კორონავირუსის დელტა შტამისთვის ნოყიერი ნიადაგი აღმოჩნდა პედიატრიული ასაკი. საქართველოში კორონავირუსს ემსხვერპლა ორ ჩვილიც. ჯანდაცვის სისტემას, ბოლო ორი კვირაა ინტენსიურად უწევს კლინიკებში კოვიდინფიცირებული ბავშვებისათვის განკუთვნილი საწოლების დამატება.
დღევანდელი მდგომარეობით, ბავშვთა კლინიკები და კოვიდ-განყოფილებები სრული დატვირთვით მუშაობენ. ყველა კლინიკაში, რომელსაც 28 ივლისს რადიო თავისუფლება დაუკავშირდა, თავისუფალი ადგილების რაოდენობა ამოწურულია.
ასე მაგალითად, ციციშვილის სახელობის ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ კლინიკაში არსებული 155 საწოლი სრულად დატვირთულია. ბოლო დღეებია, პაციენტების გაწერის შემდეგ გათავისუფლებული ადგილები, მაშინვე ივსება. მაია ჩხაიძის თქმით, ციციშვილის კლინიკის ინტენსიურ განყოფილებაში დღევანდელი მდგომარეობით 25 ბავშვი მკურნალობს:
„რეანიმაციაში 25 ბავშვი წევს. ერთი ჩვილი, რომელიც მართვით სუნთქვაზე იყო, მოხსნილია მართვითი სუნთქვის აპარატიდან, მაგრამ კვლავ აგრძელებს რეანიმაციაში მკურნალობას. დანარჩენი ბავშვები არიან სხვადასხვა სიმპტომით, რომლებსაც ესაჭიროებათ ინტენსიური თერაპია, ინფუზური თერაპია, ოქსიგენოთერაპია და სხვა ტიპის დახმარებები. ამ დროისათვის, საბედნიეროდ, კრიტიკულად მძიმე პაციენტი არ გვყავს. აი ახლა, როდესაც თქვენ გელაპარაკებით, არცერთი თავისუფალი ადგილი არ მაქვს, თუმცა, გასაწერია 13 ბავშვი. ეს ბავშვები გაეწერებიან, მაგრამ დაახლოებით ერთ-ორ საათში, ადგილები მომენტალურად ივსება. დღის ბოლოსთვის, როგორც წესი, არცერთი ადგილი აღარ გვაქვს ხოლმე“.
მაია ჩხაიძის თქმით, ციციშვილის სახელობის კლინიკა პაციენტებისათვის კიდევ 20 საწოლს დაამატებს. ესაა მაქსიმუმი, რისი დამატებაც მათ შეუძლიათ: „მეტის საშუალება ფართისა და სანებართვო პირობების მიხედვით, არ გვაქვს“.
კოვიდ-ინფიცირებული ბავშვებისათვის განკუთვნილი ყველა საწოლი შევსებულია ბოჭორიშვილის კლინიკაში. მაკა სოლოღაშვილი, კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას არ აკონკრეტებს, რამდენი პედიატრიული საწოლი გამოიყო კლინიკაში კოვიდ-ინფიცირებული ბავშვებისთვის, თუმცა, ამბობს, რომ ყველა საწოლი დაკავებულია. ყველაზე პატარა პაციენტი 28 დღისაა. მაკა სოლოღაშვილის თქმით, ბავშვებში კორონავირუსს თან ერთვის სხვა ვირუსებიც:
„წამოვიდა ე.წ. მიქს-ინფექციები, ანუ, კოვიდს თან ერთვის ბაქტერიული ინფექციაც და უფრო მეტად, სხვა ვირუსული ინფექციებიც. გვაქვს დაუმორჩილებელი, უმართავი ტემპერატურა, არის პნევმონია, ასევე ფაღარათი. ვერ ვიტყვი, რომ მძიმე პაციენტები გვყავს, მაგრამ ყველას მდგომარეობა საყურადღებოა“.
თბილისის ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოში კოვიდ-პაციენტებისათვის სულ 50 საწოლია გამოყოფილი. 50 საწოლიდან 32 საწოლს ბავშვები იკავებენ, დანარჩენს, მათი ინფიცირებული მშობლები. ნინო გაბისონია, საავადმყოფოს შერეული ინფექციების განყოფილების გამგე, რადიო თავისუფებასთან საუბრისას ამბობს, რომ გასულ ტალღებთან შედარებით, ინფიცირების დღევანდელი ტალღა, ბავშვებში მძიმედ მიმდინარეობს და ყველა პაციენტის მდგომარეობა, რომლებიც კლინიკაში ხვდებიან, საყურადღებოა.
28 ივლისს 50 პედიატრიული საწოლი დაემატა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოსაც.
