„არაერთხელ დამიფიქსირებია ჩემი პოზიცია მუზეუმის ბოლოდროინდელ ამბებთან დაკავშირებით. საჯაროდ, პროფესიულ წრეებში. ამ ნაბიჯის გადადგმა დროის ამბავი იყო, მაგრამ ბევრი რამე მაკავებდა: ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები და საქმე, რომელსაც ამდენი წელია ვაკეთებ და ძალიან მიყვარს.
ჩემი მოთხოვნა იყო: დირექტორის თანაშემწის პოზიციიდან - კურატორის თანაშემწის პოზიციაზე გადაყვანა, უფრო დაბალ პოზიციაზე, უფრო დაბალი ხელფასით. იმიტომ, რომ არ მინდოდა ადმინისტრაციული დეპარტამენტის წევრობა, რომლის ადმინისტრაციულ პოლიტიკასა და სამუზეუმო საქმისადმი მიდგომას კატეგორიულად არ ვეთანხმები“, - დაწერა მუზეუმიდან წამოსვლის შემდეგ დავით ნიორაძემ ფეისბუკის პირად გვერდზე. ის ჰყვება, რომ პოზიციის შეცვლის მოთხოვნით ხელოვნების მუზეუმის ახალ დირექტორს წერილობით ორჯერ მიმართა, თუმცა ორჯერვე უარი მიიღო, რის შემდეგაც სამსახურის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
რადიო თავისუფლება დავით ნიორაძეს ტელეფონით ესაუბრა:
ჩვენ დიდი ინტერესით ვადევნებთ თვალს მუზეუმის გარშემო მიმდინარე პროცესებს, თუმცა ინფორმაცია მწირია, სამინისტროსთან კომუნიკაცია - ფაქტობრივად შეუძლებელი. როგორც ბოლო დღეებამდე მუზეუმის მოქმედ თანამშრომელს, თუ შეგიძლია გვითხრა, რა ხდება ახლა ხელოვნების მუზეუმში?
ბოლო თვეების განმავლობაში არაფერი განსაკუთრებული ძვრები არ მომხდარა, რაც ეხება მუზეუმის ევაკუაციას. ამის გეგმა უბრალოდ არ არსებობს.
შენ ამბობ, რომ გეგმა არ არსებობს, თუმცა არსებობს მინისტრ წულუკიანის მიერ ზაფხულში შედგენილი 10-გვერდიანი გეგმა, რომლის თანახმადაც მუზეუმის ევაკუაცია უნდა დაწყებულიყო აგვისტოში და 2022 წლის თებერვალში დასრულდებოდა. ეს გეგმაც არ სრულდება?
ვერ გეტყვით, რომ ისინი რაიმე სივრცესთან დაკავშირებით აკეთებენ რამეს. ამასთან რაიმე შეხება არ მქონდა. ვერც რაიმე ისეთს გეტყვით, რაც სიცხადეს შეიტანს ამ პროცესში.
არ ვიცი, ეს გეგმა რას გულისხმობდა, თუმც შემიძლია ვთქვა, რომ არაფერი ევაკუაციის მსგავსი მუზეუმში არ ხდება.
ახლა მუზეუმში რა ვითარებაა? ადამიანები ჩვეულებრივად დადიან ავარიულ შენობაში, რომელიც უნდა დაიცალოს და ამზადებენ ფონდებს გადასატანად?
მიმდინარეობს აღწერა, დადარების და შედარების პროცესი, რომელიც რამდენიმე ფონდში დასრულდა, რამდენიმე ფონდში გრძელდება. სხვა, მეტს ვერაფერს გეტყვით. ეს პროცესი მიმდინარეობს ჯერჯერობით.
რა იყო შენთვის უკმაყოფილების მთავარი მიზეზი, რის გამოც გადაწყვიტე, რომ არ გინდოდა პროცესების მონაწილე ყოფილიყავი?
მე არ მინდოდა ვყოფილიყავი იმ გუნდის ნაწილი, რომელსაც არ ვეთანხმებოდი მიდგომაში, რაც მათ აქვთ სამუზეუმო საქმის მიმართ.
არსებობს ექსპონანტების გადატანის დეტალური გეგმა, პროფესიონალების მიერ შედგენილი, რომელიც უბრალოდ გვერდზეა გადადებული და არათუ მისი გამოყენება და განხილვა არ ხდება, იმასაც არ ამბობენ, რატომ არ არის ის გეგმა გამოსაყენებელი.
თუნდაც ის, რაც ხდება ეროვნულ გალერეასთან დაკავშირებით, ექსპონატების გადმოტანასთან დაკავშირებით.
მუზეუმში იგრძნობა საპროტესტო განწყობა ახალი მენეჯმენტის მიმართ? შეგიძლია თქვა, რომ შენ გარდა სხვებსაც არ მოსწონთ ის, რაც იქ ხდება?
სხვებზე ვერ გეტყვით, ვის რა პოზიცია აქვს. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და მე ამაზე შემიძლია მხოლოდ გელაპარაკოთ.
მე ამ მუზეუმში ვმუშაობდი დაახლოებით 6 წელია. არაერთი პოზიცია გავიარე ზედამხედველობიდან დაწყებული იმ პოზიციამდე, რომელიც ახლა დავტოვე. არაერთ პროექტში ვიყავი ჩართული და, რა თქმა უნდა, ასეთ მომენტში ამგვარი გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ არის, თუმცა არსებობს პრინციპები, რომელსაც ვერ გადახვალ.
ხელოვნების მუზეუმის ავარიული შენობის მართვის საგანგებო რეჟიმზე გადაყვანის გადაწყვეტილება კულტურის სამინისტრომ 2021 წლის ზაფხულში მიიღო. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მუზეუმში ახალი დირექტორის დანიშვნა და სამინისტროს დაკვეთით შესრულებული კვლევის დასკვნის გამოქვეყნება, სადაც ნათქვამი იყო, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენა "არარენტაბელურია".
კულტურის სამინისტრომ რამდენიმე შესყიდვა განახორციელა, რომელიც მუზეუმის შენობის გამაგრების და ახალი დროებითი სივრცის მოსაწყობად არის განკუთვნილი, თუმცა ამ დრომდე არ კონკრეტდება, სად გადადის ხელოვნების მუზეუმში დაცული ფონდები.
ხელოვნების მუზეუმის ფონდი 140 000-მდე უნიკალური ექსპონატისგან შედგება. ფონდში შემავალი ანჩისხატის გადაცემას წლებია ითხოვს საპატრიარქო. ხელოვნებათმცოდნეები მიიჩნევენ, რომ ხატები ეროვნული საგანძურის მნიშვნელოვანი ნაწილია და სამუზეუმო სისტემაში უნდა დარჩეს. ანჩისხატის ტაძარში გამზადებულია ტყვიაგაუმტარი ვიტრინა, სადაც საპატრიარქოს სურს ანჩისხატის განთავსება.