Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ხდება, როცა საშობაო არდადეგებისთვის დასასვენებელ ადგილს არჩევ? 


პირადი ან ოჯახებით დასვენების მსურველი სხვა ნაცნობების გამოცდილების მიხედვით ეს ასე ხდება: იწყებ სასტუმროებსა და გასაქირავებელ სახლებში რეკვას და მალევე ხვდები - ზოგ ადგილზე იმდენი დამსვენებელია, პანდემიის პირობებში უსაფრთხოება უნდა დაივიწყო;

ზოგან კი, სადაც არც ბუნება ჩამოუვარდება პოპულარულ ადგილებს, აღწერით სახლიც მოგეწონათ და სიამოვნებითაც წახვიდოდით, ინფრასტრუქტურა არ ვარგა: წყალი შეზღუდვით მიეწოდებათ, გათბობა ძვირი ჯდება, რაც ქირის ფასს ზრდის, ან გზას თოვლისგან ისე იშვიათად წმენდნენ, რომ შეიძლება დანიშნულების ადგილამდე ვერც კი მიაღწიო.

და თუ ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტე რომელიმე პოპულარულ სამთო კურორტზე წასვლა?

ბევრი დამსვენებელი ჩივის, რომ სასტუმროების დიდი ნაწილი „მწვანე პასპორტს“ სათანადოდ არ აკონტროლებს, ასევე შეიძლება მოხვდე სასტუმროში, სადაც მოუწესრიგებელია დამსვენებელთა ნაკადები და არ ჰყოფნით საკვები.

მაღალი კლასის სასტუმროებშიც იგივე ვითარებაა?

არა, იქ „მწვანე პასპორტსაც“ აკონტროლებენ, ხარისხიანი კვება და ბევრი დამატებითი სიკეთე აქვთ - კეთილმოწყობილი ეზო, სპორტდარბაზები, აუზები. ასეთი არჩევანი - ერთი ღამით ნომერი, booking.com-ის მიხედვით, 400-დან 1500 ლარამდე დაგიჯდებათ.

თუ ბიუჯეტი მცირე გაქვს და უსაფრთხო დასვენება და ხალხმრავალი ადგილებისგან თავის არიდება გსურს?

შეიძლება იპოვო მშვიდი სასტუმრო, სადაც შესაძლოა მარტო აღმოჩნდე, 1-დან 7 იანვრის ჩათვლით 5 კილომეტრის რადიუსში ვერ იშოვიდით ახალ პურს, ადგილობრივ სასურსათო მაღაზიებში კი მწირი არჩევანი დაგხვდებოდათ.

სასტუმროების გარდა სად შეიძლება წასვლა?

შესაძლებელია დაიქირაო კეთილმოწყობილი სახლი, სადაც ოჯახიც დაისვენებთ და სტუმრებსაც უმასპინძლებთ: თბილისის შემოგარენში, წყნეთში, კიკეთში, წავკისსა და ტაბახმელაში ერთი დღით სახლის ქირაობის ფასები 200 ლარიდან იწყება, თვიური ფასი 1500$-დან 5 000$-მდეა. ფასები მოცემულია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა-გაქირავების ლოკალურ საიტებზე, ss.ge-სა და myhome-ზე დაყრდნობით.

რა ხდება თბილისიდან არც ისე შორს, მაგრამ მთიან რეგიონებში? მაგალითად - კოტეჯები და სახლები თიანეთში

ბოლო წლებში, ტურისტული მიზიდულობის წერტილებში, კოტეჯის ტიპის მარტივი კონსტრუქციით არაერთი პატარა სახლი აშენდა. ხის კოტეჯებს, იგივე კაბინებს, ძირითადად მთიან ადგილებში შეხვდებით. და ერთ ღამეში 80-დან 250 ლარამდე მოგიწევთ გადახდა, ადგილის, სიდიდისა და აღჭურვილობის მიხედვით.

თიანეთში, სიონის ტბის მიმდებარედ აშენებული კოტეჯების დასაქირავებლად როდესაც ვრეკავდი, აღმოვაჩინე, რომ კოტეჯებამდე გზა არ მიდის, კოტეჯებში კი წყალი არ არის. შესაბამისად, ამ სახლების ქირაობა იმდენი ხნით არის შესაძლებელი, რამდენ ხანსაც შეძლებ შენ მიერ მომარაგებული წყლით თავის გატანას. და ხომ გახსოვს, რომ კოტეჯებამდე გზა არ მიდის? შესაბამისად, ყველგანმავალი, ექსტრემალური გზებისთვის გათვლილი მანქანა გჭირდება იქამდე მისაღწევად. თუ ასეთი მანქანა არ გყავს, ადგილობრივები, დაბა სიონიდან რამდენიმე ათეულ ლარად მაღალი გამავლობის მანქანით მიგიყვანენ დანიშნულების ადგილას.

