Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაუჩინარებული ოპიზიციონერი რამიზ რამაზანოვი საკრებულოს სხდომაზე მივიდა, ის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს


დმანისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მანამდე გაუჩინარებული ოპოზიციის წევრი რამიზ რამაზანოვი გამოცხადდა, რის შემდეგაც, ქვორუმი შედგა და 30 წევრიანი საკრებულოს უფლებამოსილება ცნეს. დღევანდელ სხდომაზევე აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარე - ის მმართველი პარტიის დეპუტატი, პაატა ყულიაშვილია, რომელსაც თავმჯდომარეობისთვის 16 ხმა სჭირდებოდა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ კი რამიზ რამაზანოვი აირჩიეს. სხდომას მხოლოდ რამაზანოვი და მმართველი პარტიის წევრები ესწრებიან. რამაზანოვმა სხდომის დაწყებამდე თქვა, რომ ის დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს საკრებულოში მუშაობას, იმის მიუხედავად, რომ არჩევნებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილი კანდიდატი იყო.

"ნაციონალური მოძრაობის“ დმანისის ორგანიზაციის წევრები დღევანდელ სხდომამდე ორი დღის განმავლობაში ვერ ახერხებენ რამიზ რამაზანოვთან დაკავშირებას. ოპოზიციური პარტიის მტკიცებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მას მუქარით აიძულებდა დღევანდელ სხდომაში მონაწილეობას, რათა ის არ ჩაშლილიყო. თავად რამიზ რამაზანოვმა სხდომის წინ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას არავინ დამუქრებია და სახლში იყო იმ დროის განმავლობაში, როცა მას თანაგუნდელები ეძებდნენ.

ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ლიდერის, საკრებულოს წევრ ლევან მოსეშვილის განცხადებით, რამაზანოვის დღევანდელ სხდომაზე მისვლა და მისი თავმჯდომარის მოადგილედ არჩევა ადასტურებს იმას, რომ რამაზანოვი მმართველი პარტიის მხრიდან ზეწოლის, დაშინებისა და მუქარის მსხვერპლი გახდა. მოსეშვილის თქმით, როცა საკრებულოს შემადგენლობა უკვე დამტკიცებულია, დიდი ალბათობით, საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრები შეწყვეტენ სხდომების ბოიკოტს, რადგან პროტესტის ასეთ ფორმას აზრი აღარ აქვს და ბრძოლას თავად საკრებულოში გააგრძელებენ.

3 დეკემბერს მოწვეული დმანისის საკრებულოს პირველი სხდომა ჩაიშალა და მისი უფლებამოსილების ცნობა არ მოხდა, რადგან სხდომაში მონაწილეობაზე უარი თქვა ოპოზიციამ. მათი 14 წარმომადგენელი არც დღევანდელ სხდომას დასწრებია.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით:

  • თუ იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა წყდება. ასეთ შემთხვევაში ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს მომდევნო სხდომას იწვევს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია იმ დღიდან 10 დღის ვადაში, როდესაც შესაძლებელი გახდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის ორ მესამედამდე შესავსებად;
  • თუ გათვალისწინებულ ვადაში ვერ მოხერხდა შესაბამისი რაოდენობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა, ინიშნება ხელახალი არჩევნები.

ოქტომბრში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, დმანისის საკრებულოში მმართველმა "ქართულმა ოცნებამ" 15 კანდიდატი გაიყვანა, ამდენივე ოპოზიციამ, საიდანაც 13 ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი იყო.

XS
SM
MD
LG