სლოგანით - „განვითარება ყველა რეგიონს“ პრემიერმა ლამის უკვე მთელი საქართველო მოიარა.
ამ ტურნეს ლაიტმოტივი ბიძინა ივანიშვილის მრავალჯერ ხსენება, მისთვის გადახდილი მადლობა, მილიარდობით ლარის პროექტების სამომავლო დაპირება და ოპოზიციის მწვავე კრიტიკაა.
სამომავლო იმედი
აღმოსავლეთ თუ დასავლეთ საქართველოში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში პრემიერის მიერ წარმოთქმული სიტყვა ხშირად გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს.
მმართველი პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლო კვირებში მრავალჯერ გაიმეორა, რომ ხელისუფლებას უკვე აქვს „ხელშესახები“ და „რეალური“ მიღწევები ყველა მიმართულებით და კვლავაც განვითარების გზით აპირებს სიარულს.
ყველა მუნიციპალიტეტისთვის იდენტურია მისი ძირითადი მესიჯები და დაპირებებიც:
- „ვიცით რა სჭირდება თითოეულ რეგიონს - გვაქვს სპეციალურად მომზადებული პროგრამები და გეგმები“;
- „ჩვენ რეალურად შევცვლით ქვეყანას და გადავაქცევთ რეალურად ევროპულ სახელმწიფოდ“;
- „ჩვენ ვგეგმავთ 7 მილიარდი ლარის ინვესტირებას მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით“;
- „32 მილიარდი ლარის დახარჯვას ვგეგმავთ ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მომდევნო წლების განმავლობაში“;
- „ადგილობრივი წარმოების მიმართულებით ჩვენ ვგეგმავთ 2 მილიარდ 500 მილიონი ლარის ინვესტიციას, როგორც მთავრობის, ასევე კერძო სექტორის შენატანებით“;
- „1300-ზე მეტ ახალ საწარმოს დავაფინანსებთ და შეიქმნება 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი“;
- „ახალი ტურისტული ლოკაციები შეიქმნება ყველა მუნიციპალიტეტში“;
- „ერთადერთი პასუხისმგებლიანი ძალა დღეს ქვეყანაში არის უალტერნატივო "ქართული ოცნება"“.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა ასევე, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით უკვე დაწყებულია პროგრამა - „განახლებული რეგიონები“ და ის 63 მუნიციპალიტეტში უკვე აქტიურად მიმდინარეობს.
ამ 4-წლიანი პროგრამის საორიენტაციო ღირებულებად 500 მილიონი ლარი სახელდება.
დასაქმების პრობლემებსა თუ ეკონომიკურ გაჭირვებაზე საუბრისთვის, თავის გამოსვლებში, პრემიერი რეგიონებში დიდ დროს აშკარად არ კარგავს. არადა, ეს საკითხები, მრავალი საერთაშორისო გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის მთავარ სატკივარს წარმოადგენს.
პრემიერი ცდილობს, ხალხი ოპტიმისტურად განაწყოს, დაარწმუნოს, რომ სამომავლოდ ყველაფერი გამოსწორდება, რომ „ოცნებას“ ალტერნატივა არა აქვს და რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანა იქნება - „მუშაობა, მუშაობა და მუშაობა“.
ძველები და ახლები
რეგიონულ ტურნეში პრემიერს არ ახლავს, არც 19 აგვისტოს თბილისის მაჟორიტარების წარდგენას ესწრება და, უკვე კარგა ხანია, საზოგადოების წინაშე აღარც ძველებური ბრიფინგებით გამოჩენილა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.
წინასწარი ინფორმაციით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ის პარტიის საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს.
მედიამ 19 აგვისტოს იკითხა - რატომ არ ჩანს ირაკლი კობახიძე, პარტიაში განხეთქილება ხომ არ არისო?
„ნუ ნერვიულობთ“, - ასეთი იყო პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას პასუხი. მისი თქმით, კობახიძე „ოფისშია და ყოველთვის იქნება ხელმისაწვდომი, როცა საჭირო გახდება“.
რატომ არ ითვლება საჭიროდ მისი გამოჩენა ამჟამად?
ირაკლი კობახიძის უკანა პლანზე გადანაცვლებას შემთხვევით მოვლენად არ მიიჩნევს კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი. მისი შეფასებით, მომავალ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მიზანს ძველი, განაწყენებული მხარდამჭერების გულის მოგება წარმოადგენს.
„ყველას გვახსოვს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს კარგად გამოჩნდა დაპირისპირება ძველ და ახალ "მეოცნებეებს" შორის... ბოლოს კი, მეორე ტურში, "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვება სიძულვილის კონტექსტში წარმართულმა რადიკალურმა კამპანიამ განაპირობა...
"ქართულ ოცნებას", კარგავს რა ელექტორალურ მხარდაჭერას და არა აქვს ახალი მხარდამჭერების მოზიდვის იმედი, უწევს კვლავ იმ ადამიანებთან მიბრუნება, ვისი მეშვეობითაც მოვიდა ხელისუფლებაში 2012 წელს...
ღარიბაშვილი სწორედ ამ გუნდს განეკუთვნება. ახალი გუნდის სახეა, მაგალითად, ირაკლი კობახიძე და მათ ძალიან არ სწყალობენ ძველი მხარდამჭერები... ამ მოცემულობით აიხსნება ღარიბაშვილის მობრუნება პოლიტიკაში და ახლა - საარჩევნო კამპანიაში აქტიურობაც... რამდენად წარმატებული იქნება ეს ტაქტიკა, ამას ვერ გეტყვით“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლევან ალაფიშვილი.
ეკონომიკის დუღილი
პრემიერი რეგიონებში უპრეცედენტო ეკონომიკური წინსვლით იწონებს თავს და მაგალითად:
- ლაგოდეხში თქვა - „ეკონომიკა დუღს და მუშაობს“;
- ბათუმში თქვა - „საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ გახდეს აღმოსავლეთის ლუქსემბურგი“;
- ქობულეთში თქვა - „ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ზრდა რეგიონში კი არა, მთელ მსოფლიოში“.
- საგარეჯოში თქვა - „ეკონომიკის გაორმაგება თავისუფლად არის შესაძლებელი... მაქსიმუმ 10 წელიწადში“.
ეკონომიკის დუღილს ვერ ხედავს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, რამაზ გერლიანი.
მისი შეფასებით, ეკონომიკური ზრდის პროცენტული მაჩვენებლები საქართველოში დიდწილად სახელმწიფო შესყიდვების პარამეტრს ეფუძნება და ქვეყნის მიერ აღებულ „უზარმაზარ ვალთან ერთად“ საერთო არაფერი აქვს ქვეყნის რეალურ ეკონომიკურ წინსვლასთან.
„ქვეყნის რეალური ეკონომიკური წინსვლის მთავარი ინდიკატორია - დასაქმება. როცა ეკონომიკა წინ მიდის, დამატებითი სამუშაო ადგილები იქმნება. გვაქვს ამ მხრივ ზრდა? არ გვაქვს. გვაქვს ინფლაცია დაბალი? არ გვაქვს...
ყოველთვიურად დაახლოებით 5 ათასით იზრდება სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების რიცხვი. რომელ ეკონომიკურ ზრდაზეა ლაპარაკი? რას დაეტყო ეს ეკონომიკური ზრდა? რეგიონებშიც მშვენივრად ხვდებიან ადამიანები, რა სიდუხჭირეა ირგვლივ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას რამაზ გერლიანი.
საქსტატის მიერ აგვისტოში გამოქვეყნებული მონაცემებით:
- 2021 წლის ექვსი თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო (წინასწარი) მაჩვენებელი - 12.7%-ს შეადგენს.
- წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 22.1 პროცენტი შეადგინა.
- 2021 წლის ივლისში, მაგალითად, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.2 პროცენტით.
- ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული - 6.5%, პური და პურპროდუქტები - 6.5%, რძე, ყველი და კვერცხი - 5.2%, ხილი და ყურძენი - 5.0%.
გერლიანი გვეუბნება, რომ საქართველოში თვითმმართველობებს სრულად აქვთ ჩამორთმეული შემოსავლების საჭიროებების მიხედვით ხარჯვისა და მინიციპალიტეტების განვითარების საშუალება და „ეს მახინჯი სისტემა“ პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტებსაც მოიცავს:
„წარმოიდგინეთ, რომ რომელიმე მუნიციპალიტეტში გაიმარჯვა და კოალიცია შექმნა ოპოზიციამ. იოლად წარმოსადგენია, რომ მას ცენტრიდან პრაქტიკულად გადაეკეტოს კონკრეტული პროექტების განსახორციელებლად საჭირო ყველა რესურსი...
ნამდვილი არსით, თვითმმართველობა მესაკუთრეთა ჯგუფების მმართველობაა... ეს ჯგუფები არანაირ აქტივს თუ არ ფლობენ ადგილზე და შემოსავალი არა აქვთ, უქონელთა თვითმმართველობა არ იმუშავებს არასდროს“.
დაპირებები და კანონი
სხვა საკითხია, რამდენად შეესაბამება ხელისუფლების მიერ გაცემული გლობალური დაპირებები თვითმმართველობების მიერ წესით გასაკეთებელ საქმეებს და რამდენად სჯერა ან არ სჯერა ხალხს მათი შესრულებისა; მაგრამ, როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ეუბნება რადიო თავისუფლებას, გაცემული დაპირებებით პრემიერ-მინისტრი კანონს არ არღვევს.
მაგრამ, მენაბდის შეფასებით, ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს, მართვის სადავეების ფლობის ბუნებრივი უპირატესობა გამოიყენოს და ამომრჩეველთა კეთილგანწყობა მოიპოვოს.
ექსპერტების აზრით, სწორედ ამ პროცესში ჩნდება საფრთხე, რომ სახელმწიფო რესურსი მმართველმა პარტიამ საკუთარი პარტიული მიზნებისთვის მოიხმაროს.
სახელმწიფოსა და პარტიას შორის „წაშლილ ზღვარზე“ წინა არჩევნების დროს საერთაშორისო მეთვალყურეებიც მიუთითებდნენ.
25 ივნისს პრემიერმა წარადგინა ეკონომიკის განვითარების 10-წლიანი გეგმა, სადაც წერია, რომ მრავალშვილიან ოჯახებს და ასევე ოჯახებს, რომლებსაც შეეძინებათ შვილი, საშუალება ექნებათ, ისარგებლონ იპოთეკური სესხის პროცენტის თანადაფინანსებით.
ამ ინიციატივამ საია-ს ყურადღებაც მიიპყრო.
„მთავრობამ შესაბამისი დადგენილება მიიღო 2 აგვისტოს, ანუ ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე ერთი დღით ადრე და ეს პროგრამა დაიწყება 1 სექტემბერს.
ერთი დღით გვიან რომ მიეღო დადგენილება, უკვე კანონის დარღვევა იქნებოდა... გვახსოვს, შარშან იყო პანდემიასთან დაკავშირებული ახალი პროექტები, მაგრამ სხვა საკითხია, როცა გადაუდებელი საჭიროებით არის განპირობებული. სესხის პროცენტის სუბსიდირებასთან დაკავშირებული დაპირება კი, ვფიქრობ, ძალიან "თეთრი ძაფით" არის ნაკერი“, - გვეუბნება ვახუშტი მენაბდე.