თიანეთში წყალი და კომუნიკაციები პრობლემა მხოლოდ ამ კოტეჯებისთვის არ არის. დავრეკე სხვა სახლშიც, რომელიც საბადურის ტყის სიახლოვესაა. მითხრეს, რომ ამ ადგილას წყალი გაყვანილი არ არის და ეზოში მოწყობილი ჭის მარაგითაა შესაძლებელი სარგებლობა, მაგრამ ეს მარაგიც 2 დღისაა. კოტეჯის ფასს აქ გათბობისთვის საჭირო ხარჯი განსაზღვრავს. სახლები ელექტროენერგიით თბება და ზამთრის ყინვებში, რაც აქ ჩვეული ამბავია, ძვირი დაგიჯდება. მაღალმთიან რეგიონებში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მოხმარება ზამთრის თვეებში სახელმწიფოსგანაა სუბსიდირებული, თუმცა მხოლოდ მათთვის, ვინც მაღალმთიან დასახლებებშია რეგისტრირებული. ამას მთის კანონი განსაზღვრავს, მაგრამ ვისაც იქ ბიზნესი აქვს და სხვაგან არის რეგისტრირებული, ამ სიკეთით ვერ ისარგებლებს. ამიტომ, იძულებული ხდება, დამსვენებლისგან მოითხოვოს მეტის გადახდა სახლში, რომელსაც დიდი ხნით (გაიხსენეთ უწყლობა) ისედაც ვერ აქირავებს.

უწყვეტი წყალმომარაგება სხვა რეგიონებშიც პრობლემაა.

წყალწაღებული ქვეყანა
please wait

No media source currently available

0:00 0:28:39 0:00

უწყვეტი ელექტროენერგიის მომარაგების პრობლემის პირას დგას სვანეთი, რომელიც განახლებული საბაგიროებით ზამთრის სპორტის მოყვარულებისთვის შესაძლოა სასურველი ადგილი იყოს.

დიდთოვლობისას გაუვალი გზები მთიან აჭარაში

ზამთარში სამთო კურორტები ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული მიმართულებებია. ბაკურიანში მოთხილამურეებისთვის საბაგირო ჯერ არ ჩართულა, რასაც თოვლის ნაკლებობით ხსნიან. გუდაურში ხალხმრავლობაა, რაც კოვიდრეგულაციების დაცვას ართულებს.

წელს ბევრმა მთიან აჭარაში, გოდერძის უღელტეხილის სათხილამურო ტრასები არჩია. არც იქამდე მიღწევა არის მარტივი: გზები მოუწყობელია და არ იწმინდება. პრობლემა წინა წლებშიც არსებობდა და დღემდე არ მოგვარებულა.

მომხმარებლები ფეისბუკზე ერთმანეთს უზიარებენ გოდერძის უღელტეხილზე მისასვლელ გზებზე გადაღებულ ფოტოებს და რჩევას აძლევენ, თუკი ამ გზას დაადგებიან, თან იქონიონ ზედმეტი ბორბალი და ისეთი ხელსაწყო, რომლითაც ყინულს დაამტვრევენ.

იმდენი მანქანაა ჩავარდნილი გზებში შეუძლებელია გვერდი აუარო!!“ - წერენ დახურულ ჯგუფებში ინტერნეტმომხმარებლები. ისინი საუბრობენ იმაზეც, რომ უგზობის გამო, ჩავარდნილ მანქანებამდე ვერც ევაკუატორი აღწევს და გაუვალ გზაში ჩარჩენილები ერთმანეთის დახმარების იმედად რჩებიან.

პერიოდულად, დიდთოვლობის გამო, გოდერძიმდე მიმავალი გზა საერთოდ იკეტება.

ადგილობრივი ტურიზმი - ტურიზმის აღდგენის ჯერჯერობით ყველაზე სანდო საყრდენი

თიბისი კაპიტალის 2021 წლის მიწურულს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 2021 წელს, საქართველოში ადგილობრივმა ტურიზმმა მნიშვნელოვნად იმატა და თბილისის გარეთ მყოფ სასტუმროებში დატვირთულობის 70% სწორედ ადგილობრივ დამსვენებლებზე მოდის. ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოში ტურიზმის აღდგენის მნიშვნელოვანი ფაქტორი მომდევნო პერიოდშიც ადგილობრივი ვიზიტორები იქნებიან.

უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა ამ ტემპით პანდემიამდელ ნიშნულს კიდევ დიდხანს ვერ დაუბრუნდება და ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი საქართველოში ვაქცინაციის დაბალი ტემპია. 2021 წელს საქართველომ იმაზე 79%-ით ნაკლები საერთაშორისო ტურისტი და 65,5%-ით ნაკლები შემოსავალი მიიღო მათგან, ვიდრე 2019 წელს, სანამ პანდემია დაიწყებოდა.

თიბისი კაპიტალის კვლევა აჩვენებს იმასაც, რომ მოგზაურობის მსურველები პანდემიის პირობებში უფრო გრძელვადიან და უსაფრთხო დასვენებას ანიჭებენ უპირატესობას, რაც სტუმარმასპინძლობის სექტორს ამ მოთხოვნებზე ადაპტაციის აუცილებლობას უჩენს. თავის მხრივ, სასტუმროები და კვების ობიექტები პანდემიამ არა მხოლოდ ფინანსური გამოწვევების, კვალიფიციური კადრების მოზიდვისა და შენარჩუნების პრობლემის წინაშეც დააყენა. პანდემიის დროს, 2019 წელთან შედარებით, სასტუმროების [88%-ს] და რესტორნების [63%-ს] უმეტესობა იძულებული გახდა, თანამშრომლებისთვის ხელფასი გაეზარდა იმისთვის, რომ მათთან დასაქმებულები სხვა სექტორში არ გადასულიყვნენ სამუშაოდ.

თქვენ სად მოახერხეთ საშობაო არდადეგებზე გასვლა და როგორ? მოგვწერეთ, გაგვიზიარეთ გამოცდილება.



XS
SM
MD
LG