Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როცა სისტემა მოქმედებს ასე


რას გვეუბნება ათასობით დოკუმენტი - ტექსტური ფაილები, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები, ფოტომასალა, რომლებსაც, სავარაუდოდ, როგორც ჩანს, სუს-ი წლების განმავლობაში აგროვებდა და, რომლებზეც სასულიერო პირებისა და მათთან პირადი ან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული ადამიანების სატელეფონო საუბრების შინაარსი, მიმოწერები, შეხვედრები და პოლიტიკური განწყობებია ასახული? როგორ გახდა შესაძლებელი ასეთი მასშტაბის მონაცემების უკანონო შეგროვება და გავრცელება? რით დაიმსახურეს სასულიერო პირებმა საქართველოს სპეცსამსახურების ასეთი მაღალი ინტერესი? შესაძლებელია თუ არა სამართლებრივი მექანიზმებით ვითარების შეცვლა? რამდენად ადეკვატურია საზოგადოების რეაქცია მომხდარზე?

12 სექტემბერს, გვიან ღამით გამოქვეყნებული ფაილების ავთენტიკურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. ზოგადი კომენტარი გააკეთა მთავარმა „ბრალდებულმა“, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს), რომ ითანამშრომლებს პროკურატურასთან გამოძიების ყველა ეტაპზე, თუმცა ბევრმა ადამიანმა, ვისი მონაცემებიც მოხვდა გამოქვეყნებულ დოკუმენტებში, უკვე დაადასტურა, რომ ფაილებში აღწერილი საუბრები თუ ამბები, მართლაც მოხდა. ჟურნალისტი სალომე უგულავაც, რომელმაც დიდი დრო დაუთმო ჩანაწერების გაცნობას, დარწმუნებულია დოკუმენტების ნამდვილობაში.

ამ მასშტაბის ტექსტს გაყალბებით ვერავინ შექმნიდა - წლების, თვეების, დღეების მიხედვით
ჟურნალისტი სალომე უგულავა

„ავთენტიკურია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები ადასტურებენ, რომ მათი მიყურადების შინაარსია გადმოცემული, არამედ იმიტომაც, რომ ამ მასშტაბის (ათობით ათასს) ტექსტს გაყალბებით ვერავინ შექმნიდა - წლების, თვეების, დღეების მიხედვით - მოდის 2021 წლამდე. დიდწილად მაკულატურაა. ადამიანებს ხელში აქვთ უკონტროლო რესურსი, უსმენენ სხვებს, მაგრამ არ ჰყოფნით ინტელექტუალური რესურსი, შინაარსი გადმოსცენ და გააანალიზონ. აბსოლუტურად დაცლილია ანალიტიკური ელემენტებისგან. მოიცავს მოსმენების, გადაუმოწმებელი ჭორების და ღია წყაროების დაულაგებელ ჰიბრიდს. უსაფრთხოების კი არა, საფრთხის სამსახურია“, - ამბობს სალომე უგულავა.

სისტემური დანაშაული?

იურისტი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ გამოქვეყნებულ ფაილებში ასახულია ათასობით დანაშაული: ვინ ვის ესაუბრა ტელეფონით, რა ინფორმაცია მიაწოდა; წარმოდგენილია თვალთვალის ანგარიშები, ფარული მიყურადების მასალები, გაშიფრული შეტყობინებები და ა.შ.

„ყოველივე ამას, დიდი ალბათობით, ვერ ექნებოდა სასამართლოს ნებართვა, რადგან კრებსები, თავისი შინაარსით, არ ჰგავს ე.წ. დეშიფრირებულ დოკუმენტებს, რომლებიც სისხლის სამართლის საქმეებში გამოიყენება. შესაბამისად, ეს ვერ იქნება გამოძიების დროს მოპოვებული მასალები. დიდი ალბათობით, ეს არის უკანონო მონაცემები. ამიტომ თითოეული ეპიზოდი წარმოადგენს ინდივიდუალურ დანაშაულს“, - ამბობს გიორგი მშვენიერაძე.

გიორგი მშვენიერაძე
გიორგი მშვენიერაძე

ლაპარაკია სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 158-ე, 159-ე მუხლებით გათვალისწინებულ ისეთ დანაშაულებზე, როგორიც არის პირადი ცხოვრების ხელყოფა, პერსონალური მონაცემების გავრცელება, პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფა, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა, პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვადასხვა ხერხით შეტყობინების საიდუმლოს დარღვევა.

