Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმისა და ზუგდიდის ბიუჯეტების ნაჩქარევად დამტკიცების საკითხი სასამართლოში გადაინაცვლებს


ზუგდიდის საკრებულოსთან, 26 ნოემბერი
ზუგდიდის საკრებულოსთან, 26 ნოემბერი

„ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავს, სასამართლოში გაასაჩივროს ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოების ძველი შემადგენლობის მიერ 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტების ნაჩქარევად დამტკიცების ფაქტი.

როგორც ლევან ბეჟაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, იგეგმება საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლებლობების გამოყენება და ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები, როგორც იურისტებთან, ასევე ოპოზიციონერ დეპუტატებთან“.

ენმ-ში აცხადებენ, რომ საზოგადოება 26 ნოემბერს მომსწრე გახდა „ქართული ოცნების“ მიერ ხელისუფლების მიტაცების მორიგი ფაქტისა, რაც უპასუხოდ არ დარჩება.

„იქ, სადაც არ აქვს „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა, ვადაგასულ საკრებულოებს დაამტკიცებინეს ბიუჯეტები, რაც თავისი არსით არის ძალაუფლების მიტაცება და ახალი მანდატის საკრებულოებისთვის სამომავლო საქმიანობაში განზრახ ხელის შეშლა.

სახეზე გვაქვს შეთანხმებული მოქმედება „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბისა და ცენტრალური საარჩევო კომისიის. ამ პროცესში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კიდევ ერთხელ შეასრულა არჩევნების შედეგების გამყალბებლის მთავარი როლი, ვინაიდან განზრახ და მიზანმიმართულად გააჭიანურა ახალი საკრებულოების სხდომის მოწვევის თარიღი, მაშინ, როცა არჩევნების შედეგები უკვე შეჯამებული იყო 13 ნოემბერს და შესაძლებელი იყო აქამდე დანიშნულიყო ახალი საკრებულოების სხდომის მოწვევის თარიღი“, - განაცხადა 27 ნოემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა.

მისი თქმით, ჩვენ „ეს პროცესი არ უნდა უგულებელვყოთ, თუ ქვეყანაში გვინდა სამართლიანობა და კანონიერება“.

ხმაურის, დაპირისპირებისა და ადამიანების დაჭერის ფონზე, 26 ნოემბერს, ზუგდიდისა და ბათუმის 2017 წლის საკრებულოებმა დაამტკიცეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების 2022 წლის ბიუჯეტის პროექტები. ამ ახალი ბიუჯეტის შესაბამისად მოუწევთ მუშაობა 2021 წელს არჩეულ დეპუტატებსა და მერს.

ბოლო წლების პრაქტიკით, როგორც ზუგდიდის, ასევე ბათუმის მუნიციპალიტეტებში, ადგილობრივი ბიუჯეტები დეკემბრის მიწურულს მტკიცდებოდა.

ბათუმისა და ზუგდიდის 2017 წელს არჩეულ საკრებულოში უმრავლესობაში იყო „ქართული ოცნება“. ეს მოცემულობა შეიცვალა 2021 წელს არჩეულ შემადგენლობაში.

ენმ-ში აცხადებენ, რომ კონსტიტუციასთან შეუსაბამო ნაბიჯი მმართველმა პარტიამ იმის შიშით გადადგა, რომ ბიუჯეტის პროექტის ორჯერ ჩავარდნის შემთხვევაში, საჭირო გახდებოდა ხელახალი არჩევნების ჩატარება.

ბიუჯეტების ნაჩქარევ დამტკიცებას ოპოზიციის დესტრუქციული გეგმების წინააღმდეგ მიმართულ, განვითარებაზე ორიენტირებულ აუცილებელ პოლიტიკურ სვლას უწოდებენ „ქართულ ოცნებაში“.

როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, ასეთი გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება კონსტიტუციისა და კანონის მოთხოვნებს.

ოპოზიციის ბრალდებებს „მანიპულაციურ და დისკრედიტაციულ ინფორმაციას“ უწოდებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

„გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ არასწორია, ცესკოს და საკრებულოების საქმიანობის ერთმანეთთან დაკავშირება. ცესკო საკუთარ გადაწყვეტილებებში არის დამოუკიდებელი, საჯარო ინსტიტუტი, კოლეგიური ორგანო, რომელიც სხდომებზე ღებულობს გადაწყვეტილებებს კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობით.

25 ნოემბრის სხდომას, სადაც გადაწყდა საკრებულოების პირველი სხდომების 3 დეკემბერს გამართვა, 15 კომისიის წევრი ესწრებოდა (17-დან) და განკარგულებას მხარი დაუჭირა კომისიის 14-მა წევრმა. ცესკოს არც ერთ წევრს შენიშვნა და მოსაზრება აღნიშნულთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს“, - წერია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცესკოს განცხადებით, „პოლიტიკურად მოტივირებული პოზიციის შთაბეჭდილებას“ ტოვებს თავმჯდომარის მოადგილის მიერ გაკეთებული განცხადება, რადგან „25 ნოემბრის სხდომაზე მან და მისმა სხვა კოლეგებმა შენიშვნის და განსხვავებული აზრის გარეშე მხარი დაუჭირეს სხდომების 3 დეკემბერს დანიშვნას“, ხოლო მანამდე პირველი სხდომების დანიშვნის თარიღთან დაკავშირებით, მას განსხვავებული წინადადება არ წამოუყენებია.

ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერმა მოადგილემ, პარტია „ლელოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ 26 ნოემბერს „ძალიან დიდი შეცდომა" უწოდა იმ ფაქტს, რომ ცესკომ საკრებულოების პირველი სხდომები უფრო ადრე არ დანიშნა, როდესაც კანონი მას ამის საშუალებას აძლევდა.

„ეს რომ მომხდარიყო 14-15 ნოემბერს, რაც კანონით შესაძლებელი იყო, ჩვენ არ მივიღებდით იმ შედეგს, როდესაც ძველი მოწვევის საკრებულო მსჯელობს ისეთ საკითხებზე, რომელიც არა იურიდიულად, არამედ ლეგიტიმაციის თვალსაზრისით ახლად არჩეული საკრებულოს პრეროგატივაა, მაგალითად, ბიუჯეტის დამტკიცება. შესაბამისად, ეს არის უკვე პოლიტიკური დღის წესრიგის მიხედვით მოქმედება. ძალიან დიდი შეცდომა იყო, რომ დაუყოვნებლივ არ მოიწვიეს საკრებულოს პირველი სხდომა. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს იმას, რომ ამომრჩევლის ნება უგულებელყოფილია“, - უთხრა ინტერპრესნიუსს სიორიძემ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური საქართველოში 2 ოქტომბერს, ხოლო მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართა.

XS
SM
MD
LG