მესტიელებმა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ხატზე დაიფიცეს, რომ ელექტრო-ენერგიას აღარ გამოიყენებენ მაინერების ასამუშავებლად. დაფიცების რიტუალი დღეს, 30 დეკემბერს გაიმართა.
"შესრულდა ხატზე დაფიცების რიტუალი, რომელიც მოიცავდა ერთადერთ პუნქტს, რომ გაგვეთიშა მოსახლეობას მაინერები. დაიფიცა სრულიად მესტიის მოსახლეობამ. ყველაზე ცუდი ფაქტი ისაა, რომ ამ ზომას მივმართეთ ჩვენ, სხვა ალტერნატიული გამოსავალი არ დაგვიტოვეს. ექვსი წელია ეს პრობლემა არ მოგვარდა და მივმართეთ უკიდურეს ზომას", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი, ანა ჩართოლანი.
მესტიას ზამთარში ელექტრო-ენერგიის მიწოდების პრობლემა ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად აქვს. იმის გამო, რომ მუნიციპალიტეტში ელ.ენერგიის მიწოდება უფასოა, მოსახლეობა კრიპტოვალუტის გამოსამუშავებლად მაინერებს რთავს. ზამთარში ისედაც გაზრდილ დატვირთვას სადენები ვერ უძლებს და მუდმივად ითიშება ელექტრო-ენერგია.
24 დეკემბერს მესიის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლითაც მოსახლეობას აუწყებდა, რომ მუნიციპალიტეტი ელექტრო-ენერგიის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე იდგა. მერია აცხადებდა, რომ საჭირო 7 მეგავატის ნაცვლად, მოსახლეობა 27 მეგავატს მოიხმარდა.
"ჩვენ ნამდვილად გვემუქრება მუნიციპალიტეტის სრული ჩაბნელების საფრთხე, რისი თანმდევი პროცესიც, არა მხოლოდ საყოფაცხოვრებო დისკომფორტი, არამედ ტურისტული სეზონის ჩავარდნა იქნება... დასამალი არ არის, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის მთავარი მიზეზი ე.წ მაინერების მომრავლებაა", - ეწერა გავრცელებულ განცხადებაში.
მოგვიანებით, 28 დეკემბერს ელექტროგამანაწილებელმა კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯიამ” მესტიაში არსებულ პრობლემაზე განცხადება გაავრცელა. კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ბოცვაძის თქმით, ვერანაირი ქსელი ვერ გაუძლებს ელექტროენერგიის იმ მოხმარებას, რაც მესტიაშია. ამის გამო მოსახლეობას დენის გათიშვის შესახებ წინმსწრებად აფრთხილებდა.
"ენერგო-პრო ჯორჯია" სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესტიაში არსებულ მდგომარეობაზე… მესტიის არსებული მოხმარება გაუტოლდა 2019 წლის დეკემბრის მოხმარებას, როდესაც 5 მილიონი ლარის მაინერი გავთიშეთ და ამოვიღეთ ადგილობრივ პოლიციასთან ერთად", - ამბობდა ის.