Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" ღია მოლაპარაკებებს სთავაზობს


ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“, რომელმაც თვითმმართველობის არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ, ამ ორ პარტიას სთავაზობს ღია მოლაპარაკებას საკრებულოებში საკადრო შემადგენლობის დაბალანსების მიზნით.

„დღეს პარტია “საქართველოსთვის” წარმოდგენილია როგორც თბილისში, ასევე, საქართველოს ბევრ მუნიციპალიტეტში და ბევრგან ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გადამწყვეტი ხმა გვქონდეს როგორც საკრებულოს დაკომპლექტებაში, ასევე, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაში. ამ მიზნით, ოცნება, ისევე როგორც ნაციონალური მოძრაობა გვთავაზობს და ცდილობს, ფარული მოლაპარაკების ფარგლებში მიაღწიონ ჩვენთან შეთანხმებას იმისთვის, რომ მათთვის მისაღები კანდიდატურებით დაკომპლექტდეს საკრებულო, რაც ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელია. მეორე მხრიდან, ოცნება ცდილობს, ჩვენს საკრებულოს წევრებზე ზემოქმედებით, სხვადასხვა ბინძური მეთოდებით მათი გადაბირების შედეგი დააყენოს“, - განაცხადა პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

გახარიას თქმით, მსგავსი ქმედებები მიზნად ისახავს მსხვილ მუნიციპალიტეტებში ერთპარტიული საკრებულოების ჩამოყალიბებას, რაც კატეგორიულად მიუღებელია, რადგან ამომრჩეველმა პარტიას „საქართველოსთვის“ მისცა ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობასთან ბრძოლის დავალება.

გიორგი გახარიას განცხადებითვე, კარგად ესმით საკუთარი პასუხისმგებლობაც, რომ მუნიციპლიტეტებში კრიზისი არ უნდა შეიქმნას, ამიტომ, "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალური მოძრაობას" სთავაზობენ ღია ფორმატის სამმხრივ მოლაპარაკებებს, რომლის მიზანი იქნება საკრებულოების დაბალანსებული საკადრო შემადგენლობის მიღება:

"ჩვენ მზად ვართ, უპირობოდ დავეთანხმოთ ნებისმიერ, მათ მიერ ამ ფორმატში შერჩეულ კანდიდატს და მხარი დავუჭიროთ ასეთ კანდიდატებს ნებისმიერ საკრებულოში. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, რამეთუ მივცეთ ორ ძალას შესაძლებლობა, მოილაპარაკონ, ეს არის ის დავალება, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა და ამომრჩევლებმა ჩვენ მოგვცეს, ისე რომ საკრებულოები ყველგან იყოს დაბალანსებული და არ იყოს ერთპარტიული საკრებულოები. ჩვენ ამ პროცესში არა გვაქვს არანაირი პრეტენზია, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ჩვენ უპირობოდ დავეთანხმებით ამ ფორმატში მათ მიერ შეთანხმებულ ნებისმიერ კანდიდატს".

გახარიას განცხადებითვე, თუ რომელიმე მხარე არ მოისურვებს ამ ფორმატში მონაწილეობას, ან ვერ იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება, პარტია „საქართველოსთვის“ კვლავაც იმოქმედებს მისთვის ფუნდამენტური, ძალთა ბალანსის პრინციპით, რათა არც ერთ მუნიციპალურ დონეზე არ დაუშვას ძალაუფლების კონცენტრაცია.

"საქართველოსთვის" ლიდერის თქმით, მისი პარტია არცერთი მუნიციპალიტეტის დონეზე არ აპირებს კოალიციის შექმნას არც "ქართულ ოცნებასთან" და არც "ნაციონალურ მოძრაობასთან".

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგებით, საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში ყველაზე მეტი ხმა, 46%-ზე მეტი, მმართველ პარტია "ქართულ ოცნებას" აქვს. მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობაა" 30%-ზე მეტით და მესამეზე "გახარია-საქართველოსთვის", რომელსაც ხმა მისცა 7%-ზე მეტმა.

XS
SM
MD
LG