რამდენი პედიატრიული საწოლია გამოყოფილი კოვიდ-ინფიცირებული ბავშვებისათვის? რამდენი საწოლია თავისუფალი? რა რაოდენობის ინტენსიური საწოლებია მობილიზებული პედიატრიული პაციენტებისათვის და მათგან რამდენია დაკავებული? ამ კითხვებზე პასუხების მოძიება რადიო თავისუფლებამ 28 ივლისს ვერ მოახერხა. ერთადერთი, რასაც ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, არის ის, რომ ბავშვები, რომლებსაც კლინიკაში მკურნალობა სჭირდებათ, კლინიკის გარეშე არ დარჩებიან.
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი ივანე ჩხაიძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ ეტაპზე, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირებული ბავშვების ჰოსპიტალიზაციის პრობლემა არ დგას, თუმცა იმასაც ამბობს, რომ იყო შემთხვევა, როდესაც პაციენტის მშობლებს თბილისში უნდოდათ ბავშვის ჰოსპიტალიზაცია, რაც ვერ მოხერხდა და ავადმყოფი მარნეულის კლინიკაში გადაიყვანეს:
„მდგომარეობა ყოველდღიურად იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა მეტი იყო, ჰოსპიტალურ სექტორში ბავშვების ასეთი გადატვირთვა არ გვქონია. ახლა ყოველდღიურად ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა შედარებით მცირეა, მაგრამ ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა გაზრდილია, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ გაცილებით უფრო აგრესიულად მიმდინარეობს დელტა ვარიანტი ბავშვებში, რაც ძალიან საყურადღებო ფაქტორია. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს მაჩვენებელი. სხვა ევროპული ქვეყნებიც, სადაც ინდურმა შტამმა, ფაქტობრივად, ჩაანაცვლა სხვა შტამები, ანალოგიურ მდგომარეობაში იმყოფება და იტყობინებიან, რომ დელტა შტამი გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებსა და ახალგაზრდებში“.
როგორ დავიცვათ ბავშვები ინფიცირებისგან?
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში, ყოველ 10 ინფიცირებულზე ერთი ბავშვი მოდის. შესაბამისად, თუკი ქვეყანაში ყოველდღიურად გვყავს 3000 ინფიცირებული, მათგან 300 ბავშვია.
იქიდან გამომდინარე, რომ იმუნიზაციის პროცესი ბავშვებზე არ ვრცელდება, ერთ-ერთი გზა ბავშვების ინფიცირებისგან დაცვისა, მათი გარშემომყოფების, მშობლების, ოჯახის წევრების ვაქცინაციაა.
გარდა ამისა, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ უმჯობესი იქნება, თუკი წელს მშობლები ბავშვებთან ერთად სასტუმროებში დასვენებისგან თავს შეიკავებენ:
„როდესაც მშობელი მეკითხება, წავიყვანო თუ არა ბავშვი დასასვენებლად რომელიმე კურორტზე, სასტუმროში, მე მას ვპასუხობ, რომ ეს არ არის კარგი არჩევანი, რადგან სასტუმროში ყოფნა ნიშნავს მინიმუმ საუზმეს დახურულ სივრცეში, რა დროსაც, ცხადია, ნიღაბი არავის უკეთია, რაც ნიშნავს, რომ რისკის ქვეშ არიან, როგორც ზრდასრულები, ისე ბავშვები. ასევე ნებისმიერი თავშეყრა, რომელიც დახურულ სივრცეში განხორციელდება, იქნება ეს დაბადების დღე თუ სხვა რაიმე წვეულება, რისკის შემცველია“.
რაც შეეხება ღია სივრცეებს, სათამაშო მოედნებს, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ აქ ინფიცირების რისკი გაცილებით ნაკლებია, თუმცა, მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ სივრცეებშიც დაცული იყოს ელემენტარული უსაფრთხოების ნორმები. იქნება ეს ჰიგიენა თუ დისტანცია:
„არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, რომ ბავშვებმა სათამაშო მოედანზე თამაშისას ნიღაბი ატარონ. ეს ნამდვილად არ იქნება სწორი რეკომენდაცია. თუკი მშობელს სურს მაქსიმალური დაცვა, საკუთარი სურვილის შესაბამისად, შესაძლოა გაუკეთოს ბავშვს ნიღაბი, მაგრამ ეს ვერ იქნება სავალდებულო“.
28 ივლისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსის 3141 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ წლის განმავლობაში, 24 საათში 3000-ზე მეტი შემთხვევა პირველად გუშინ, 27 ივლისს აღირიცხა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მიმდინარე კვირა იქნება კრიტიკული იმისათვის, რომ გაირკვეს, თუ რა მიმართულებას მიიღებს ეპიდემიის გავრცელება.
28 ივლისის მდგომარეობით, ქვეყანაში კოვიდით ინფიცირებული პაციენტებისათვის მობილიზებულია სულ 6239 საწოლი. მათგან თავისუფალია 983. ამ დროისათვის, დაკავებულია ხელოვნური სუნთქვის 212 აპარატი და თავისუფალია 537. ინტენსიურ განყოფილებებში ჯამში 1018 პაციენტი მკურნალობს.
ქვეყანაში აქტიური შემთხვევების რიცხვი 26 000-ს სცდება.