თითოეული ეპიზოდი წარმოადგენს ინდივიდუალურ დანაშაულს
გიორგი მშვენიერაძე

გიორგი მშვენიერაძის თქმით, როცა სახელმწიფო ინსტიტუტების მონაწილეობით ამდენი დანაშაული ხდება ერთდროულად, რელევანტურია ვილაპარაკოთ სისტემურ დანაშაულზე:

„ეს არის სისტემური დანაშაული. სისტემური დანაშაული არ უნდა ავურიოთ სისტემატურ დანაშაულში. სისტემურია დანაშაული, როცა სისტემა უშვებს ან ხელს უწყობს ასეთი დანაშაულის ჩადენას. ჩვენთან სწორედ სისტემა მოქმედებს ასე“.

როგორ არის შესაძლებელი

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი მრავალი წელია ღიად აკრიტიკებს საქართველოს საპატრიარქოს, თუმცა, როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, არავინ იმსახურებს ამგვარ მოპყრობას:

„თვალთვალი და მიყურადება მხოლოდ კანონის ფარგლებში და მხოლოდ იმათ მიმართ უნდა განხორციელდეს, ვინც არღვევს კონსტიტუციურ წესრიგს, ვინც მტრობს ქართულ სახელმწიფოს, ვინც ემტერება ადამიანების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას, თუმცა ვხედავთ, რომ ქართული სპეცსამსახური მაქსიმალურად მფარველობს და იცავს იმათ, ვინც რუსეთთან კავშირშია მხილებული“.

ბექა მინდიაშვილის თქმით, მსგავს სკანდალში ბევრი სხვა ქვეყნის სპეცსამსახური გახვეულა, მაგრამ, რაც საქართველოში მოხდა, უნიკალურია თავისი შინაარსით.

„ამდენ უდანაშაულო ადამიანზე ასეთი ტიპის ინფორმაციის შეგროვება და გამოქვეყნება, ალბათ, არსად არ მომხდარა. როგორც წესი, სხვა ქვეყნებში პოლიტიკური შინაარსის მასალები გროვდებოდა, აქ კი პირადი ცხოვრების ამსახველი მონაცემებია. ინტერესდებიან სექსუალური ცხოვრებით, განსაკუთრებით, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის საკითხით. დღემდე ეს საკითხი რჩება ადამიანების გადაბირებისა და დამუშავების ყველაზე ეფექტიან მექანიზმად, რაც საბჭოთა ტოტალიტარული მანქანის გვიანი რუდიმენტია“, - ამბობს ბექა მინდიაშვილი, რომელიც მომხდარს ადამიანის ღირსების წინააღმდეგ ჩადენილ ტოტალურ დანაშაულს უწოდებს:

ბექა მინდიაშვილი
ბექა მინდიაშვილი

„მოქალაქე არის სახელმწიფო დანაშაულის მსხვერპლი... ასეთია მოქმედი ხელისუფლება და ის არ არის პირველი, ყველა ხელისუფლება ასეთი იყო. უსაფრთხოების ინსტრუმენტებს მიმართავს არა კონსტიტუციის, სახელმწიფოსა და საზოგადოების დაცვისათვის, არამედ მიმართავს პოლიტიკური და იდეოლოგიური ნიშნით გამორჩეული ადამიანებისა და ინსტიტუტების წინააღმდეგ. როგორც ჩანს, ეს დოსიეც სწორედ პოლიტიკური ნიშნით არის შედგენილი: რომელი სასულიერო პირი ემხრობა ხელისუფლებას, ვინ შეიძლება იყოს ხელისუფლების ოპონენტი, ვისი დამუშავება შეიძლება და ა.შ. ეს იმის შედეგია, რომ ჩვენ ამ 30 წლის განმავლობაში ვერ ჩამოვყალიბდით დემოკრატიულ სახელმწიფოდ და საზოგადოებად“.

მოქალაქე არის სახელმწიფო დანაშაულის მსხვერპლი... ასეთია მოქმედი ხელისუფლება და ის არ არის პირველი
ბექა მინდიაშვილი

ფილოსოფოსი გია ნოდიაც ამბობს, რომ მომხდარი ამბავი თავისთავად მოწმობს, რომ საქართველო არ არის დემოკრატიული სახელმწიფო და არც არასოდეს ყოფილა.

