„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელიც პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, ადასტურებს “ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ ზეწოლას „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბათუმის საკრებულოში მაჟორიტარული სისტემით არჩეულ ნუგზარ ფუტკარაძეზე. ბოლო ხანს, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ზეწოლის დამადასტურებელი მტკიცებულებები აქვთ.
ნუგზარ ფუტკარაძე რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი კირთაძის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი იყო სისხლში შაქრის დონის მატება.
დღეს, 24 ნოემბერს ბათუმში გამართულ ბრიფინგზე გიორგი კირთაძემ თქვა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ახალი მოწვევის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში გადასვლის მიუხედავად, ბათუმში მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ირაკლი კობახიძემ განაცხადეს, რომ „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა აუცილებლად ექნებოდა. კირთაძის თანახმად, ეს პირდაპირ ნიშნავდა, რომ „საკრებულოს წევრებზე იწყებოდა არნახული მასშტაბის ზეწოლა“ და პირველ შემთხვევაში, ეს მოახერხეს გახარიას პარტიის წარმომადგენელზე, თუმცა, უმრავლესობის მისაღებად სჭირდებოდათ საკრებულოს კიდევ ერთი წევრის მიმხრობა.
გიორგი კირთაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნუგზარ ფუტკარაძე იყო ერთ-ერთი პირველი, რომელზეც ზეწოლა და მისი მოსყიდვის მცდელობა დაიწყო. კირთაძის თქმით, ფუტკარაძესთან მოლაპარაკებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით სათავეში ჩაუდგნენ ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში „მაღალჩინოსანი ძალოვნები“ ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე, რომლებმაც რეგიონი „აჭარის რევოლუციის“ შემდეგ დატოვეს და ბათუმში დაბრუნდნენ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ. კირთაძის თანახმად, თაბაგიძე, რომელიც აბაშიძის მმართველობისას სამძებრო სამსახურის უფროსი იყო და ბაკურიძე, რომელიც უშიშროების სამსახურს ხელმძღვანელობდა, არაერთხელ შეხვდნენ ნუგზარ ფუტკარაძეს, რომელმაც საუბრები ჩაიწერა.
„აუდიოჩანაწერებში კარგად ჩანს, როგორ სთავაზობდა ვაჟა თაბაგიძე, რომელიც არის ამავდროულად ზაზა დიასამიძის, ხელვაჩაურის მერად არჩეული ძველი პოლიციელის ბიძა და კარგად ისმის, რომ მისი სახელითაც არიან მისულები ბატონ ნუგზართან, როგორ სთავაზობდნენ მას ასი ათას დოლარს“, - განაცხადა გიორგი კირთაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ნუგზარ ფუტკარაძეს სთავაზობდნენ პარტიის დატოვებას და ბათუმის საკრებულოში დამოუკიდებელ წევრად მუშაობას. "ნეიტრალი არის არც იქეთ ხარ, არც აქეთ ხარ", - ისმის ერთი-ერთი მოსაუბრის ხმა აუდიოჩანაწერში, რომელიც ბრიფინგზე მედიას მოასმენინეს.
"ოდნავ მაინც რომ მუშაობდეს ინსტიტუციები ამ ქვეყანაში, მე დარწმუნებული ვარ, ბატონი ნუგზარი დღეს ჩვენს გვერდით იქნებოდა. ის გარდაიცვალა შაქრის მაღალი დოზით, ათასი დაუფიქსირდა მას სისხლში, რასაც ცალსახად იწვევს ნერვიულობა და ის როგორ ნერვიულობდა ამ ყველაფერზე, ჩვენ ყველანი კარგად ვხედავდით", - განაცხადა გიორგი კირთაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" ბრიფინგს ესწრებოდა გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის და, ნაზი ფუტკარაძე, რომელიც ბათუმის საკრებულოს ჯერ კიდევ მოქმედი შემადგენლობის წევრია "ნაციონალური მოძრაობიდან".
"ეს ვიცი, რომ ჩემი ძმა ამ ბოლოს შვილებზე ნერვიულობდა, არავინ არაფერი ავნოსო. დანარჩენს კი ხედავთ, თურმე, მიზეზი რა ყოფილა. ჩემი ძმა ბოლომდე დარჩა იდეის ერთგული და აჩვენა მაგალითი, რომ როცა სამშობლოს ეხება და იდეას ეხება, არ უნდა გაიყიდოს ადამიანი", - განაცხადა ნაზი ფუტკარაძემ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროკურატურისგან გამოძიების დაწყება მოითხოვა. ოპოზიციური პარტია ასევე, მოითხოვს, რომ თორნიკე რიჟვაძემ დატოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა.
თავად თორნიკე რიჟვაძემ "ნაციონალური მოძრაობის" ბრიფინგამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუ "წინასწარ დაანონსებულ ჩანაწერებში" მისი ოჯახის წევრი არ ფიგურირებს, ყველასგან ბოდიშს მოითხოვს.
"კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. სწორედ ამ ადამიანის ხსოვნა და მისი სახელის მოფრთხილება ითვალისწინებს, რომ მეტად ღირსეულად მოიქცნენ მისივე თანამებრძოლები. რაც შეეხება წინასწარ დაანონსებულ ჩანაწერებს, ბუნებრივია, მე ამაზე და მის შინაარსზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, მაგრამ მერწმუნეთ, რომ თუ ჩემი ოჯახის წევრი რომელიმე ჩანაწერში არ ფიგურირებს, ყველას მოვთხოვ ბოდიშის მოხდას", - განაცხადა რიჟვაძემ.
- 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში ერთპიროვნული უმრავლესობის შესაქმნელად საჭირო ხმები ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა. 16 მანდატი მიიღო "ქართულმა ოცნებამ" და საერთო ჯამში, 19 ოპოზიციამ: "ნაციონალურმა მოძრაობამ" - 15, პარტიამ "საქართველოსთვის" - 3 და "ლელომ" - 1.
- 19 ოქტომბერს, "ქართული ოცნების" ლიდერების ბათუმში ყოფნისას, ჟურნალისტებმა პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძე ჰკითხეს, უნდა ელოდოს თუ არა, მაგალითად, ბათუმი ვადამდელ არჩევნებს, რადგან ქალაქის საკრებულოში სამი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიიდან არჩეული წევრების საერთო რაოდენობა "ქართული ოცნების" წევრთა რაოდენობაზე მეტია, ამან კი შესაძლოა, პრობლემა შექმნას ადგილობრივი ბიუჯეტის მიღებისას. კობახიძემ უპასუხა, რომ ითანამშრომლებენ საკრებულოს ცალკეულ წევრებთან: "და აქედან გამომდინარე, არა გვგონია, რომ რაიმე პრობლემა შეიქმნას ბათუმის საკრებულოში". "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ცალკეული წევრები არ დააკონკრეტა და მხოლოდ ის თქვა, რომ საზოგადოება ამას მოგვიანებით გაიგებს.
- 29 ოქტომბერს, ბათუმის საკრებულოში პარტია "საქართველოსთვის" პროპორციული სიით არჩეულმა ირაკლი თავდგირიძემ პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ საკრებულოში დამოუკიდებელ წევრად იმუშავებს. თავდგირიძემ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მისთვის მიუღებელია "ნაციონალურ მოძრაობასთან" და "ლელოსთან" ნებისმიერი სახით თანამშრომლობა და მით უმეტეს, მათთან კოალიცია.