Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის საქმეზე დროებითი ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება გამოგზავნა


რა გადაწყვიტა ევროპულმა სასამართლომ დროებითი ზომების შესახებ

სტრასბურგის სასამართლოდან იუსტიციის სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილში, რომელიც რატი ბრეგაძემ გამოაქვეყნა, ვკითხულობთ, რომ 10 ნოემბერს სასამართლომ (მორიგე მოსამართლემ) გადაწყვიტა მხარეების ინტერესებისა და პროცედურების მართებულად წარმართვის მიზნით, მოუწოდოს გამცხადებელს [მიხეილ სააკაშვილს] შიმშილობის შეწყვეტა. [მაგალითად მოიყვანა საქმე, სადაც ასევე შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა მომჩივანს, საქმის არსებითად განხილვამდე]

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მომჩივნის უსაფრთხოება ციხეში ზოგადად და უნდა უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება შიმშილობის შემდგომი გამოჯანმრთელების პერიოდისთვის.

წერილის თანახმად, "სასამართლომ ასევე გადაწყვიტა, რომ მთავრობამ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია სასამართლოს, გამცხადებლის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის (ისევე როგორც მისთვის ციხის საავადმყოფოში გაწერილი სამედიცინო მკურნალობის) შესახებ.

სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ინფორმაცია ორივე მხრიდან უნდა მიეწოდოს და ამისთვის 24 ნოემბრამდე მისცა ვადა მთავრობას.

სააკაშვილის ადვოკატებს დამატებითი ინფორმაციის გასაგზავნად სარჩელის სრულყოფისთვის ვადა 8 დეკემბრამდე განესაზღვრათ.

გამცხადებლის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების, სტრასბურგის სასამართლოდან ითხოვდნენ დროებით ღონისძიების ზომად ციხის საავადმყოფოდან სამოქალაქო საავადმყოფოში მის დაუყოვნებლივ გადაყვანას.

სააკაშვილის ადვოკატების განმარტება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ, საგანგებო ბრიფინგზე ილაპარაკა ევროსასამართლოდან მიღებული წერილის შესახებ, რომელიც სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით დროებითი ღონისძიების გამოყენებას ეხება.

გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქმეს მიენიჭა პრიორიტეტი და ადვოკატებს მიეცათ გარკვეული ვადა სარჩელის შესატანად. „რაც მთავარია, ჩვენი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების შესახებ დაკმაყოფილდა, - განაცხადა ნიკა გვარამიამ და იქვე დაამატა, - სასამართლო მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. ამ მოწოდებით ის აღიარებს იმ ფაქტს, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს“.

როგორც გვარამია აცხადებს, სასამართლომ დაავალა საქართველოს ხელისუფლებას, მყისიერად აცნობოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობა და ასევე დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ყველა იმ სამედიცინო პროცედურის შესახებ, რომელიც გატარდა მასთან დაკავშირებით ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.

„სტრასბურგის სასამართლომ დაავალა საქართველოს სახელმწიფოს აუცილებლად გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ ის ვალდებულია, უზრუნველყოს პატიმრის უსაფრთხოება და ადეკვატური მკურნალობა, ციხეშიც და ზოგადადაც. და ასევე შეახსენა ვალდებულება, რომ იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას, სტრასბურგის სასამართლომ დაავალა სახელმწიფოს, რომ მისი ადეკვატური მკურნალობა, რეაბილიტაცია და უსაფრთხოება ისევ უნდა იყოს უმაღლესი ხარისხით უზრუნველყოფილი“, - ამბობს გვარამია.

ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხარემ ყოველდღიურად განახლებული ინფორმაცია უნდა მიაწოდოს სტრასბურგის სასამართლოს ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ეს ეხება, როგორც ჯანმრთელობის, ასევე, უსაფრთხოების მდგომარეობას.

„24 ნოემბერს ეს ინფორმაციები შეჯერდება და კვლავ იმსჯელებს სასამართლო იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება. მაღალი ალბათობით“, - თქვა გვარამიამ.

გვარამიას თქმით, აქვე სასამართლო ახსენებს საქართველოს სახელმწიფოს, რომ მის მიერ ნებისმიერი ამ განაწესის დარღვევა, არის კონვენციის დარღვევა და ჩაითვლება სახელმწიფოს მიერ კონვენციის შეუსრულებლობად.

„ჩვენ მოხარული ვართ იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი: ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, არის საერთაშორისოდ აღიარებული ფაქტი“, - თქვა მან. მან დააზუსტა, რომ სარჩელი არ ეხებოდა მხოლოდ კერძო კლინიკაში გადაყვანას.

გვარამიას თქმით, სტრასბურგის სასამართლომ არ დაასახელა კლინიკა, მაგრამ დაასახელა სტანდარტი, რომელიც უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

იუსტიციის მინისტრის განმარტება

სტრასბურგის სასამართლოს პასუხს გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძეც. როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს მთავრობას სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის წერილით ეცნობა, რომ ამავე დღეს მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლებმა მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შემდეგი მოთხოვნით: დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა №18 სამკურნალო დაწესებულებიდან (სადაც, მომჩივანი მხარის განმარტებით, არ არის სათანადოდ დაცული მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება) მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში.

მინისტრის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის ზემოაღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სახელმწიფოსთვის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ნაცვლად, მომჩივან მხარეს დაჟინებით მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტა. ბრეგაძე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 24 ნოემბრამდე ევროპულ სასამართლოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მომჩივნის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თაობაზე.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის საპატიმროში გადაიყვანეს. იმავე დღეს მან შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მოითხოვენ მის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში.
8 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე“, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის წევრების და ადვოკატების გაფრთხილების გარეშე, რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
XS
SM
MD
LG