Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ართმევენ თუ არა პატიმარ პრეზიდენტს მკურნალობის უფლებას?


საქართველოს „პატიმრობის კოდექსის“ 121-ე მუხლის თანახმად, თუ ბრალდებულის ან მსჯავრდებულის მკურნალობა შეუძლებელია თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების სამედიცინო პუნქტში, ის შეიძლება გადაიყვანონ საპატიმროს სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში.

ამავე კოდექსის 121-ე პრიმა მუხლის თანახმად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გაყვანის შემთხვევაში, მის მიმღებ საავადმყოფოში ეწყობა დროებითი საგუშაგო. დროებითი საგუშაგო შედგება საბადრაგო ჯგუფის წევრებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ დაცვასა და მეთვალყურეობას. თუ საჭირო გახდა, დროებითი საგუშაგო შესაძლებელია გაძლიერდეს სხვა მოსამსახურეებითაც. პატიმრებზე ვრცელდება „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ყველა უფლება.

სამოქალაქო საავადმყოფოებში პატიმრების სამკურნალოდ გადაყვანის მიზანი "პენიტენციური ჯანდაცვის განვითარებაცაა." სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიციალურ საიტზე წერია, რომ ამ მიზნით „ინტენსიური გახდა თანამშრომლობა სამოქალაქო სექტორის კლინიკებთან“.

რამდენ სამოქალაქო კლინიკასთან თანამშრომლობს პენიტენციური სამსახური?

ეს არც საიტზეა მითითებული და მოთხოვნის მიუხედავად, ჯერჯერობით, არც პენიტენციური სამსახური გვაწვდის ოფიციალურ ინფორმაციას.

რადიო თავისუფლებამ ვერ მოიპოვა უახლესი ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებაც, წელიწადში რამდენი პატიმარი-პაციენტი ხვდება სამოქალაქო კლინიკებში. პენიტენციური სამსახურის საიტზე უკანასკნელად 2017 წლის სტატისტიკაა გამოქვეყნებული, რომლის თანახმადაც, 4 წლის წინ სამოქალაქო სექტორის მრავალპროფილურ კლინიკებში 425 პატიმარი იყო გადაყვანილი​.

კითხვაზე, რამდენი პატიმარი გადაიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მრავალპროფილურ კლინიკაში სამკურნალოდ 2020-21 წლებში, უწყების პრეს-სამსახური საპასუხოდ მხოლოდ წერილობით მიმართვას და საჯარო ინფორმაციის გასაცემად კანონით დადგენილ, 10-დღიან ვადას ითხოვს.

რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 1 ოქტომბრიდან მოშიმშილე მესამე პრეზიდენტის პრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობაზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია. ამავე განცხადებაში მითითებულია გასულ წელს სამოქალაქო საავადმყოფოებში გადაყვანილი პაციენტების სავარაუდო რაოდენობაც.

„ჩვენი ინფორმაციით, მხოლოდ გასულ წელს პენიტენციალური დაწესებულებიდან მულტიპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანილია 585, რაც ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევა არ იქნება პრეცედენტი და არ შეეწინააღმდეგება ზოგად სამართლებრივ ნორმებს. ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენი განცხადება მოკლებულია ყოველგვარ პოლიტიკურ კონიუნქტურას, ეფუძნება პროფესიულ, ჰუმანურ და გლობალურ რეპუტაციულ პრინციპებს. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენი მოთხოვნაა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნას მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც საჭიროების შემთხვევაში გაეწევა ნებისმიერი პროფილის, დროული და კვალიფიციური სამედიცინო დახმარება და ამით დაცული იქნება მისი სიცოცხლის უფლება“, - წერია განცხადებაში,

სად ითხოვენ სააკაშვილი გადაყვანას?

თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე მდებარე​ მრავალპროფილური​ კლინიკა „ვივამედი“ ერთ-ერთი სამედიცინო კლინიკაა, რომელთანაც პენიტენციურ სამსახურს, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე, პატიმარი პაციენტები გადაჰყავს სამკურნალოდ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და ექიმები მის "ვივამედში" გადაყვანას მოითხოვენ. მსჯავრდებული პრეზიდენტის ამ კლინიკაში მკურნალობა მოითხოვა 27 ოქტომბერს საქართველოში ჩამოსულმა უკრაინის სახალხო დამცველმა, ლიუდმილა დენისოვამაც.

