Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნაციონალური მოძრაობის“ დმანისის ორგანიზაცია თავის წევრს ვერ პოულობს და მასზე ზეწოლაზე საუბრობს


„ნაციონალური მოძრაობის“ დმანისის ორგანიზაციის წევრები ამ დრომდე ვერ ახერხებენ დმანისის საკრებულოს ოპოზიციონერ წევრთან, რამიზ რამაზანოვთან დაკავშირებას. ოპოზიციური პარტიის მტკიცებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მას ემუქრებოდა და აშანტაჟებდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ დმანისის ორგანიზაციის წარმომადგენელმა, დმანისის საკრებულოს წევრმა ლევან მოსეშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რამაზანოვი ბოლოს სოფელ ზემო ოროზმანის საშუალო სკოლაში ნახა და მხოლოდ „ორი წუთით გასაუბრება“ მოასწრო.

‘’სკოლაში მივაკითხე, ფიზკულტურის გაკვეთილზე. აღელვებულმა მითხრა, რომ „ოცნების“ წევრები, თუ მათთან დაახლოებული პირები თავიანთ შტაბში, შემდეგ კი გუბერნიაში აიძულებდნენ თანხმობა ეთქვა საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე თავიანთი („ქართული ოცნების“) კანდიდატის მხარდაჭერაზე. მაგრამ, უცებ ოთახში, სადაც ვსაუბრობდით, ორი ადამიანი შემოვარდა, გარეთ მდგომ მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს“, - თქვა ლევან მოსეშვილმა.

ლევან მოსეშვილის თქმით, „გამტაცებლებს“ არ იცნობს.

„ადგილობრივი სუს-ის ყველა თანამშრომელს ვიცნობ, გამტაცებლები, სავარაუდოდ, მათთან დაახლოებული „ძველი ბიჭები იყვნენ“, - თქვა ლევან მოსეშვილმა.

რამიზ რამაზანოვი საკრებულოს არჩევნების შემდეგ ზემო ოროზმანის საშუალო სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, სკოლაში კი აუდიტის სამსახური შევიდა.

რადიო თავისუფლება შეეცადა საკრებულოს გაუჩინარებულ წევრთან ტელეფონით დაკავშირებას, მაგრამ რამაზანოვი ზარებს არ პასუხობს. ის არც ტექსტურ შეტყობინებას ეხმაურება. რადიო თავისუფლება ასევე დაუკავშირდა შს სამინისტროს, სადაც განაცხადეს, რომ საკრებულოს დეპუტატის ადგილსამყოფლის შესახებ ამ ეტაპზე ცნობები არ აქვთ.

ოქტომბერში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, დმანისის 30-წევრიან საკრებულოში „ქართულმა ოცნებამ“ 15 წევრი გაიყვანა, 15-იც „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

3 დეკემბერს დანიშნული სხდომა, რომელზეც საკრებულოს წევრების უფლებამოსილება უნდა ეცნოთ და თავმჯდომარე აერჩიათ, ჩაიშალა, რადგან საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები სხდომაზე არ გამოცხადდნენ და კვორუმი ვერ შედგა.

საკრებულოს მორიგი სხდომა ხვალ, 10 დეკემბერსაა დანიშნული.

ლევან მოსეშვილის განცხადებით, ოპოზიცია არც მომავალ სხდომაზე აპირებს მისვლას და კვორუმის არარსებობის გამო, სხდომას ჩაშლის.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით:

  • თუ იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა წყდება. ასეთ შემთხვევაში ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს მომდევნო სხდომას იწვევს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია იმ დღიდან 10 დღის ვადაში, როდესაც შესაძლებელი გახდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის ორ მესამედამდე შესავსებად;
  • თუ გათვალისწინებულ ვადაში ვერ მოხერხდა შესაბამისი რაოდენობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა, ინიშნება ხელახალი არჩევნები.

მეორე მცდელობისას დმანისის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობისთვის საჭიროა სხდომაზე 16 წევრის დასწრება.

დმანისის ახალარჩეული საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან" პაატა ყულიაშვილი კატეგორიულად უარყოფს ოპოზიციის ბრალდებას რამიზ რამაზანოვთან დაკავშირებით:

მეცინება ამ ბრალდებაზე, სირცხვილია, რაც თავად გააკეთეს იმას გვაბრალებენ. მხედველობაში ის მაქვს, რომ 3 დეკემბერს გამართულ სხდომამდე საკრებულოში გასული "ნაციონალური მოძრაობის" ყველა წევრი, რამაზანოვიც, ქალაქიდან 10 კილომეტრის მოშორებით გაიყვანეს, რომ სხდომას არ დასწრებოდნენ. რამაზანოვი, ალბათ თავად ჰყავთ გადამალული, რომ ხვალ დაგეგმილ სხდომას არ დაასწრონ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პაატა ყულიაშვილმა.

მისივე თქმით, მომავალ სხდომაზე თავმჯდომარეც ასარჩევია, რასაც 16 ხმა სჭირდება.

საკრებულოში კვორუმის არსებობის შემთხვევაში, თავმჯდომარის პოსტზე "ქართული ოცნება" პაატა ყულიაშვილის კანდიდატურას დაასახელებს.

9 დეკემბერს უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადება „რამიზ რამაზანოვის სავარაუდო პოლიტიკური შევიწროების“ ფაქტზე და ხელისუფლებას მოუწოდეს, „მიიღოს ყველა ზომა მისი უსაფრთხოების და ღირსების დასაცავად.“

„რამიზ რამაზანოვი უკვე 2 დღეა სახლში არ იმყოფება. მისი სახლის გარშემო პოლიციაა მობილიზებული. ოჯახის წევრების განმარტებით, რამიზ რამაზანოვი მათთან კონტაქტზეა, თუმცა მისი ადგილსამყოფელი და ზუსტად რა ხდება მასთან, არ იციან. ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ან სხვა უწყებას ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია“, - აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

უფლებადამცველებმა ასევე მოუწოდეს პროკურატურას, „დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება რამიზ რამაზანოვის სავარაუდო პოლიტიკური დევნის ფაქტებზე და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია პროცესის შესახებ.

უფლებადამცველები მიმართავენ პარტია „ქართულ ოცნება-დემოკრატიული საქართველოს”, რომ „გაიაზროს ამგვარი ქმედებების მძიმე პოლიტიკური და სოციალური შედეგი და პროცესები დემოკრატიულ ჩარჩოში დააბრუნოს.“

XS
SM
MD
LG