14 წლის ანდრია მეექვსე დღეა თბილისის ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოში COVID19-ის დიაგნოზით წევს. დედას იმედი ჰქონდა, რომ ანდრიას 14 ივლისს გამოწერდნენ, თუმცა, სისხლის ანალიზში კვლავ ცვლილებებია და მან კლინიკაში უნდა გააგრძელოს მკურნალობა. ანა ჯავახიშვილი, ანდრიას დედა გვეუბნება, რომ საავადმყოფოში ყოველდღიურად 5-6 ახალი პაციენტი შეჰყავთ. ყველაზე პატარა პაციენტების ასაკი ერთი თვიდან იწყება. მისი თქმით, ამ ექვს დღეში კლინიკამ ინფიცირებული ბავშვებისთვის დამატებითი პალატები გახსნა.
ანამ არ იცის, კორონავირუსის რომელი შტამითაა მისი შვილი ინფიცირებული. სავარაუდოდ, არ ჩათვალეს საჭიროდ ამის გამორკვევა, გვეუბნება ის. ახლა ანა იმაზე წუხს, რომ ბოლო ორი დღეა, ანდრიას ფსიქოლოგიური მდგომარეობა გართულდა:
„ჩაიკეტა, ვატყობ, რომ აღარც ჩემთან უნდა ურთიერთობა. გუშინ მითხრა, რომ საერთოდ ვერ ვგრძნობ ძალასო. არადა, ფიზიკურად დიდი ბავშვია, ენერგიასაც არასდროს უჩივის. კლინიკაში ყოფნის პერიოდი რომ იწელება, სავარაუდოდ, ესეცაა მიზეზი“.
ანდრია საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მაღალი სიცხით გადაიყვანა:
„მისი მდგომარეობა შეიძლება ითქვას, რომ მძიმედ შეფასდა, რადგან სამი დღის განმავლობაში ჰქონდა მაღალი სიცხეები. სერიოზული ცვლილებები დაფიქსირდა სისხლში. კლინიკაში ძირითადად, საშუალო სიმძიმის ბავშვები მკურნალობენ. მათ ფონზე, ანდრიას მდგომარეობა კიდევ უფრო რთული იყო“.
როგორც ანა უყვება რადიო თავისუფლებას, პაციენტების სიმრავლის გამო, კლინიკაში დამატებითი პალატები გაიხსნა. თუკი თავიდან ანდრია პალატაში მარტო, დედასთან ერთად იწვა, ახლა უკვე მათთან სხვა პაციენტიც შეიყვანეს:
„მიუხედავად იმისა, რომ მე არ მაქვს კოვიდი და რეკომენდაცია იყო, რომ ანდრიას არ შევყოლოდი კლინიკაში, ჩემი თხოვნით, დამტოვეს ანდრიასთან. ბავშვი ალერგიულია და მას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, ამიტომ მარტოს ვერ დავტოვებდი. ექიმებიც და ექთნებიც მაქსიმალურად ყურადღებით არიან, მაგრამ მაინც ასე ჩავთვალე საჭიროდ. პირველი დღეები მე და ანდრია ცალკე, პატარა პალატაში ვიწექით. თუმცა, მალევე სხვა პაციენტი შემოიყვანეს. მე კუთხეში, გასაშლელ სკამზე ვათენებ ღამეს. მთლიანად გადავსებულია კოვიდ-განყოფილება. ყველა პალატა დატვირთულია. მაქსიმალურად იყენებენ სივრცეს. თან საგულისხმოა ისიც, რომ პატარებს თავზე ადგანან ინფიცირებული მშობლებიც. მე აღარც ვიცავ თავს. აზრიც აღარ აქვს უკვე, 24 საათს კოვიდ-პაციენტებთან ვატარებ“.
