Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკრებულოები თავმჯდომარეების გარეშე - რა არის ოპოზიცის ბოიკოტის მიზანი


რიგ მუნიციპალიტეტებში საკრებულოს სხდომებს ოპოზიციის წევრები პროტესტის ნიშნად არ ესწრებიან ან საპროცედურო საკითხების გავლის შემდეგ ტოვებენ, კვორუმის არარსებობა კი თავმჯდომარეების არჩევის ბარიერი ხდება.

მოქმედი კანონმდებლობით, თუ საკრებულო კვორუმის არქონის გამო საკრებულოს თავმჯდომარეს ვერ აირჩევს და საკრებულოს წევრთა უფლებამოსილებას არ ცნობს, ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს. ბათუმში, წალენჯიხასა და ზუგდიდში, სადაც საკრებულოები ჯერაც თავმჯდომარის გარეშე არიან, უკვე ცნობილია საკანონმდებლო ორგანოების უფლებამოსილება, რაც რიგგარეშე არჩევნების შესაძლებლობას გამორიცხავს.

ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი, სადაც თავმჯდომარეს კვორუმის არარსებობის გამო ვერ ირჩევდნენ, დმანისი იყო, თუმცა დღეს მძიმე ბრალდებებისა და დეპუტატის ორდღიანი გაუჩინარების შემდეგ ცნეს საკრებულოს უფლებამოსილებაც და თანამდებობებიც დაინაწილეს.

დმანისში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა ოპოზიციონერი რამაზ რამაზანოვი, რომელსაც თანაგუნდელები წინა დღეებში უშედეგოდ ეძებდნენ. იმის მიუხედავად, რომ მან დღევანდელი საკრებულოს სხდომის დაწყებამდე გამორიცხა ზეწოლა მის მიმართ და შეეცადა მედია დაერწმუნებინა იმაში, რომ საკუთარ სახლში იყო მაშინ, როცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ვერ პოულობდნენ, ოპოზიციური პარტიის წევრებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ის დღევანდელ სხდომაზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლისა და დაშინების გამო გამოცხადდა.

რამაზანოვი, რომელიც საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით გახდა, დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს მუშაობას დმანისის საკრებულოში. 10 დეკემბრის საკრებულოს სხდომას მხოლოდ რამაზ რამაზანოვი და „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატები ესწრებოდნენ.

თამთა მიქელაძე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი“, დმანისში მას შემდეგ ჩავიდა, რაც ცნობილი გახდა რამაზ რამაზანოვის გაუჩინარების ამბავი. ადგილზე ვითარების შესწავლის და რამაზანოვის ახლობლებისგან მიღებული ცნობების შემდეგ, თამთამ დაწერა, რომ „გაუჩნდა შინაგანი რწმენა“, რომ რამაზანოვი პოლიტიკური შევიწროების მსხვერპლი იყო. თამთა მიიჩნევს, რომ სწორი არც ოპოზიციის პოზიციაა, რომელიც საკრებულოს ბოიკოტში გამოიხატება, ვინაიდან „ადგილობრივი ხელისუფლება პირველი დონის პოლიტიკურ და სოციალურ საჭიროებებს უნდა პასუხობდეს და მოქალაქეების მუდმივი კრიზისის პირობებში დატოვება, როცა ადგილობრივ მოსახლეობას არ აქვს სასმელი წყალი, გზები, საბავშვო ბაღები, ტრანსპორტი და ა.შ., სწორი არ არის“.

„ქართულ ოცნებას არ სურს ძალაუფლების განაწილება, მაგრამ ენმ-მ არ იცის საქმიანი ოპოზიციონერობა ძალაუფლების ინსტიტუციური განაწილების სქემაში და ეს ორი პარტია საბოლოოდ სარკისებურად აწარმოებს ერთმანეთს;

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში დმანისის მუნიციპალიტეტს ოპოზიციონერი მერი ჰყავდა, ოპოზიციამ ამ მუნიციპალიტეტში პოზიტიური და პროდუქტიული გამოცდილების შექმნა ვერ შეძლო“, - წერს თამთა დმანისის მაგალითზე.

გაუგებარს უწოდებს ოპოზიციის ტაქტიკას იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მმართველ პარტიას უმრავლესობა არ აქვს და მათი ხმები გადაწყვეტილებებისთვის საჭიროა, თვითმმართველობის სპეციალისტი, ირაკლი მელაშვილი. მისი თქმით, როცა საკრებულოების უფლებამოსილება უკვე ცნობილია, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა აღარ არსებობს, და რომც არსებობდეს, ამ ვითარებაში ოპოზიცია იმაზე უკეთეს შედეგს ვერ აჩვენებს, რაც 2021 წლის ოქტომბერში გამართულ არჩევნებში ჰქონდა. მეტიც, ის ფიქრობს, რომ სრულიად გაურკვეველია, მაგალითად, წალენჯიხის საკრებულოში მიმდინარე პროცესები, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატები ფაქტობრივად პრობლემებს უქმნიან ერთადერთ ოპოზიციონერ მერს, რომელსაც გამართულად მომუშავე საკრებულო სჭირდება საზოგადოებისთვის იმის საჩვენებლად, რომ მრავალპარტიულობა სჯობს ერთპარტიულობას.

