საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის მარშრუტის შესახებ საზოგადოებას ახლო მომავალში ინფორმაციის მიწოდებას ჰპირდება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ის აზუსტებს: „საიდან შემოვიდა სააკაშვილი, ძალიან მალე ჩვენს მოსახლეობას დეტალურად მოვუყვებით, მაგრამ მოუყვება არა პრემიერ-მინისტრი, არამედ ჩვენი საგამოძიებო უწყებები“.
როგორც პრემიერი ამტკიცებს, არავითარი შეკითხვა მართლმსაჯულება წინაშე სააკაშვილის წარდგენასთან დაკავშირებით არ იქნება, და ეს მოხდება უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად.
ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში სააკაშვილის პოლიტიკური საქმიანობაც შეაფასა.
„დამისახელეთ რევოლუციით მოსულ კაცს, ვის მოუტანია შენება და პროგრესი. მოიტანა ნგრევა და ომი, ტერიტორიები დაკარგა, ადამიანები ჩახოცა, ათასობით ადამიანი დასაჯა და გააუბედურა. ეშმაკი არ ასვენებს ამ ადამიანს და იქნებ ციხეში დაისვენოს. ჩვენთვის ტვირთი და გამოწვევა სააკაშვილი იყო Youtub-არხებზე ჩართვებიით და ტელეხიდებით. რატომ? ერთი, რომ უკრაინასთან გვიფუჭებდა ურთიერთობას და მეორე - ყველა დაიღალა. დაიღალა მთელი ქვეყნის მოსახლეობა. სააკაშვილი ან უნდა დაგვეჭირა, ან წასულიყო პოლიტიკიდან. ეს კაცი პოლიტიკიდან არ მიდის, ბოდიშს არ იხდის, არ ითხოვს შეწყალებას. მადლობა მიშას, რომ ჩამოვიდა თავისი ფეხით და თავისი ნებით საქართველოში. ვფიქრობ, რომ იდეალურად დაჯდა და დავსვით ყველაფერი, ვინაიდან, „ნაციონალური მოძრაობა“ ამის შემდეგ როგორ უნდა განვითარდეს, ვერ წარმომიდგენია. ბოლო იმედი იყო სააკაშვილი. ბოლო რესურსი ჩადეს ამ არჩევნებისთვის. ჩამოვიდა და პირდაპირ ციხეში შევიდა, ისე, რომ ვერაფერი გააკეთა. მე ვფიქრობ, რომ ის ძალიან კომფორტულად იქნება", - თქვა ღარიბაშვილმა.
„იმედთან" ინტერვიუს ბოლოს ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი სრულად მოიხდის სასჯელს, 6 წელს. პრემიერმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რადგან მან წერტილი დაუსვა შეწყალების თემას.
„წესიერად მოიქცეს თორემ დავუმატებთ მუხლებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დღის პირველ ნახევარში, საგანგებო ბრიფინგზე აცხადებდა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია. საღამოს კი, ასევე საგანგებო ბრიფინგზე, ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.