ანა კლინიკაში შექმნილ სიტუაციას აღწერს და ამბობს, რომ ბავშვებთან ერთად, საკმაოდ მძიმეა მშობლების ფსიქო-ემოციური მდგომარეობაც:
„კლინიკაში პირველი შემოსვლა ძალიან სტრესულია. გარშემო ხედავ უამრავ ინფიცირებულ ბავშვს, დასტრესილ მშობლებს. ხედავ, რომ პალატებში ჩვილი ბავშვები წვანან. მშობლების უმეტესობას ფსიქოლოგიური გამხნევება სჭირდება. ჩვენ, ვინც აქ ვხვდებით, გვერდში ვუდგავართ ახალმოსულებს, მაქსიმალურად ვეხმარებით. ზოგი თავადაც ინფიცირებულია და თავადაც ცუდად არიან. გუშინ ერთ-ერთ მშობელს პანიკური შეტევაც ჰქონდა. ერთი თვის ჩვილი ჰყავს. სხვა მშობლები დავეხმარეთ, გამოვართვით ბავშვი. ვურჩევდი მშობლებს, რომ ამ სიტუაციას შედარებით მხნედ გაუმკლავდნენ, რადგან მათი მდგომარეობა შემდეგ ბავშვებზეც აისახება. ჩემზეც, როგორც მშობელზე, ძალიან იმოქმედა იმის გააზრებამ, რომ შვილს დაუდასტურდა კოვიდი, სისხლში სერიოზული ცვლილებებია. მე არც ისეთი სუსტი ვარ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ თავიდან ძალიან შემეშინდა, მივხვდი, რომ ბავშვიც გრძნობდა ამ ყველაფერს და შემდეგ უკვე თავი ავიყვანე ხელში ისევ და ისევ ბავშვის გამო. პირველ რიგში, ახლა სწორედ მშობლის სტაბილური ფსიქიკაა მნიშვნელოვანი. ექიმებს უამრავი პაციენტი ჰყავს. ამიტომ მშობლის ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს“.
ანა ამბობს, რომ შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, აუცილებლად აცრიდა შვილს და შეეცდებოდა, ამ გზით დაეცვა ბავშვი ინფიცირებისაგან ან ვირუსის გართულებული ვარიანტისგან.
ნინო გაბისონია, თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს შერეული ინფექციების განყოფილების გამგე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ დროისათვის, კლინიკაში 32 ბავშვი მკურნალობს და კლინიკას უკვე ამოწურული აქვს დამატებითი პაციენტების მიღების რესურსი:
„ჩვენთან ძირითადად საშუალო სიმძიმის პაციენტები წვანან. ყველასთან მკაფიოდაა გამოხატული კლინიკური ნიშნები და მკურნალობას საჭიროებენ. ჩვენს კლინიკაში ბავშვების რაოდენობა წინა ტალღებზეც ბევრი იყო და მაშინაც თითქმის მთლიანად ვიყავით შევსებული, მაგრამ იმ პერიოდში, უსიმპტომო პაციენტებიც ხვდებოდნენ კლინიკაში. ახლა ნამდვილად შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ დღეს ბავშვებში კოვიდის შემთხვევები, რაოდენობრივად გაცილებით მეტია და დაავადების რთულად მიმდინარეობაც სახეზეა. ამჟამად, ჩვენს კლინიკაში ბავშვების საწოლები მთლიანად შევსებულია და დამატებითი საწოლების განთავსების საშუალებაც აღარ არის“.
65 კოვიდ-ინფიცირებული ბავშვი მკურნალობს ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში. როგორც კლინიკის დირექტორი, დავით რეხვიაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, კვლავ მძიმეა სამი ჩვილის მდგომარეობა, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, მათი მდგომარეობა მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა და არცერთი მათგანი არ საჭიროებს რეანიმაციულ მკურნალობას. ციციშვილის კლინიკამ მომატებული მიმართვიანობის ფონზე, პედიატრიული საწოლების რაოდენობა გაზარდა: „ამ ეტაპზე, კოვიდ-ინფიცირებული ბავშვებისათვის 155 საწოლია გამოყოფილი“, - გვეუბნება დავით რეხვიაშვილი.
ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირებული ბავშვების რაოდენობის ზრდაზე მეტყველებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებაც, რომელიც მან 13 ივლისს გააკეთა. თამარ გაბუნიას თქმით, 200 პედიატრიულ საწოლს, რომელიც თბილისში კოვიდ-პაციენტებისთვის იყო განკუთვნილი, ახალი საწოლები დაემატა:
„თბილისში მობილიზებული 200-მდე პედიატრიული საწოლი, რომელიც ეპიდემიის მეორე, მესამე ტალღის განმავლობაში იყო პრაქტიკულად დაუტვირთავი, უკვე გადატვირთულია და ჩვენ მოგვიხდა კიდევ დამატებითი საწოლების მობილიზება პედიატრიული პაციენტებისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ ინფექციის გავრცელების კუთხით რისკები იზრდება“.
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი ივანე ჩხაიძე რადიო თავისუფლება ეუბნება, რომ სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში, ყოველ 10 ინფიცირებულზე ერთი ბავშვი მოდის. შესაბამისად, მისი თქმით, თუკი ქვეყანაში ყოველდღიურად 1600-1800 ადამიანი ინფიცირდება, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში, ყოველდღიურად 160-180 ბავშვი ხდება კოვიდით ავად. ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, პანდემიის პერიოდში, ჯამში 40 ათასზე მეტი ბავშვი დაინფიცირდა:
„რეალურად, მეოთხე ტალღა ქვეყანაში 24 ივნისიდან დაიწყო. ყოველდღიურად მატულობს ინფიცირებულთა რიცხვი. მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ტალღა არ იქნება ისეთი მაღალი, როგორიც იყო მეორე ტალღის დროს იყო - დღეში 4000-5000 შემთხვევა. თუმცა, საქართველოსთვის 1800 ყოველდღიური შემთხვევაც კატასტროფაა. ახლა მაქსიმალურად უნდა დაჩქარდეს ვაქცინაციის პროცესი. ეს არის მთავრობის გასაკეთებელი. მთავრობის გადაწყვეტილება გარე სივრცეში ნიღბების მოხსნასთან დაკავშირებით მიღებულია და უახლოეს პერიოდში მისი შეცვლა არ იგეგმება. ასევე არ იგეგმება, შეზღუდვების ხელახალი დაწესება, მაგრამ მთავრობამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს ახლა ვაქცინაციის ტემპის მოსამატებლად. უფრო მეტი აქტიურობა უნდა იყოს რეგიონებში, უფრო მეტი საუბარი მოსახლეობასთან. თუ ვერ ვახერხებთ ამკრძალავი ღონისძიებების განხორციელებას, მაშინ ვაქცინაციის პროცესს მაქსიმალურად უნდა შეეწყოს ხელი“.
14 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში დღეში 7000-მდე აცრა კეთდება. თუმცა, ვაქცინაციის გეგმის თანახმად, იმისათვის, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% იყოს აცრილი, ყოველდღიურად 15-20 ათასი აცრა უნდა ჩატარდეს.
ამ დროისათვის, საქართველოში, 18 წელს ზევით, სამი ვაქცინითაა აცრა შესაძლებელი - „სინოფარმით“, „სინოვაკითა“ და „ასტრაზენეკათი“. 14 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში შემოვიდა 28 ათასი დოზა „ფაიზერი“. ამ ვაქცინით აცრის პროცესი 16 ივლისს უნდა დაიწყოს. მიუხედავად იმისა, რომ „ფაიზერზე“ დასარეგისტრირებლად ვაქცინაციის პორტალი booking.moh.go.ge 14 ივლისს, 15 საათისათვის გაიხსნა, ის შეფერხებით მუშაობს და მოსახლეობას ამერიკული წარმოების ვაქცინაზე დარეგისტრირება უჭირს. ჯანდაცვის მინისტრის მტკიცებით, მომავალ კვირაში, ქვეყანაში კვლავ შემოვა „ფაიზერის“ დამატებითი დოზები. ჯამში, საქართველომ „ფაიზერისგან“ წლის ბოლომდე მილიონი დოზა ვაქცინა უნდა მიიღოს.
14 ივლისის მდგომარეობით, სულ ქვეყანაში აცრილია 317 537 ადამიანი. მათგან სრულად, ანუ ორჯერადად, აცრილია 122 180.