რას ამბობს „ვივამედის“ ადმინისტრაცია?

კლინიკა "ვივამედთან" სპეციალური პენიტენციური სამსახურის ავტომობილები დგანან
კლინიკა "ვივამედთან" სპეციალური პენიტენციური სამსახურის ავტომობილები დგანან

რადიო თავისუფლების კითხვაზე, რამდენი პაციენტი მკურნალობს ამჟამად კლინიკა „ვივამედში", კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე, პასუხობს, რომ „ეს ინფორმაცია არ არის საჯარო. ინფორმაციას პატიმრების რაოდენობის, მათი ნოზოლოგიისა და მკურნალობის ეტაპების შესახებ, ფლობს პენიტენციური სისტემის სამედიცინო დეპარტამენტი. მიმართეთ მათ“.

ზურაბ ჩხაიძე რადიო თავისუფლებას უყვება პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილი პაციენტების კლინიკაში განთავსებისა და მკურნალობის სპეციფიკის შესახებ:

„ისინი, რა თქმა უნდა, ცალკე, იზოლირებულად არიან განთავსებულნი. ის განყოფილება, სადაც პატიმრები გადიან მკურნალობას აღჭურვილია გისოსებით. კონკრეტული ტერიტორიაა გამოყოფილი ბადრაგისთვის. ჩვენი კლინიკა გახლავთ მრავალპროფილური კლინიკა, აღჭურვილი თანამედროვე მაღალტექნოლოგიური ბაზით, კვლევების აპარატურით და ძალიან გამოცდილი სამედიცინო პერსონალით. ჩვენ პაციენტებისთვის ნებისმიერი დახმარების აღმოჩენა შეგვიძლია და ცხადია, მათ შორის, პატიმრებისთვისაც“.

პატიმართათვის განკუთვნილი განყოფილების ფანჯრები
პატიმართათვის განკუთვნილი განყოფილების ფანჯრები

შეძლებს თუ არა კლინიკა, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის აუცილებელი სამედიცინო დახმარების გაწევას? -

„ზუსტი პასუხის გაცემა არ შემიძლია, რადგან არ ვარ ზუსტად ინფორმირებული ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მაგრამ გეუბნებით, რომ კლინიკა არის მრავალპროფილური“- გვეუბნება ზურაბ ჩხეიძე.

პატიმრების მკურნალობის პროცესში, ბოლო პერიოდში, კლინიკა „ვივამედი“, რამდენჯერმე მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში. მათ შორის, მიმდინარე წლის ივლისში, როდესაც 26 წლის ყაზახი ქალის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული პირი, ბესიკ თორდუა კლინიკაში მკურნალობიდან ორ კვირაში გარდაიცვალა.

მანამდე კი 2020 წლის ნოემბერში, როდესაც კოვიდინფიცირებულმა მწერალმა როსტომ ჩხეიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნდა პოსტი, რომ ის პატიმრებთან ერთად გადიოდა მკურნალობას. როსტომ ჩხეიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას მაშინ დააკონკრეტა, რომ ის კლინიკა „ვივამედში“ იმ დროს გადაიკვეთა პატიმრებთან, როდესაც კომპიუტერული ტომოგრაფიის გადასაღებად მიჰყავდათ.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, პენიტენციური სამსახური რადიო თავისუფლებას დაუკავშირდა და უთხრა, რომ კლინიკა „ვივამედში“ იმ პერიოდში ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობდა.

რატომ ემხრობიან ექიმები სააკაშვილის მრავალპროფილურ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას?

ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია განცხადებაში მიუთითებს ჯანმრთელობის იმ რისკებს, რაც მესამე პრეზიდენტის მრავალდღიანმა შიმშილობამ შეიძლება გამოიწვიოს მისი დაავადებების ფონზე. განცხადებაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმების ინფორმაციით, მას აქვს სისხლმბადი სისტემის თანდაყოლილი დაავადება – თალასემია (საშუალო სიმძიმის) და ღვიძლის თანდაყოლილი პათოლოგია – ჟილბერის სინდრომი (Gilbert’s syndrome), შესაბამისად, სამედიცინო რისკების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია შემდეგი:

  • შიმშილობით გამოწვეული მჟავე-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა და გულ-სისხლძრღვთა სისტემის დისფუნქცია, გლუკოზის დეფიციტით გამოწვეული პრობლემები, ვიტამინი B1 დეფიციტით გამოწვეული ნევროლოგიური ცვლილებები და სხვა;
  • სტრესით გამოწვეული საშუალო სიმძიმის თალასემიის გადაზრდა თალასემიის მძიმე ფორმაში, რაც სპეციალიზირებულ ჰემატოლოგიურ მართვას საჭიროებს;
  • ჟილბერის სინდრომის გამწვავების შედეგად გამოწვეული ჰიპერბილირუბინემია და მასთან დაკავშირებული ჰემოლიზი (სისხლის წითელი უჯრედების დაშლა).

ექიმთა ასოციაციის განცხადებით, მართვის პროცესში აუცილებელია კარდიოლოგების, ნევროპათოლოგების, ჰეპატოლოგების, ენდოკრინოლოგების, ჰემატოლოგების, ინტენსიური თერაპიის სპეციალისტების, რეანემატოლოგების ჩართულობა და შესაბამის ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ გამოკვლევებზე ხელმისაწვდომობა.

რატომ ამბობენ უარს ადვოკატები და ექიმები მიხეილ სააკაშვილის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანაზე?

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე დამძიმდება, რომ მისი ჰოსპიტალიზაცია გახდება საჭირო, მას გადაიყვანენ პენიტენციური სამსახურის საავადმყოფოში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. ეს არის პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში დღეისათვის არსებული ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო ერთადერთი კლინიკა.

2019-2020 წლებში, პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტში განხორციელებული რეორგანიზაციის შემდეგ, მოხდა ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო N19 დაწესებულების ლიკვიდაცია და შერწყმა ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო N18 დაწესებულებასთან. გარდა ამისა, მე-18 დაწესებულებაში გაუქმდა ქირურგიული და რეანიმაციისა და ანესთეზიოლოგიის განყოფილებები, ხანგრძლივი მოვლის განყოფილება კი თერაპიულ განყოფილებას შეუერთდა.

რეფორმების დეტალების შესახებ წერია სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის უახლეს, 2020 წლის ანგარიშში.

დოკუმენტიდან ცნობილი ხდება, რომ 2019-2020 წლებში სამედიცინო დეპარტამენტში განხორციელებული რეორგანიზაციის შემდეგ, პენიტენციური დაწესებულებებიდან 113 სამედიცინო მუშაკი გათავისუფლდა.

სახალხო დამცველი ანგარიშში წერს, რომ პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტიდან მიღებული პასუხის თანახმად, 2020 წლის ნოემბრის თვიდან, ღია კონკურსის წესით, 32 სამედიცინო პერსონალი დასაქმდა. 2020 წლის ბოლოს პენიტენციურ დაწესებულებებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის რაოდენობა 253-ს შეადგენდა, 109 პოზიცია კი ვაკანტური იყო.

ანგარიშის თანახმადვე, სამედიცინო პერსონალის ასეთი მკვეთრი შემცირება და ჯერ კიდევ შეუვსებელი ვაკანსიები, გავლენას ახდენს დროული და ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე.

2019 წელს სახალხო დამცველმა საქართველოს იუსტიციის მინისტრს ექთნების რაოდენობის ორჯერ გაზრდის რეკომენდაციითაც მიმართა, ამის ნაცვლად კი, როგორც სახალხო დამცველი წერს, მათი რაოდენობა შემცირდა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და ექიმები აცხადებენ, რომ პენიტენციური სამსახურის მე-18 სამედიცინო დაწესებულება, არ არის აღჭურვილი იმ აპარატურით, რაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისა და მკურნალობისთვისაა საჭირო. გარდა ამისა, მათი განცხადებით, სამკურნალო დაწესებულებაში ვერ იქნება დაცული მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებაც.

რას ამბობს მე-18 სამკურნალო დაწესებულების მზაობის შესახებ სახალხო დამცველი?

მე-18 სამკურნალო დაწესებულება, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა, 24 ოქტომბერს შეისწავლეს და დაადგინეს, რომ იქ არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შემსწავლელ ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემული 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს.

