Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარიას პარტია დატოვა ბათუმის საკრებულოს წევრად არჩეულმა ირაკლი თავდგირიძემ


ექსპრემიერ გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებული პარტია „საქართველოსთვის“ დატოვა პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ქალაქის საკრებულოში პროპორციული სიით არჩეულმა ირაკლი თავდგირიძემ.

„ჩემთვის ბათუმის საკრებულოს მომავალი წევრისთვის, კატეგორიულად მიუღებელია ნაცმოძრაობასთან (ლელოს ჩათვლით) ნებისმიერი სახით თანამშრომლობა, მითუმეტეს მათთან კოალიცია და თანამდებობის გადანაწილებაზე კონსულტაციაც კი", - წერს ფეისბუკზე ირაკლი თავდგირიძე. მისი ინფორმაციით, პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვების შემდეგ, ქალაქის საკრებულოში დამოკიდებლად იმუშავებს.

რადიო თავისუფლება ირაკლი თავდგირიძისგან მისი გადაწყვეტილების დეტალების დაზუსტებას ცდილობს.

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში ერთპიროვნული უმრავლესობის შესაქმნელად საჭირო ხმები ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა. 16 მანდატი მიიღო "ქართულმა ოცნებამ", 15 - "ნაციონალურმა მოძრაობამ", 3 - პარტიამ "საქართველოსთვის" და 1 - "ლელომ". ირაკლი თავდგირიძის გადაწყვეტილების შემდეგ, გახარიას პარტიას საკრებულოში 2 წევრი ეყოლება.

ბათუმის საკრებულოში უმრავლესობის შესაქმნელად და თავმჯდომარის ასარჩევად, სულ მცირე, 18 დეპუტატის გაერთიანებაა საჭირო. "ნაციონალური მოძრაობა" და "ლელო" თვითმმართველი ორგანოების კოალიციური მართვისთვის შექმნილ გაერთიანებაში არიან და საკრებულოში, საერთო ჯამში, 16 მანდატი აქვთ, ისევე, როგორც "ქართულ ოცნებას". თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ ირაკლი თავდგირიძე მხარს "ქართული ოცნების" კანდიდატს დაუჭერს, ეს საკმარისი მაინც ვერ იქნება. შესაბამისად, ამ დროისთვის გადამწყვეტ ხმებს ფლობს პარტია "საქართველოსთვის".

19 ოქტომბერს, "ქართული ოცნების" ლიდერების ბათუმში ყოფნისას, ჟურნალისტებმა პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძე ჰკითხეს, უნდა ელოდოს თუ არა, მაგალითად, ბათუმი ვადამდელ არჩევნებს, რადგან ქალაქის საკრებულოში სამი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიიდან არჩეული წევრების საერთო რაოდენობა "ქართული ოცნების" წევრთა რაოდენობაზე მეტია, ამან კი შესაძლოა, პრობლემა შექმნას ადგილობრივი ბიუჯეტის მიღებისას. კობახიძემ უპასუხა, რომ ითანამშრომლებენ საკრებულოს ცალკეულ წევრებთან: "და აქედან გამომდინარე, არა გვგონია, რომ რაიმე პრობლემა შეიქმნას ბათუმის საკრებულოში". "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ცალკეული წევრები არ დააკონკრეტა და მხოლოდ ის თქვა, რომ საზოგადოება ამას მოგვიანებით გაიგებს.

XS
SM
MD
LG