კულტურის სამინისტრო შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ექსპონატებისთვის დროებითი სათადარიგო სივრცის სარემონტო სამუშაოებს დაჩქარებული წესით ყიდულობს და ამ მომსახურებაში მილიონ ლარზე მეტს იხდის. დამკვეთ კომპანიას უწყება სამუშაოების შესრულებისთვის ხელშეკრულების გაფორმებიდან 105 დღეს აძლევს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემაში დაკონკრეტებული არ არის ალტერნატიული სივრცის მისამართი და არც ის, ფონდების რა ნაწილი განთავსდება ახალ სივრცეში.
შესყიდვის დოკუმენტაციიდან ირკვევა მხოლოდ ის, რა სამუშაოები ჩატარდება დროებით სათადარიგო სივრცეში, სანამ იქ ექსპონატებს გადაიტანენ. რეაბილიტაციის სამუშაოები ასეა გაწერილი.
- ელექტროსამონტაჟო სამუშაოები;
- ვენტილაცია, გათბობა-გაგრილება, კონდიცირება;
- შიდა წყალსადენი და კანალიზაცია;
- ხანძარქრობის სისტემა
- კომპიუტერული ქსელი, სახანძრო სიგნალიზაცია, დაცვითი სიგნალიზაცია და ვიდეოკონტროლი
- სახანძრო სატუმბი სადგური და რეზერვუარი გარე ქსელზე;
ამ სამუშაოებში სამინისტრო მილიონ ლარზე მეტს გადაიხდის.
კულტურის სამინისტროს მიერ ივნისის თვეში შედგენილ ხელოვნების მუზეუმის ევაკუაციის გეგმაში მითითებულია, რომ ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების გატანა 2021 წლის 5 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო და 2022 წლის თებერვალში უნდა დასრულდეს. სამინისტრო რადიო თავისუფლებას არ პასუხობს, დაიწყო თუ არა ევაკუაცია ან რამდენად ასრულებს უწყება თავისივე შედგენილ გეგმას. იმ შემთხვევაში, თუკი ყველა ექსპონატის გადატანა დროებით სათადარიგო სივრცეში იგეგმება, რომელსაც სამინისტრო მომავალში გაარემონტებს, ევაკუაციის სამოქმედო გეგმის ვადების დაცვა ვერ მოხერხდება - სივრცის რემონტი მაშინ დამთავრდება, როცა პირველადი გეგმით ევაკუაცია უნდა დასრულებულიყო.
ევაკუაციის გეგმის შედგენის შემდეგ სამინისტრომ უკვე განახორციელა ორი მსხვილბიუჯეტიანი შესყიდვა:
- 630 700 ლარად შეიძინა ავეჯი ევაკუაციისთვის სექტემბრის დასაწყისში;
- 100 000 ლარად - მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი ნოემბრის დასაწყისში;
ხელოვნების მუზეუმის ფონდი 140 000-მდე უნიკალური ექსპონატისგან შედგება. ფონდში შემავალი ანჩისხატის გადაცემას წლებია ითხოვს საპატრიარქო. ხელოვნებათმცოდნეები მიიჩნევენ, რომ ხატები ეროვნული საგანძურის მნიშვნელოვანი ნაწილია და სამუზეუმო სისტემაში უნდა დარჩეს. ანჩისხატში გამზადებულია ტყვიაგაუმტარი ვიტრინა, სადაც საპატრიარქოს სურს განთავსდეს ანჩისხატი.
ხელოვნების მუზეუმში რეორგანიზაცია სამუზეუმო სისტემის რეორგანიზაციის ნაწილია, რომელიც კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ამ პოსტზე დანიშვნიდან მალევე დაიწყო. სამინისტრომ ხელოვნების მუზეუმის მენეჯმენტი გამოცვალა, თანამშრომელთა ნაწილი გაათავისუფლა ან სტატუსი შეუცვალა და მუზეუმი მართვის საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანა.
პროცესი სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა - სამინისტრო მნიშვნელოვან კითხვებს არ პასუხობს, გაუმჭვირვალეა ფონდების გადატანის პროცესი.