„N18 დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრებით, ასევე, ინფრასტრუქტურისა და სამედიცინო აღჭურვილობის დათვალიერებით დადგინდა, რომ დაწესებულებას გააჩნია პატიმართა (მათ შორის მოშიმშილეების) სამედიცინო საჭიროებების მიწოდებისთვის საჭირო რესურსები. თუმცა, უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო საჭიროებებთან დაკავშირებით ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემული დასკვნა ითვალისწინებს გარკვეული სამედიცინო პროცედურების ჩატარებას, რაც სამწუხაროდ N18 დაწესებულებაში შეუძლებელია. მაგალითად, ვერ განხორციელდება მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, დუპლექს-სკანირება. ასევე, დაწესებულებაში ამჟამად არ მუშაობს ექიმ-რეანიმატოლოგი, თუმცა ადმინისტრაციის განმარტებით, უახლოეს პერიოდში ელოდებიან შესაბამის სპეციალისტებს“.

სახალხო დამცველის ოფისი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუკი მიხეილ სააკაშვილს N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ, შესაძლოა საჭირო მაინც გახდეს, პერიოდულად მისი გადაყვანა სამოქალაქო ტიპის კლინიკაში:

„იმ გარემოების გათვალისწინებით კი, რომ ხანგრძლივად მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილებისა და დამძიმების სრულფასოვანი წინასწარი პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია, ვითარების კრიტიკულად შეცვლის შემთხვევაში, შესაძლოა პაციენტის გაყვანის პერიოდში საკმაოდ მძიმე ან გამოუსწორებელი შედეგები დადგეს“.

გარდა ამისა, სახალხო დამცველის ოფისის განცხადებით, არსებობს დამატებითი რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.

მონიტორინგისას შემოწმდა ყველა ის ადგილი, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს შეიძლება მოუხდეს ყოფნა/გადაადგილება (დაწესებულებაში განთავსებისას, საცხოვრებელ პალატაში ყოფნისას, ადვოკატებთან თუ ოჯახის წევრებთან შეხვედრისას, სეირნობის უფლებით სარგებლობისას, სამედიცინო მომსახურების მიღებისას, სატელეფონო საუბრის უფლებით სარგებლობისას, ყოველდღიური საყოფაცხოვრებო/ჰიგიენური პროცედურებისას) და დადგინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაწესებულების ადმინისტრაცია გამოხატავს მზადყოფნას დაიცვას ნებისმიერი პატიმრის უსაფრთხოება, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით არსებობს რისკები. ინფრასტრუქტურა და გარემო ვერ გამორიცხავს პატიმართა გარკვეული ჯგუფების მხრიდან ვერბალური აგრესიისა და ხმაურის, სიტყვიერი შეურაცხყოფის თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის რისკებს.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უნდა შეარჩიოს ალტერნატიული სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნება სრულფასოვანი და ადეკვატური სამედიცინო სერვისის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის.

რას პასუხობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს, ექიმებსა და ომბუდსმენს სახელმწიფო?

ომბუდსმენის განცხადებას მყისიერად გამოეხმაურნენ იუსტიციის და ჯანდაცვისა მინისტრები. იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, სახალხო დამცველის დასკვნაში „ერთი ფაქტობრივი შეცდომა იყო“ და ექიმი-რეანიმატოლოგი ამ ეტაპზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 დაწესებულებაში უკვე არის.

იუსტიციის სამინისტრო კვლავ ირწმუნება, რომ ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულება სრულად შეესაბამება არსებულ საჭიროებებს და, შესაბამისად, თუ აუცილებელი გახდა, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მხოლოდ იქ გადაიყვანენ.

28 ოქტომბერს იგივე დაადასტურა საქართველოს პრემიერ მინისტრმაც.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით კი, მიუხედავად იმისა, რომ ციხის საავადმყოფოში ყველა საჭირო ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების შესაძლებლობაა, რომელიც მოშიმშილე პაციენტს სჭირდება, მან N18 სამკურნალო დაწესებულების მონიტორინგი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, მაინც გადაწყვიტა.

25 ოქტომბერს მან ფარმაცევტული და სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სამკურნალო დაწესებულების განმეორებითი შესწავლას დაავალა და მათი დასკვნის გაასაჯაროების პირობა დადო, "რათა აღარ იყოს დამატებითი კითხვები კლინიკის მზაობასთან დაკავშირებით".

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლებმა, მე-18 სამკურნალო დაწესებულებას, ორი დღის განმავლობაში, 26 და 27 ოქტომბერს შეისწავლა:

„ბევრ დეტალს სწავლობენ - სანებართვო პირობებთან შესაბამისობას, ინფრასტრუქტურულ ნაწილს, სამედიცინო პერსონალის მზაობას, ხარისხის მართვას და ა.შ. როგორც კი დეტალური დასკვნა იქნება, აუცილებლად გვექნება კომუნიკაცია საზოგადოებასთან“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურში 29 ოქტომბერს.

„მუდმივი ჯაჯგურის“ შიში?

28 ოქტომბერს, გვიან ღამით, ტელეკომპანია„იმედის“ ეთერში გამჟღავნდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც, სახელმწიფო უარს აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე. ამის შესახებ „იმედის“ საღამოს ეთერში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ილაპარაკა. მისი თქმით, სააკაშვილის გეგმის ნაწილია პროვოკაციების მოწყობა და ამის გამოსარიცხად, მას საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ.

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

"სრული პასუხისმგებლობით მინდა ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, ერთადერთი გეგმა რაც შემუშავებული აქვთ, რომ რამენაირად, შიმშილობაც მაგიტომ არის ორგანიზებული, თავის მოკლე ჭკუით დალაგებული აქვს, რომ ჩვენ მას გადავიყვანდით კერძო კლინიკაში... გეგმა არის, რომ რამდენიმე ათასი ადამიანის მობილიზაციას შეძლებენ და ჩვენ მოგვიწევდა მუდმივი ქაოსი და ჯაჯგური და პოლიციას მოუწევდა ძალის გამოყენებას და აქაც ვუბრუნდები პირველ სცენარს [პოლიტიკოსების მოკვლა], იგივე სცენარია ერთი-ერთში", - თქვა ღარიბაშვილმა.

დაგეგმილი "პროვოკაციებისა' და 'მკვლელობების" შესახებ პოლიტიკური განცხადებების მიღმა, ამ ეტაპზე უცნობია, არსებობს თუ არა სამართლებრივი საფუძვლები.

შიმშილობის 29-ე დღე და სააკაშვილის უარი შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე ცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. ის სამართალდამცავებმა 1 ოქტომბერს დააკავეს და ამ დროიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. სასამართლოს დანიშვნისა და მისი საქართველოში ჩამოსვლის საქმეზე დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით, მან შიმშილობა დაკავების დღესვე გამოაცხადა.

შიმშილობის 29-ე დღეს, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს, სადაც წერს, რომ დღევანდელი დღის შემდეგ ექიმთა კონსილიუმთან თანამშრომლობას ასრულებს და აღარ მიიღებს შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას. წერილის თანახმად, ის აღარც საჭირო ანალიზებს ჩააბარებს:

„როგორც იცით აქამდე ვთანამშრომლობდი მთავრობის მიერ დანიშნულ სამედიცინო კონსილიუმთან, ერთადერთი მიზნით, არჩევნების დღემდე შემენარჩუნებინა მინიმალური შრომისუნარიანობა და აზროვნების უნარი, დღეს ვასრულებ ამ თანამშრომლობას. მადლობელი ვარ კონსილიუმის წევრების და სამწუხაროა, რომ მთავრობამ არ გაითვალისწინა მათი მთავარი რეკომენდაცია. დღეის შემდეგ აღარ მივიღებ შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას და აღარ ჩავაბარებ ანალიზებს. მე ჩამოვედი საქართველოში ვინაიდან ჩავთვალე, რომ ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ მიემართებოდა ტოტალიტარიზმისკენ და ქართველებისგან დაცლისკენ, თუნდაც ამ არჩევნებზე უნდა ვცადოთ ამის შეჩერება და გადავდგათ ნაბიჯი შემობრუნებისკენ“, - წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

კვლავ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ პატიმართათვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესახებ- რა წერია სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშებში?

დაგვიანებული და არასათანადო სამედიცინო მომსახურება, წლებია, პატიმრების მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე ხშირად წამოჭრილი საკითხია. მეტიც, სახალხო დამცველებთან საუბრისას, პატიმრებს არაერთხელ გამოუთქვამთ ვარაუდი, რომ სწორედ უხარისხო და გაჭიანურებული სამედიცინო დახმარება აღმოჩნდა პენიტენციურ სისტემაში პატიმრების სიკვდილის მიზეზი, თუმცა, ამას ადეკვატური შეფასება სახელმწიფო უწყებების მხრიდან არ მოჰყოლია.

