საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ქმედებებს უკანონო, პროვოკაციული, დესტრუქციული და ქვეყნის სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველი უწოდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის პრესსამსახური იუწყება.
უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით, დღეს, 12 ნოემბერს გამართული სატელეფონო საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ დააყენა უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის საკითხი და განაცხადა, რომ დაუშვებელია იძულების არაპროპორციული ზომების გამოყენება.
საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკი დაინტერესდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ირაკლი ღარიბაშვილმა კი, განუცხადა, რომ პატიმარი სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების პირველივე დღიდან იმყოფება მონიტორინგის ქვეშ, 24-საათიან რეჟიმში შესაბამისი სამედიცინო მომსახურება ეწევა, საშუალება აქვს, რომ მოინახულონ როგორც ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა, ასევე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა და შესახლების დღიდან ასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.
საქართველოს მთავრობის ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, პრეზიდენტი ზელენსკი შეეხო სააკაშვილის ციხის ჰოსპიტალში გადაყვანის საკითხს, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა განუცხადა, რომ მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომლებს და ექიმებს და შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან განხორციელდა კანონით განსაზღვრული ქმედებები.
უკრაინის პრეზიდენტის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სატელეფონო საუბრის შესახებ მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ისიც წერია, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა "მიხეილ სააკაშვილის უკანონო ქმედებები შეაფასა როგორც პროვოკაციული, დესტრუქციული და ქვეყნის სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველი და განაცხადა, რომ უკრაინის მოქალაქეების მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია".
რაც შეეხება პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნას, განხილული იყოს შესაძლებლობა, რომ უკრაინელ ექიმებს მიეცეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების უფლება, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ქართველი პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური ექიმები ზრუნავენ.
უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და თვეზე მეტხანს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზეზად დაასახელა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია" და "მომატებული საფრთხეები". თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს და გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით მოათავსეს.
11 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ვიდეოჩანაწერების ფრაგმენტები, რომლებიც ასახავენ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანში მდებარე მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.
ვიდეოჩანაწერების გავრცელებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა. სახალხო დამცველმა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის სამინისტროს მოსთხოვეს, შეწყვიტოს ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება და დაიცვას ადამიანის პატივი, ღირსება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. 11 ნოემბერს მან განაცხადა, რომ მზად არის გაითვალისწინოს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება და შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ.
2018 წელს, საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე. მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.