რეგიონებში ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ მესტიაში დენის მოხმარება არ შემცირებულა. რადიო თავისუფლებას კომპანიის პრესსამსახურში უთხრეს, რომ მოსახლეობა იმავე მოცულობის ელექტროენერგიას მოიხმარს ახალი წლის დღეებში, რასაც მანამდე მოიხმარდა.
ხატზე დაფიცების შემდეგ, არსებობდა მოლოდინი, რომ რეგიონში დენის მოხმარება შემცირდებოდა. 30 დეკემბერს მესტიელებმა დაიფიცეს, რომ მაინერებს გამორთავდნენ. ახლა დაზუსტებით იმის თქმა შეუძლებელია, ეს არის ახალი წლისთვის ტურისტების ნაკადის გამო გაზრდილი ხარჯი, თუ ადგილობრივი მოსახლეობა ისევ ამუშავებს მაინერებს.
მესტიაში ბოლო რამდენიმე წელია, მათ შორის განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემაა. იმის გამო, რომ მუნიციპალიტეტში ელ.ენერგიის მიწოდება უფასოა, მოსახლეობა კრიპტოვალუტის გამოსამუშავებლად მაინერებს რთავს. მაინერების ჩართვის გამო იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება. დენის ჭარბი მოხმარების გამო ზამთარში ზიანდება სადენები და მოსახლეობა დენის გარეშე რჩება.
იმის გამო, რომ ცივ ზამთარში უდენობა მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, 30 დეკემბერს მესტიელებმა ხატზე დაიფიცეს, რომ მაინერებს გამორთავდნენ. მერიის ინფორმაციით, 7 მეგავატის ნაცვლად, მოსახლეობა 27 მეგავატს მოიხმარს.
28 დეკემბერს ელექტროგამანაწილებელმა კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯიამ” მესტიაში არსებულ პრობლემაზე განცხადება გაავრცელა. კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ბოცვაძის თქმით, ვერანაირი ქსელი ვერ გაუძლებს ელექტროენერგიის იმ მოხმარებას, რაც მესტიაშია. ამის გამო ის მოსახლეობას დენის გათიშვის შესახებ წინმსწრებად აფრთხილებდა.
"ენერგო-პრო ჯორჯია" სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესტიაში არსებულ მდგომარეობაზე… მესტიის არსებული მოხმარება გაუტოლდა 2019 წლის დეკემბრის მოხმარებას, როდესაც 5 მილიონი ლარის მაინერი გავთიშეთ და ამოვიღეთ ადგილობრივ პოლიციასთან ერთად", - ამბობდა ის.