გამოთქმული ვარაუდების შესაფასებლად, სახალხო დამცველის აპარატმა, პატიმართა გარდაცვალების ფაქტებზე წარმოებული 2015-2018 წლების 17 სისხლის სამართლის საქმე შეისწავლა და როგორც სახალხო დამცველი 2020 წლის ანგარიშში წერს, საქმეების შესწავლამ გამოავლინა როგორც გამოძიების, ისე პატიმრებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების სისტემური ხარვეზები, რომლებიც "საგულისხმო კითხვებს აჩენს პატიმართათვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ხარისხის მიმართულებით".

სახალხო დამცველს ვითარების საილუსტრაციოდ, რამდენიმე კონკრეტული მაგალითიც მოჰყავს:

  • პ.ს.-ს სიკვდილის მიზეზად ექსპერტიზამ მიუთითა გულსისხლძარღვთა და სუნთქვის უკმარისობა განვითარებული გულის ქრონიკული იშემიური დაავადებისა და ფილტვების ორმხრივი ტუბერკულოზის შედეგად, პნევმოსკლეროზის ფონზე, თუმცა პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულის სამედიცინო ბარათში ტუბერკულოზის დაავადება არ ყოფილა მითითებული და არც შესაბამისი მკურნალობა ჩატარებია.
  • მ. ქ.-ს სიკვდილის მიზეზად ექსპერტიზამ მიუთითა სუნთქვისა და გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა, განვითარებული ინტერსტიციული პნევმონიის შედეგად. საგულისხმოა, რომ პატიმარს რამდენიმე თვის განმავლობაში უტარებდნენ გამოკვლევებს, თუმცა პათანატომიურად დადასტურებული ინტერსტიციული პნევმონიის დიაგნოზი პენიტენციურ სისტემაში არ დაუდგინდა.
  • დ.ც.-ს, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მიუთითა თანამესაკნემ. თუმცა, პატიმარს სიცოცხლეში არ უტარდებოდა ფსიქიატრის ან ფსიქოლოგიის კონსულტაციები, ამბულატორიულ სამედიცინო ბარათში მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა საერთოდ არ დაფიქსირებულა, გამოძიების ფარგლებში კი პირველადი ჯანდაცვის ექიმი და ფსიქოლოგი არ გამოკითხულან.
  • ნ.მ.-ს შემთხვევაში, ექსპერტიზამ აჩვენა, რომ სიკვდილის მიზეზი იყო გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, განვითარებული მიოკარდიოციტების მწვავე იშემიური დაზიანების შედეგად, გულის იშემიური დაავადების გამო, ბრონქოპნევმონიის და ტუბერკულოზური დაავადების ფონზე. თუმცა, პატიმრის სამედიცინო დოკუმენტაციაში ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის ან მკურნალობის მიმართულებით აქტივობები არ იკვეთება 2002 წლის შემდეგ. ამასთან, მიუხედავად სიკვდილამდე გამოვლენილი კლინიკური ნიშნებისა (უჩიოდა მოხრჩობის გრძნობას და სუნთქვის უკმარისობას; გარდაცვალების წინა საათებში კი დაფიქსირდა მდგომარეობის უეცარი გაუარესება, ციანოზი, დისკომფორტი ყელის არეში), არ იყო მიტანილი ეჭვი გულის იშემიური დაავადების არსებობაზე. უკანასკნელი დღე-ღამის კურსუსებში კი არსად არ არის მითითებული, რომ პატიმრისთვის გადაეღოთ ელექტროკარდიოგრამა.

2020 წლის ანგარიშში შესწავლილ საქმეებში არსებული სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემების მიხედვით, სახალხო დამცველი ასკვნის, რომ უშუალოდ გარდაცვალების პერიოდში ჩატარებული გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ღონისძიებები იყო ადეკვატური და შეესაბამებოდა იმ შესაძლებლობებს, რაც გააჩნდათ პენიტენციურ დაწესებულებებს და სამედიცინო პერსონალს, თუმცა, პრობლემას წარმოადგენს გარდაცვალების წინარე პერიოდში პატიმართათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის ადეკვატურობა.

XS
SM
MD
LG