„თამაშია ეს ყველაფერი, მაგრამ რა აზრი აქვს ამ თამაშს, ვერ გეტყვით. ამით მრავალპარტიული საკრებულოების დისკრედიტაცია ხდება, ამას უყურებს მოსახლეობა, რომელიც მუნიციპალიტეტისგან ელის პრობლემების მოგვარებას, სჭირდება ქმედითი მთავრობა და უყურებს ამ სურათს, სადაც მიზანი არ არის გამოკვეთილი, ტაქტიკა არ ჩანს“, - ამბობს ირაკლი მელაშვილი. ის მიიჩნევს, რომ რეგიონებში ოპოზიციონერი დეპუტატების უმიზნო პროტესტის მიზეზი შესაძლოა, ზოგადად, პარტიებში სტრატეგიის არარსებობაც იყოს და იმაზე პასუხიც, რომ მმართველმა პარტიამაც, თანამშრომლობაზე წასვლის ნაცვლად, ვითარება მომავალი წლის ბიუჯეტების ნაჩქარევად, საკრებულოების წინა შემადგენლობების დამტკიცების გამო დაძაბა.

უკვე დამტკიცებული ბიუჯეტების და უფლებამოსილად ცნობილი საკრებულოების პირობებში, მომდევნო სადავო საკითხი ახალი წლის შემდეგ ცენტრალური ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამოყოფილი თანხების განხილვა იქნება, თუმცა, თუ ოპოზიცია იქაც არაკონსტრუქციული დარჩება, ესეც მისთვისვე აღმოჩნდება რეპუტაციულად საზიანო, ვინაიდან ხელისუფლებას შესაძლებლობა ექნება, უთხრას მოსახლეობას, რომ ოპოზიციის გამო ვერ კეთდება საქმეები მათ ქალაქებსა და სოფლებში, - ამბობს ირაკლი მელაშვილი.

„თავმჯდომარეების არჩევა შეიძლება გაიწელოს და სანამ თავმჯდომარე არ ეყოლება საკრებულოს, ის ვერ მიიღებს ნორმატიულ აქტებს. რამდენიმე თვე, უკვე დამტკიცებული ბიუჯეტებით შეუძლია მერს მართოს მუნიციპალიტეტი, სანამ დღის წესრიგში არ დადგება ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხები - იმ დრომდე, იმედია, კონსენსუსს მიაღწევენ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ადგილობრივი თვითმმართველობის კიდევ ერთმა სპეციალისტმა, კონსტანტინე კანდელაკმა. ის ვერ იხსენებს საკრებულოებში ამგვარ დაპირისპირებას სხვადასხვა პარტიის წევრებს შორის, თუმცა ამბობს, რომ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგაც იყო გარკვეული გაუგებრობები იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მერები დამოუკიდებელი ან ოპოზიციის კანდიდატები გახდნენ: ბორჯომში, თიანეთსა და ოზურგეთში.

„ახლა რომ ასე უცბად დაამტკიცებინეს ბიუჯეტები საკრებულოს ძველ შემადგენლობას იმ ქალაქებში, სადაც მმართველ პარტიას არ ჰქონდა უმრავლესობა საკრებულოებში, ზუსტად იმისგან თავის დაზღვევა იყო, რომ არ შექმნილიყო შეფერხება ოპოზიციის პროტესტის გამო. ეს არ იყო კანონის დარღვევა, თუმცა იყო ნაჩქარევად ჩატარებული პროცედურები და გარდა ბიუჯეტისა, არაერთი ნორმატიული აქტი მიიღეს, მათ შორის, საშტატო ნუსხებიც დაამტკიცეს“, - ამბობს კონსტანტინე კანდელაკი. ის თვლის, რომ ყურადღების ცენტრში მოქცეული საკრებულოები, თუნდაც ხმაურითა და დაპირისპირებით, თვითმმართველობის ორგანოების და მათი საქმიანობის მიმართ ინტერესს ზრდის, რაც შესაძლოა ამ პროცესის დადებით მხარედ ჩაითვალოს.

სანამ ცალკეულ მუნიციპალიტეტებში საკრებულოს წევრები ერთმანეთთან თანამშრომლობის გზებს მონახავენ, 3 ნოემბერს პარლამენტში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატან ცვლილებათა პროექტი შევიდა, რომლის მიხედვით, საკრებულოში ანაზღაურებადი თანამდებობების რაოდენობა იზრდება. ცვლილებები დაჩქარებული წესით და სამივე მოსმენით მიიღო პარლამენტმა და ამიერიდან საკრებულოების თავმჯდომარეებს იმაზე მეტი მოადგილის ყოლის შესაძლებლობა ეძლევათ, ვიდრე აქამდე ჰქონდათ.

XS
SM
MD
LG