„თუმცა ადრე იყო რაღაც იმედი, რომ 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა გვაქცევდა უფრო დემოკრატიულ ქვეყნად. მაშინ ფარული მიყურადების ამბავზეც დიდი ხმაური იყო, რომ უნდა შეცვლილიყო კანონმდებლობა და მეტი კონტროლი უნდა დაწესებულიყო, მაგრამ გამოჩნდა, რომ არანაირი პროგრესი ამ კუთხით ქვეყანას არ განუცდია. შეიძლება ითქვას, რომ წრეზე ვტრიალებთ. არ არსებობს აღმასრულებელი ხელისუფლების შეზღუდვის და გაწონასწორების ეფექტიანი მექანიზმი. ხელისუფლება აკეთებს იმას, რაც საჭიროდ მიაჩნია. საჭიროდ კი ის მიაჩნია, რაც 12 სექტემბერს გამოქვეყნდა. შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ ტექნიკურ საშუალებებსა და რესურსებში. ყველას მართლა ვერ მიაყურადებ, რესურსების შეზღუდულობის გამო. სხვა შეზღუდვა არ არსებობს. რასაც საჭიროდ ჩათვლის, იმას გააკეთებს და მისი შემჩერებელი არავინ იქნება“, - ამბობს გია ნოდია.

რატომ სასულიერო პირები?

12 სექტემბერს გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, სუს-ი უსმენს ყველას, ვინც დაკავშირებულია სასულიერო პირებთან. გაკეთებულია დოსიეები მათი ოჯახების წევრებზე, მეგობრებზე, ადვოკატებზე, ჟურნალისტებზე - ყველაზე, ვისაც მათთან რამე სახის ურთიერთობა აქვს. როგორც გია ნოდია ამბობს, ხელისუფლება უდიდეს რესურსს ხარჯავს მისთვის საინტერესო პირებისა თუ ორგანიზაციების ტოტალურ კონტროლზე, რაც გამოვლინდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტორის, ეკლესიის მაგალითზე.

„ხელისუფლება, ერთი მხრივ, თავის მოკავშირედ მიიჩნევს ეკლესიას, რაც ისედაც აშკარაა, მაგრამ, მეორე მხრივ, არ ენდობა მას და საჭიროდ მიაჩნია მასზე სრული კონტროლის დაწესება თვალთვალითა და ფარული მიყურადებით მოპოვებული ინფორმაციის საშუალებით“, - ამბობს გია ნოდია.

ფარული მიყურადების მასალების გამოქვეყნებას მძაფრი პროტესტის გარეშე შეხვდა თვითონ საქართველოს საპატრიარქო, რომლის იურისტმა, ედიშერ ქარჩავამ სასულიერო პირებისა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდოდ სუს-ის მიერ მოპოვებული მასალების გავრცელების ფაქტის კომენტირებისას, განაცხადა, რომ „მსგავსი ფაბრიკაციები“ შეგნებულადაა მიმართული ეკლესიის ინტერესების დისკრედიტაციისკენ და, რომ ამ „სისულელეზე“ სამართლებრივ დავას არ აპირებენ.

გია ნოდია
გია ნოდია

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ხელისუფლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ურთიერთობას არაფერი ემუქრება?

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია მომხდარმა ნეგატიური გავლენა არ იქონიოს ამ ურთიერთობაზე.

ეკლესიას გამოეცალა ხელისუფლების მორჩილებისა თუ სიმპათიის საფუძველი
გია ხუხაშვილი

„ეკლესია გაბრაზებული უნდა იყოს ხელისუფლებაზე არა იმდენად იმის გამო, რომ უსმენდნენ - ეს ერთი უბედურებაა, არამედ იმის გამო, რომ ეს ყველაფერი გამომზეურდა, რომ ხელისუფლებამ ვერ დაიცვა მათი არაჯანსაღი ურთიერთობების ამსახველი ინფორმაცია. ფაქტობრივად ეკლესიას გამოეცალა ხელისუფლების მორჩილებისა თუ სიმპათიის საფუძველი. წესით, მრევლიც გაბრაზებული უნდა იყოს, რადგან აღმოჩნდა, რომ ხელისუფალი ფარისეველია, რადგან უსმენდა მათ მოძღვარს და ამ პირობებში არღვევდა აღსარების საიდუმლოებას. მოგეხსენებათ, რომ ბევრი აღსარებას ტელეფონით აბარებს“, - ამბობს გია ხუხაშვილი, რომლის თქმითაც, ხელისუფლებას ასევე ჩამოენგრა მთავარი საარჩევნო გზავნილი, რომ „ქართული ოცნება“ არის ქართული ტრადიციებისა და ეკლესიის დამცველი, ხოლო ურწმუნო ოპოზიცია ებრძვის ეკლესიას.

