უკრაინა საქართველოს სთხოვს, დაკავებულ მიხეილ სააკაშვილთან შეუშვას უკრაინის კონსული, მისთვის საკონსულო და სამართლებრივი დახმარების გასაწევად. ამის შესახებ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ იუწყება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივან ოლეგ ნიკოლენკოზე დაყრდნობით.
მიხეილ სააკაშვილის დაკავების გამო, დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი სანდრო თოფურია.
ნიკოლენკოს ინფორმაციით, ქართველმა დიპლომატმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიაწოდა ინფორმაცია უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების გარემოებების და მისთვის სისხლის სამართლის კოდექსით წაყენებული ბრალდებების შესახებ, ხოლო უკრაინულმა მხარემ ხაზი გაუსვა სააკაშვილის კანონიერი უფლებების სრულად დაცვის აუცილებლობას.
პრესმდივნის განცხადებითვე, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ქართველ დიპლომატს დაუდასტურეს პრინციპული პოზიცია საქართველოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობის შესახებ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ის ამჟამად იმყოფება რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. გასულ ღამით, სააკაშვილმა საქართველოს სახალხო დამცველს აცნობა, რომ შიმშილობას აცხადებს.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ იძებნებოდა. მას ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. 2018 წელს, ორივე საქმეზე სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიესაჯა 6 წლით, ხოლო სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე - 3 წლით. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე.