Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წულუკიანი სააკაშვილზე: ის უნდა იყოს ჩვენთან ერთად და იბრძოლოს გამარჯვებისთვის


მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციაზე ვერ იქნება საუბარი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ „იქ იციან ისეთი რამ, რაც ჩვენ არ ვიცით“. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა საქართველოს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

წულუკიანს, რომელიც იუსტიციის მინისტრიც იყო, ჟურნალისტმა ჰკითხა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებაზე, რომ ის შეეცდება უკრაინაში დააბრუნოს სააკაშვილი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე.

„სამართლებრივ ტერმინებს ნუ აურევთ... ექსტრადიცია უკრაინაში, აქედან იქით ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც იმ ქვეყანაში მოთხოვნილი პირი არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. მე არ მგონია, არ ვიცი ყოველ შემთხვევაში, რომ უკრაინაში სააკაშვილი იყოს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირი. ამიტომ, საუბარი ექსტრადიციაზე არის სამართლებრივი უაზრობა, ანუ ნონსენსი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, თუ საუბარია იმაზე, რომ საქართველომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს იმისთვის, რომ ქართული სასამართლოს მიერ მისჯილი სასჯელი უკრაინაში მოიხადოს, ამის არც არანაირი სურვილი აქვთ და არც არავითარი სამართლებრივი მიზანშეწონილობა არსებობს.

„შესაბამისად, ის ქართული სასჯელი, ანუ ჩვენივე სუვერენული ქვეყნის სასამართლოს სასჯელები, რაც მას აქვს მისჯილი, - და ზოგიერთ საქმეზე ბრალდებულია და მომავალში ან გამართლდება, ან გამტყუნდება, - ყველა ეს განაჩენი აღსრულდება ქართულ მიწაზე, ანუ ქართულ ციხეში. შესაბამისად, გადაცემა, ანუ ტრანსფერი მსჯავრდებული პირის, თეორიულად თუ ვინმეს სურს, ჩვენი მიზანი ეს არ არის. ექსტრადიციაზე, როგორც აგიხსენით, საუბარი ვერ იქნება და პოლიტიკურად კი, მე გაკვირვებული ვარ, იმიტომ, რომ თუ ადამიანი არის ასეთი მოწოდებული, რომ თავი შეწიროს იდეალებს, მას არ უნდა ჰქონდეს წესით სურვილი, რომ კიევში დაბრუნდეს. ის უნდა იყოს ჩვენთან ერთად და იბრძოლოს გამარჯვებისთვის“.

ბრიფინგზე წულუკიანს ჰკითხეს, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადება, რომ თუ სააკაშვილი წესიერად არ მოიქცევა, მუხლებს დაუმატებენ, ნიშნავს თუ არა, რომ ეს პრემიერ-მინისტრის ნებაზეა დამოკიდებული და სასამართლოს პოლიტიკური ჯგუფი მართავს.

„ნებისმიერი პატიმარი, რომელიც იქცევა ცუდად, მას ემატება მუხლები, რად უნდა ამას ბევრი სპეკულაცია?! პრემიერ-მინისტრს არ აქვს აკრძალული საუბარი და ამას შეეჩვიეთ“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა წულუკიანმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან, "ქართული ოცნების" ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. ოფიციალურად ამ დრომდე უცნობია, რა გზით დაბრუნდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ იძებნებოდა. მას ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. 2018 წელს, ორივე საქმეზე სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიესაჯა 6 წლით, ხოლო სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე - 3 წლით. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის ტელეკომპანია "იმედის" დარბევაზე.

XS
SM
MD
LG