Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ 2 პირი დააკავეს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე


საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის დაფარვის ფაქტზე დაკავებულია კიდევ ორი პირი. ამის შესახებ ინფორმაცია მედიას პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ მიაწოდა - გამოძიება დაკავებულებს სავარაუდოდ დანაშაულის დამალვას ედავება.

"თავად მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის მარშრუტის ყველა დეტალი არის ცნობილი საგამოძიებო უწყებებისთვის და კვლავ მიმდინარეობს გამოძიება. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ შემოყვანისა და სათანადო პირობების შექმნის საქმეზე, ამაზეც მიმდინარეობს სათანადო მტკიცებულებების მოპოვება და არ არის გამორიცხული, რომ ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას დაუმძიმდეს ბრალდება", - ამბობს პროკურორი.

პროკურორის თქმით, ორი დაკავებულის შესახებ საზოგადოება მეტ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გაიგებს, ასევე შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეს 2 ოქტომბერს დაკავებულ ელგუჯა ცომაიასაც, რომლის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. ელგუჯა ცომაია არის იმ ბინის მეპატრონე, სადაც საქართველოში ფარულად შემოსვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა - პროკურატურა თვლის, რომ მან იცოდა ის, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო ბრალდებული მძიმე დანაშაულებებში, მასზე ხორციელდებოდა ძებნა და ამის მიუხედავად პოლიციას მასზე არ შეატყობინა.

ელგუჯა ცომაიას მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია. მოგვიანებით მან ვიდეოებიც გამოაქვეყნა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღის პირველ ნახევარში, საგანგებო ბრიფინგზე აცხადებდა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია. საღამოს კი, ასევე საგანგებო ბრიფინგზე, ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

XS
SM
MD
LG