენტ ზელენსკის ამ დრომდე არ გაუკეთებია კომენტარი პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ დაწყებულ სისხლისსამართლებრივ დევნაზე.

17 იანვარს ჯერ ბორისპოლის აეროპორტში, ხოლო შემდეგ პეჩორის რაიონული სასამართლოს წინაშე მიმდინარე აქციებს გამოეხმაურა პრეზიდენტ ზელენსკის ერთ-ერთი მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი. იგი ამტკიცებს, რომ პოროშენკოს ქმედებას არაფერი აქვს საერთო რეალურ პოლიტიკასთან. ხოლო ექსპრეზიდენტის საქციელი, როდესაც მან უარი თქვა „მარტივი“ პროცედურული დოკუმენტების ჩაბარებაზე, „დიდწილად ააშკარავებს იმ მიზეზს, თუ რატომ გაჭიანურდა 1990-იანი წლების შემდეგ სამართლებრივ სახელმწიფოდ უკრაინის ტრანსფორმაცია“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG