Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის მინისტრი: თუ სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას, დავაბრუნებთ რუსთავში


საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას, მას უკან დააბრუნებენ რუსთავში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებაში. ამის შესახებ მან იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ჩვენ ვმოქმედებთ პატიმრის ინტერესებიდან გამომდინარე... თუ იგი შეწყვეტს შიმშილობას, რა თქმა უნდა, იგი დაბრუნდება მე-12 დაწესებულებაში", - თქვა რატი ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი რუსთავიდან გლდანში იმ მოტივით გადაიყვანეს, რომ მის ჯანმრთელობას, შესაძლოა, საფრთხე შექმნოდა.

"როგორც მოგეხსენებათ, მან უარი განაცხადა მკურნალობაში არსებით ნაწილზე და შესაბამისად, რისკი იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო, იყო მზარდი და სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის თავიდან ასარიდებლად და მსგავსი რისკების მინიმალიზების მიზნით, მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილიყო", - ამბობს რატი ბრეგაძე.

მანვე აღნიშნა, რომ სააკაშვილზე ზრუნავს კვალიფიციური პერსონალი.

ამავე ბრიფინგზე მინისტრმა გაავრცელა პენიტენციური სამსახურის კადრები, სადაც მიხეილ სააკაშვილის გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში შესახლებაა ასახული. კადრებში, რომლებიც რამდენიმე სათვალთვალო კამერის ჩანაწერის კომპილაციაა, ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მე-18 დაწესებულების შენობაში ძალით შეჰყავთ. პალატაში გადაღებული რამდენიმე კადრი, მინისტრის განმარტებით, ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა სამედიცინო აპარატურა დააზიანა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს.

8 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე“, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც დაკავების დღიდან შიმშილობს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის წევრების და ადვოკატების გაფრთხილების გარეშე, რუსთავის 12-ე დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

გლდანის პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანის შემდეგ, ციხის ტერიტორიაზე პატიმრების მხრიდან მისი მისამართით ისმოდა გინება და შეურაცხყოფა. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ციხეში ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ შეურაცხმყოფელი შეძახილები ისმოდა სააკაშვილის საკანშიც.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატები ვარაუდობდნენ, რომ სწორედ "შუმოკის" მოწყობა იყო ერთ-ერთი მიზანი, რის გამოც ხელისუფლებას სააკაშვილის ამ დაწესებულებაში გადაყვანა უნდოდა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის საპატიმროში გადაიყვანეს. იმავე დღეს მან შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მოითხოვენ მის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში.

XS
SM
MD
LG