საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სამინისტროს შენობაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გაასაჯაროვა გლდანის პენიტენციური სამსახურის კუთვნილ სამკურნალო დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის კადრები. მინისტრმა ეს მაღალი საჯარო ინტერესით ახსნა.
"თავად პატიმარი არ დაემორჩილა ჩვენი თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას, როდესაც ის უნდა გადასულიყო რეანომობილიდან და შესახლებულიყო ამ დაწესებულებაში, ამ დროს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა...
ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო და იქნება, რომ ჩვენი საზოგადოება იყოს ინფორმირებული. სწორედ ამ მიზნით პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს იმ კადრებს, რომელიც ჩვენს მოსახლეობას მიაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ იქნა შესახლებული მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი სააკაშვილი. [კადრები ასახავს] ასევე, პალატაში განთავსებას და სააკაშვილის მიერ დაწესებულების თანამშრომლების შეურაცხყოფის მიყენების და სამედიცინო ტექნიკის დაზიანებას", - თქვა იუსტიციის მინისტრმა.
დღეს, 11 ნოემბერს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანიდან მეოთხე დღეს, პენიტენციური სამსახურის ფეისბუკგვერდზე გავრცელდა. ვიდეოკადრები სააკაშვილის რეანომობილიდან იძულებით, ძალის გამოყენებით გადმოყვანასა და დაწესებულებაში შეყვანას ასახავს. კადრებში სხვადასხვა დროს 20-მდე ადამიანი ჩანს, რომელთა სახეებიც დაბლარულია და იდენტიფიცირება შეუძლებელია.
ვიდეომასალა 6-წუთიან პერიოდს მოიცავს, დამონტაჟებულია და 3 წუთამდეა შემოკლებული. მასზე ასახულია სააკაშვილის გადაყვანა რეანომობილიდან პალატაში. მათ შორის, ჩანს ლიფტსა და პალატაში იძულებით შეყვანა - ამ დროს ციხის თანამშრომლებს მისთვის ხელები და ფეხები გაკავებული აქვთ.
რამდენიმე კადრში ასევე ჩანს თეთრხალათიანი პერსონალი, სავარაუდოდ, სამკურნალო დაწესებულების ექიმები.
ამავე კადრებში ჩანს, როგორც მინისტრმა ბრეგაძემ თქვა, სამედიცინო ტექნიკის დაზიანების ეპიზოდიც.
რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი რუსთავიდან გლდანში იმ მოტივით გადაიყვანეს, რომ მის ჯანმრთელობას, შესაძლოა, საფრთხე შექმნოდა.
8 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე“, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც დაკავების დღიდან შიმშილობს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის წევრების და ადვოკატების გაფრთხილების გარეშე, რუსთავის 12-ე დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
გლდანის პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანის შემდეგ, ციხის ტერიტორიაზე პატიმრების მხრიდან მისი მისამართით ისმოდა გინება და შეურაცხყოფა. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ციხეში ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ შეურაცხმყოფელი შეძახილები ისმოდა სააკაშვილის საკანშიც.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატები ვარაუდობდნენ, რომ სწორედ "შუმოკის" მოწყობა იყო ერთ-ერთი მიზანი, რის გამოც ხელისუფლებას სააკაშვილის ამ დაწესებულებაში გადაყვანა უნდოდა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის საპატიმროში გადაიყვანეს. იმავე დღეს მან შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მოითხოვენ მის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში.