Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: როცა მე დავინიშნე პრემიერად, სრული პესიმიზმი და ნიჰილიზმი იყო


საქართველოს მოქმედი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსის მეოთხე ტალღის დროს ამბობს, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა უკეთ არის მომზადებული. მან წალკის მერობის კანდიდატის წარდგენისას ისაუბრა მისი პრემიერობის დროს მიღწეულ წარმატებებზე.

"5 თვის წინ, როცა მე დავინიშნე პრემიერ-მინისტრად, მაშინ ქვეყანაში არც ვაქცინები გვქონდა, ლარი იყო 3,5-ზე, ეკონომიკა იყო ჩაკეტილი და გაჩერებული, ყველაფერი, გვქონდა კომენდანტის საათი, შეზღუდვები და ა.შ. იყო სრული პესიმიზმი და ნიჰილიზმი. ამას ემატებოდა ის საბოტაჟი და ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაში იყო შექმნილი. დღეს რა ვითარება გვაქვს, ლარი არის სტაბილური, მაქსიმალურად ამ მოკლე დროში, 5 თვეში, შევძელით დასტაბილურება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრად 2021 წლის თებერვალში, გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ დაინიშნა. ის მანამდე თავადვე იყო იმავე მინისტრთა კაბინეტის წევრი. ღარიბაშვილის პრემიერის თანამდებობაზე დაბრუნებიდან რამდენიმე საათში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია სპეცდანიშნულების ძალების გამოყენებით დააკავეს. ამან ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა.

მისი პრემიერობიდან რამდენიმე თვეში, 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები თბილისის ცენტრალურ ქუჩებში შეიკრიბნენ და ჟურნალისტებზე იძალადეს. ამ დრომდე არცერთი ორგანიზატორი დაკავებული არ არის.

XS
SM
MD
LG