„ხელისუფლება ფარისევლობდა, როცა ლაპარაკობდა ეკლესიის დაცვაზე. სინამდვილეში უსმენდა, იწერდა, კომპრომატს აგროვებდა და აშანტაჟებდა“, - ამბობს ხუხაშვილი.

საზოგადოების რეაქცია

როგორი რეაქცია ჰქონდა საზოგადოებას სავარაუდოდ უკანონოდ მოპოვებული მონაცემების გამოქვეყნებაზე?

„ისედაც ხომ ვიცოდით, რომ გვისმენდნენ?“, „მერე რა, გვისმინონ“, „დიდი ამბავი, თუ მღვდლებს უსმენენ“ და ა.შ.

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი მიიჩნევს, ეს სამარცხვინო ფაილები არის ხელისუფლების ყველაზე მძიმე, ტოტალური დანაშაული, მაგრამ, მისივე თქმით, საუბედუროდ, ეს ყველაფერი საზოგადოებაზეც, მათ მკითხველებსა და გადამკითხველებზეც დადებითად არ მეტყველებს:

„არ შეიძლება ყველაფერზე ხითხითი, არავინ არასოდეს არ შეიძლება იმსახურებდეს იმას, რასაც ხელისუფლება უკეთებს თავის უდანაშაულო მოქალაქეებს!“

საზოგადოების რეაქცია გია ნოდიასაც აფიქრებინებს, რომ თავი იჩინა ერთგვარმა „შეჩვევის ფაქტორმა“:

„წლებია, ვამბობთ, რომ ყველას გვისმენენ და თითქოს ახალი არაფერია. მეორე მხრივ, „ქართული ოცნების“ სკანდალებსაც შევეჩვიეთ, არცერთმა ამ სკანდალმა არ გამოიწვია სერიოზული შოკი მასობრივ დონზე, რომ აღშფოთების ტალღა აგორებულიყო. თითქოს რა უნდა გავიგოთ კიდევ ისეთი, რაც მოსახლეობის სერიოზულ აღშფოთებას გამოიწვევს? ამ ამბავმაც ცხოველი ინტერესი გამოიწვია, მაგრამ მძაფრი აღშფოთება არ მოჰყოლია“.

გია ხუხაშვილი
გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილიც მიიჩნევს, რომ შექმნილი ვითარების გამო გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრება საზოგადოებასაც, რომელმაც უკრიტიკოდ მიიღო ხელისუფლების მიერ შექმნილი მატრიცა, რომ დიდ ბოროტებასთან შედარებით თვითონ არის ნაკლები ბოროტება და, შესაბამისად, მას ყველაფერი ეპატიება.

„ახალი არაფერი მოუგონიათ. ჩვენ რა, 2012 წლამდე არ გვისმენდნენ? ახლა უბრალოდ მასშტაბი გაიზარდა. ახალი ტექნოლოგიები შემოვიდა, მეტი ფული გაუჩნდათ, მეტ ადამიანს უხდიან და ა.შ. თანაც, ხელისუფლებას, რომელსაც არ აქვს მყარი ფასეულობათა სისტემა, როგორც კი დაუსჯელობის განცდა უჩნდება, მისი სურვილები და ამბიციები უკიდეგანო ხდება“.

სამართლებრივი და პოლიტიკური მექანიზმები

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, იურისტი სულხან სალაძე მოუწოდებს ყველას, ვინც ჩანაწერებში მოხვდა, სათითაოდ მიმართონ წერილობითი სახით საგამოძიებო ორგანოებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

„კარგად ვიცი, რომ არავინ გამოიძიებს და ისიც კარგად ვიცი, რომ გამოძიების დაწყების ვალდებულება ინფორმაციის გავრცელების მომენტიდან ისედაც არსებობდა, მაგრამ ამ მარაზმის დასრულება თუ გვინდა, ეს მოჯადოებული წრე უნდა დაირღვეს. ჯერ ქვეყნის შიდა მართლმსაჯულების ინსტიტუტების გამოყენების ცდა და მერე საერთაშორისო მექანიზმები. მხოლოდ FB-ზე პოსტვა და საუბარი არ შეცვლის არაფერს“, - ამბობს სულხან სალაძე.

სულხან სალაძე
სულხან სალაძე

ბექა მინდიაშვილიც ამბობს, რომ გამოსაყენებელია ყველა სამართლებრივი მექანიზმი, რათა სახელმწიფოს არ შერჩეს ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული:

„საჭიროა საზოგადოების მკაცრი პროტესტი. ასევე ყველამ, ვისაც შეეხო ეს სიბინძურე და ვინც მსხვერპლი აღმოჩნდა, აუცილებლად უნდა უჩივლოს სუს-ს სასამართლოში“.

გიორგი მშვენიერაძე კი მიიჩნევს, რომ დასაშლელია მოდელი, როცა მთელი ძალაუფლება თავმოყრილია ერთი ადამიანის ხელში.

„სიტუაციის შეცვლა შეუძლებელია კანონში ჩანაწერის გაკეთებით. ცვლილებებს სჭირდება ნების არსებობა. ეს ნება კი დღეს ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს“, - ამბობს გიორგი მშვენიერაძე.

სისტემის შეცვლის ეფექტიან მექანიზმად „პოლიტიკური ნება“ მიაჩნია გია ხუხაშვილსაც, რომელიც დარწმუნებულია, რომ მოქმედმა სისტემამ დაკარგა სტაბილურობა, რადგანაც გაუჩნდა განცდა, რომ ხელისუფლება წამსვლელია და, რომ მას ვეღარაფერი გადაარჩენს. სწორედ ამით და თვითგადარჩენის ინსტინქტიდან გამომდინარე აიხსნება საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვაც.

„არჩევანი უნდა გაკეთდეს ისეთ პოლიტიკურ ძალებზე, რომლებსაც ექნებათ შესაბამისი პოლიტიკური ნება, რომლებიც ბულდოზერით გადაუვლიან არსებულ სისტემას. გახსოვთ, 2013 წელსაც დიდი დისკუსია იყო მოსმენების სისტემის კონტროლის გამკაცრებაზე, მაგრამ მაშინ ხელისუფლებამ უარი თქვა, საზოგადოებამ კი ვერ აიძულა მმართველ პარტიას პირობის შესრულება. შესაბამისად, სისტემა დარჩა უცვლელი. როგორც საზოგადოებამ, ჩვენ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა. არჩევნებით არ მთავრდება მოქალაქის სამუშაო. არჩევნების შემდეგ კიდევ დიდი სამუშაოა იმისთვის, რომ ჩვენი რჩეული ვაიძულოთ შეასრულოს დანაპირები“, - ამბობს გია ხუხაშვილი.

თუ საზოგადოების რეაქცია დაცლილია მუხტისგან, რა გააჩენს ცვლილებების იმპულსს?

გია ნოდიას თქმით, ცვლილებები შესაძლებელია რევოლუციური ტალღების გარეშეც.

„ხელისუფლების მიმართ ნდობის ეროზია მაინც ხდება. ეს ეროზია დაჩქარდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მართალია, პანდემიის დასაწყისში საზოგადოების ყურადღება გადავიდა ჯანდაცვის საკითხებზე, რამაც შეანელა ეროზიის ტემპი, მაგრამ ზოგადი ტენდენცია მაინც შენარჩუნდა. მართალია, სწრაფად არ ხდება, კატასტროფულად არ ჩამოქცეულა ხელისუფლების ნდობა, მაგრამ თანდათანობით იკლებს. აშკარაა, რომ განახლების და გაუმჯობესების რესურსი „ქართულ ოცნებას“ არ აქვს, მხოლოდ ინერციით მოძრაობს და ამ ინერციაში მისი პერფორმანსი სულ უფრო გაუარესებისკენ მიდის. ასე უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. არ არის აუცილებელი, რომ რევოლუციური აფეთქების ტალღის მაგვარი მოხდეს, მაგრამ, მგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ დიდხანს ხელისუფლებაში ყოფნა აღარ უწერია“, - ამბობს გია ნოდია.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG